პოლიციის შესახებ კანონპროექტში საკამათო ხდება მუხლი, რომელიც ფარულ პატრულირებას გულისხმობს. კრიტიკის საგანია კონკრეტულად ის, რომ პოლიციას შეეძლება ავტომობილზე, რომელსაც არ ექნება ამომცნობი ნიშნები, ფარული ვიდეოკამერა დაამონტაჟოს, ასე ფარულად დააფიქსიროს დარღვევები და მძღოლთან კონტაქტის გარეშე მოხდეს დამრღვევი პირის დაჯარიმება.
შს სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტში ამ ცვლილებას აკრიტიკებენ არასამთავრობოები, ამ სახით ცვლილებისათვის მხარდაჭერას არ აპირებენ ოპოზიცია და თვით მმართველი კოალიციის წევრი რესპუბლიკური პარტია.
მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტში არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ „ქართულ ოცნებაშიც“, თუმცა დაუჭერენ თუ არა მხარს ამგვარი სახით ცვლილებას, ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი ფიქრობს, რომ ამ და სხვა მუხლებთან დაკავშირებით ცხარე კამათი იქნება, პარტია კი მომავალ კვირას აპირებს სხდომაზე შეკრებას და შემდეგ ჩამოყალიბდებიან.
აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილების განხილვას, დაჩქარებული წესით, მთავრობა ჯერ კიდევ საშემოდგომო სესიაზე ითხოვდა.
ამოიღებენ თუ არა სადაო მუხლს, ჯერ უცნობია. პარლამენტში ამ საკითხის განხილვა ახლა იწყება.
ა/ო „საერთშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ შემოთავაზებული ცვლილებებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ადამიანის უფლებები, ამას გარდა ირღვევა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესები და ნორმა შეიცავს შს სამინისტროს მიერ უფლების ბოროტად გამოყენების დიდ რისკს.
არასამთავრობო ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ამგვარი პატრულირების შემდეგ შესაძლოა შეგროვდეს ინფორმაცია, რომელიც ეხება ადამიანის პირად კონტაქტებს, მის გადაადგილებასა და სოციალურ ჩვევებს, რაც კონსტიტუციით გარანტირებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას არღვევს.
„ჩვენი კანონმდებლობა გულისხმობს იმას, რომ თუკი ატარებ სამძებრო მოქმედებს და სადმე ამონტაჟებ კამერას, ან ახორციელებ მიყურადებას და თავალთვალს, ამისთვის სააგენტოს სჭირდება სასამართლო თანხმობა, რომლის გარეშე არ შეიძლება უთვალთვალო ადამიანს ისე, რომ მან ეს არ იცოდეს. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ ირღვევა კონსტიტუცია, ასევე ჩვენი კანონმდებლობა და ძალიან ბევრი საერთაშორისო ნორმა“, – აცხადებს „საერთშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და მიიჩნევს, რომ პარლამენტმა ინიციატივა ამ ფორმით არ უნდა დაამტკიცოს.
საუბარია იმაზე, რომ ყველა მძღოლმა წინასწარ უნდა იცოდეს, ის მანქანა, რომელიც მას უახლოვდება, შესაძლებელია ახორციელებდეს ჩაწერას.
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც აღნიშნავს, რომ აღნიშნული ცვლილება ზოგადად გარკვეულ რისკს შეიცავს და საკითხის დეტალურად შესწავალას ითხოვს.
ცვლილებები პოლიციის შესახებ კანონპროექტში შს სამინისტროს მიერაა ინიცირებული. პროექტის მიხედვით, კანონის 27-ე მუხლს ემატება ის, რომ პოლიციას შეეძლება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ამოსაცნობი ნიშნების მქონე ან ამგვარი ნიშნების არმქონე ავტომანქანაზე დაამონტაჟოს ავტომატური ფოტო/ვიდეოტექნიკა. აგრეთვე არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს განთავსებისა დაგამოყენების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“
მოქმედი კანონის თანახმად კი დამონტაჟებული/განთავსებული ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის შესახებ ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.