მულტფილმი სათაურით „ლეონი და ნაალი“ (Леон и Наалеи) ხუთი სერიისგან შედგება და აფხაზური ეტიკეტის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
„იდეა დიდი ხანია მქონდა. მივმართე ენობრივი პოლიტიკის სახელმწიფო კომიტეტს და პროექტი დამიფინანსეს. გადაღება წელიწადნახევარი გაგრძელდა. მულტფილმს საფუძვლად აფხაზური ტრადიციები უდევს. სულ ხუთი, ორწუთნახევრიანი სერიაა. მულტფილმის მიზანია, ბავშვების აფხაზურ ტრადიციებზე დაყრდნობით აღზრდა. ყოველ სერიაში აფხაზური ეტიკეტის ერთი საკითხია განხილული, მაგალითად, პირველი სერია გვასწავლის მისალმებას“, – აცხადებს პროექტის ავტორი.
მისივე თქმით, თავდაპირველად 10 სერიის გადაღება იგეგმებოდა, თუმცა ფინანსების არქონის გამო 5-ზე შეჩერდნენ.
„თითო სერიის გადაღება, დაახლოებით, 230 ათასი რუსული რუბლი (8 800 ლარი) დაჯდა. რა თქმა უნდა, გვაქვს სურვილი პროექტი გავაგრძელოთ“, – აღნიშნა მან.
გარდა ამისა, ის კიდევ ერთი, მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის გადაღებას გეგმავს.
„ახლა ვეძებ სპონსორს ახალი მულტფილმისთვის სახელწოდებით Абрыскил и Адау. კომედიური ჟანრის მულტფილმი, რა თქმა უნდა, აფხაზური ტრადიციების შესაბამისად შეიქმნება და მისთვის სპეციალურად დაიწერა მუსიკა. გადაღება დაახლოებით მილიონ რუსულ რუბლამდე დაჯდება“, – დასძენს ავტორი.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.