ფარული პატრულირების შესახებ კანონი, რომლის ავტორიც შს სამინისტროა და რომლის შესახებაც რამდენიმე თვეა უწყებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად პარლამენტში მსჯელობა მიდის, შესაძლოა შეიცვალოს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ „ფარული პატრულირებისა“ და საგზაო წესების შესახებ სასაუბროდ მივიდა პარლამენტში ხუთშაბათს, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. თუმცა შეხვედრის შემდეგ მინისტრმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს უთხრა, რომ პარლამენტში პირად საკითხებზე იყო მისული. ამავე სიუჟეტში იურიდიულ კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი საგზაო უსაფრთხოების და უკონტაქტო (ფარული) პატრულირების წესის ცვლილებაზე საუბრობენ, თუმცა არ აკონკრეტებენ კონკრეტულად რა ცვლილებებია მოსალოდნელი.
როგორც DFWatch-ს ა/ო „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს საპარლამენტო მდივანმა ლიკა საჯაიამ განუცხადა, კანონპროექტის საბოლოო ვერსია არ უნახავს, თუმცა ფარული პატრულირების სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით მიმდინარე განხილვაზე შს სამინისტროს ერთადერთი კომპრომისი ის იყო, რომ ქუჩებზე, სადაც ფარული პატრულირება განხორციელდება, სპეციალურ ნიშნებს განათავსებდნენ.
„ჩვენი აზრით, ეს პრობლემას არ ცვლის. ჩვენ ვითხოვთ, რომ მოძრავ ავტომობილს, რომელიც ფარულ პატრულირებას ახდენს, ჰქონდეს ნიშანი, რომ პატრულის მანქანაა და კონტროლს ახორციელებს,“ – აღნიშნა საჯაიამ.
მისივე თქმით, კანონის პირვანდელი ვარიანტი გულისხმობდა, პოლიციის სარგებლობაში არსებული მანქანა, რომელსაც ამომცნობი ნიშანი არ აქვს და რომელზეც ვიდეო-კამერაა დამაგრებული, ქუჩებში მოძრაობს და ვიდეო-კონტროლს ახორციელებს. რის შესახებაც, მოქალაქეს ინფორმაცია არ აქვს.
რაც შეეხება საგზაო უსაფრთხოების წესებს, ა/ო “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” თავმჯდომარის ეკა ლალიაშვილის თქმით, საუბარია ჯარიმების 100-ქულიანი სისტემის შემოღებაზე, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვასა და გამოშვების წელის მიხედვით, ქვეყანაში ავტომანქანების შემოყვანაზე საფასურის გაზრდა.
„კანონპროექტით დაგეგმილია 2017 წლიდან მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვა. გარდა ამისა, სამინისტროს ინიციატივაა, 13 წლის წინ გამოშვებული ავტომობილის შემოყვანაზე განბაჟების საფასურის გაძვირება. კერძოდ, თუ ახლა ღირს 0.6 ლარი ერთ კუბურ მეტრზე, კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ 1 ლარი გახდება.
„ ჯარიმების 100 ქულიან სისტემას რაც შეეხება, კანონპროექტის პირვანდელ ვარიანტში საუბარი იყო, რომ იმ შემთხვევაში თუ წლის განმავლობაში პირს სხვადასხვა დარღვევის შედეგად ეს 100 ქულა ამოეწურება, მართვის მოწმობა უნდა ჩამოერთვას. გამოცდაზე გასვლას კი მხოლოდ 2 თვის შემდეგ შეძლებს. თუმცა, დაგეგმილი ცვლილებით, რომელიც ამ დროისთვის არის შეთანხმებული, შესაძლოა კანონი შერბილდეს და პირმა გამოცდაზე გასვლა ნებისმიერ დროს შეძლოს,“ – უთხრა DFWatch-ს ლალიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილების საკითხზე მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილების მუხლი, რომელიც ფარულ პატრულირებას გულისხმობს, კრიტიკის საგანი გახდა. კერძოდ, საუბარი იყო იმაზე, რომ პოლიციას შეეძლება ავტომობილზე, რომელსაც არ ექნება ამომცნობი ნიშნები, ფარული ვიდეოკამერა დაამონტაჟოს, ასე ფარულად დააფიქსიროს დარღვევები და მძღოლთან კონტაქტის გარეშე მოხდეს დამრღვევი პირის დაჯარიმება.
შსს კი ამ კრიტიკას პასუხობდა და ამბობდა, რომ უკონტაქტო პატრულირებისას ხდება მხოლოდ დამრღვევი ავტოსატრანსპორტო საშუალების და არა პირის, მძღოლის იდენტიფიცირება.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.