დონეცკელი პრორუსი სეპარატისტების ცნობილი საველე მეთაურის, „მოტოროლას“ ოჯახურ დასვენებას ოკუპირებულ აფხაზეთში სკანდალი მოჰყვა. აფხაზები აღშფოთებას ვერ მალავენ მისი მეუღლის მიერ სოციალურ ქსელში ВКонтакте გაზიარებული პოსტის გამო, სადაც აფხაზეთში არსებული, ასე ვთქვათ, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა უწმაწური სიტყვით არის მოხსენიებული, მისი მაცხოვრებლები კი „წარმოუდგენლად ფუქსავატ“ ადამიანებად.
„რიწა ერთადერთი ადგილია, რის გამოც აფხაზეთის მონახულება ღირს. თუმცა, თუ მკითხავენ, სად არ მინდა კვლავ მოხვედრა, დაბეჯითებით ვიტყოდი, სწორედაც რომ აფხაზეთში… ამ შვებულების შემდეგ ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობები მაქვს. უფალმა ეს მიწა უაღრესად ლამაზი ბუნებით დააჯილდოვა, და ასეთივე წარმოუდგენლად ფუქსავატი ადამიანებით. ყველგან …. (გამოყენებული უწმაწური რუსული სიტყვა), ყველაფერი გავერანებულია, მიუხედავად იმისა, რომ ომის დასრულებიდან 23 წელია გასული… შეუძლებელია ამ ქვეყნის ყველა მაცხოვრებელს „ადამიანი“ უწოდო… თუმცა, ისევე როგორც ყველგან…“ – წერს რუსულ სოციალურ ქსელში ВКонтакте ელენა კოლენკინა-პავლოვა.
უწმაწური სიტყვა (პირდაპირი მნიშვნელობით – „ექსკრემენტი“), რომელიც ამ პოსტშია გამოყენებული, გადატანითი მნიშვნელობით აღნიშნავს (ჰიგიენური თვალსაზრისით) ბინძურ, მოუვლელ და მიგდებულ ადგილს.
ელენა კოლენკინას მეუღლე, არსენი პავლოვი, რომელიც ასევე ისვენებდა აფხაზეტში, არის დონბასელი პრორუსი სეპარატისტების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საბრძოლო შენაერთის, ბატალიონ „სპარტას“ მეთაური, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა ილოვაისკის, დებალცევესა და დონეცკის აეროპორტის ბრძოლებში.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.