Roma_04_street

რეგისტრაციის უქონლობის გამო საქართველოში ბოშების ზუსტი რიცხვის დადგენა ფრიად რთულია. (DFWatch.)

მელიასანოვების ცხრასულიანმა ოჯახმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო, რადგან ისინი თავიანთი საცხოვრებელი ადგილიდან საკმაოდ შორს არიან დარეგისტრირებულნი. თუმცა, მათ არ სჯერათ, რომ არჩევნები მათ სოციალურ და ფინანსურ მდგომარეობას, რომელიც ბოლო ათი წელია, უცვლელია, გააუმჯობესებს.

ოჯახი შედგება შუახნის ასაკის ცოლ-ქმრისგან და მათი შვიდი შვილისგან. ისინი ბოშათა ოჯახებს შორის იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენენ, რადგან ID ბარათები და დაბადების მოწმობები აქვთ. საქართველოში მცხოვრები ბოშების ზუსტი რაოდენობის დადგენა თითქმის შეუძლებელია, რადგან მათ უმრავლესობას პირადობის დამადასტურებელი მოწმობები არ გააჩნია.

სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის 2002 წლის აღწერის მიხედვით, თბილისში მხოლოდ 472 ბოშა ცხოვრობდა. 2008 წელს უმცირესობათა საკითხების ეროვნულმა ცენტრმა საქართველოში1500 ბოშა დაარეგისტრირა. უახლესი მონაცემები მათი რაოდენობის შესახებ აქვს ომბუდსმენის ოფისს, რომლის ცნობითაც 2010 წლისთვის საქართველოში 1000 ბოშაა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატის, ნინო ანდრიაშვილის აზრით, ბოშები ყველაზე დაჩაგრული უმცირესობაა საქართველოში, რადგან მათ ძირითადად, არ აქვთ პირადობის დამადასტურებელი ბარათები, შესაბამისად არ შეუძლიათ არჩევნებში მონაწილეობა, საზღვარგარეთ წასვლა ან სამსახურის პოვნა.

ბოშები ორ შტოდ იყოფიან: კრიმი და ვლახი. კრიმის შტოს შეადგენენ ყირიმიდან, სამხრეთ უკრაინიდან და სამხრეთ რუსეთიდან ჩასახლებული მუსლიმი ბოშები, ხოლო ვლახის შტოს წარმოადგენენ უკრაინიდან და რუსეთიდან ჩამოსახლებული ქრისტიანი ბოშები.

მელიასანოვების ოჯახი ქრისტიანია და კითხვაზე მათი წარმოშობის შესახებ, პასუხობენ, რომ არიან ქართველი ბოშები, საქართველოს მოქალაქეები.

„ჩვენ აქ დავიბადეთ, პატივს ვცემთ და გვიყვარს ქართველები, ვიცით ქართული ენა. თუ სადმე სხვაგან წავალთ საცხოვრებლად, ისეთი პირობები, როგორიც აქ გვაქვს, არ გვექნება,“ ამბობს ალიონა მელიასანოვი.

მისი თქმით, ნეგატიური სტერეოტიპები ბოშების შესახებ მასზე არ მოქმედებს: „ჩვენი დიასახლისი ქართველი ქალია. მან ჩვენ მოგვცა ავეჯი, როცა მშივრები ვართ, საჭმელი მოაქვს და ხშირად გვეხმარება.“

ორი პატარა ოთახი, რომელსაც მელიასანოვების ოჯახი დღეში 5-6 ლარად ქირაობს, თბილისის ბოშებით დასახლებულ გარეუბანში, გუდარეხში, კერძო სახლის მეორე სართულზეა. აქ მხოლოდ სამი საწოლი დგას და მშობლებს ხშირად უწევთ იატაკზე ძილი. დილაუთენია ისინი სავაჭროდ მიდიან.

ალიონა და მისი ქმარი, ვასილი, გარემოვაჭრეები არიან ლილოში, თბილისის ყველაზე დიდ ბაზრობაში. ძირითადად, ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობენ.

„სახელმწიფოსგან მცირე სოციალურ დახმარებას ვიღებთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ზოგჯერ პურის და საქონლის საყიდელი ფული არ გვაქვს,“ ამბობს ალიონა.

ალინა, მელიასანოვების უფროსი ქალიშვილი, 13 წლისა. სახლსა და თავის უმცროს და-ძმაზე მთელი დღის განმავლობაში ზრუნავს და მეგობრებთან გასატარებლად დრო არ რჩება.

„გოგოები ლამაზ ტანსაცმელს იცვამენ, მე – არა. მე სახლში ყოფნა მიყვარს“ – ამბობს ალინა.

ზოგჯერ ის იძულებულია სახლი დატოვოს და სამათხოვროდ წავიდეს.

„ხალხი მეკითხება, რატომ არ დავდივარ სკოლაში. მე ვეუბნები, იმიტომ, რომ ჩემს და-ძმას უნდა მოვუარო, დრო არ მაქვს. ჩემს ოჯახს ფული არ აქვს. სამი წელი დავდიოდი სკოლაში, მერე ჩემს ძმას მენინგიტი დაემართა და მივატოვე.“

ალინა ერთადერთი ბავშვია ოჯახში, ვინც სკოლაში დადიოდა. დედამისი ამბობს, რომ სკოლაში ბავშვებს წიგნები, რვეულები და სხვა ნივთები სჭირდებათ, ამის საშუალება კი ოჯახს, სადაც შვილებისთვის ტანსაცმელსაც კი ვერ ყიდულობენ, არ აქვს.

მართალია, დაწყებითი განათლება საქართველოში სავალდებულოა, მაგრამ, არავინ დაინტერესებულა იმით, რომ მელიასანოვების შვილები სკოლაში არ დადიან. როგორც ალიონა ამბობს, ბოლო 10 წლის მანძილზე არც სოციალური მუშაკები და არც მთავრობის წარმომადგენლები მათთან არ ყოფილან.

„ხშირად მშობლებს არ ესმით შვილების განათლების აუცილებლობა და ურჩევნიათ ბავშვებმა ქუჩაში იმათხოვრონ. ძირითადად, მიზეზი მძიმე სოციალური პირობებია,“ წერია სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშში.

„ზოგჯერ პოლიცია გვირეკავს და გვეუბნება, სად მივიდეთ, რომ შვილები წამოვიყვანოთ სახლში,“ თქვა ალიონამ.

მას და მის მეუღლეს პოლიციასთან რამდენიმე ინციდენტი ახსოვთ, როდესაც სამართალდამცველებმა საქონელი ჩამოართვეს, რადგან გარემოვაჭრეობა საქართველოში აკრძალულია.

„ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა და ფეხსაცმლის ჩვენება მთხოვა. მე ვაჩვენე ერთი წყვილი 5-ლარიანი ფეხსაცმელი და ამ დროს პოლიცია მოვიდა და ჩანთა, სადაც საქონელი მელაგა, გამომართვა. ვთხოვე, დაებრუნებინა, მაგრამ მას შემდეგ ის ჩანთა აღარ მინახავს,“ იხსენებს ვასილი.

მელიასანოვი თავს ვაჭრობით მას შემდეგ ირჩენს, რაც, ათი წლის წინ, ქობულეთიდან თბილისში გადმოსახლდნენ. სახელმწიფო პროგრამა ბოშებისთვის არ არსებობს და თავად ბოშებიც არაფერს ითხოვენ სახელმწიფოსგან. ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, ეს იმის გამო ხდება, რომ ინფორმაცია არ აქვთ და საკუთარი უფლებები არ იციან, ასევე არ იციან სად, რა და როგორ უნდა ითხოვონ. ამის გამო, ბოშების ჩართვა ქვეყნის სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან რთულია.

მელიასანოვების ოჯახს პოლიტიკა არ აინტერესებს. ისინი ყოველ დილას ადრე დგებიან და სავაჭროდ მიდიან.