აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება, რომელმაც თბილისს ორი კვირის წინ 20-წლით პატიმრობა მისჯილი ყოფილი სამხედრო გიორგი ლუკავა გადმოსცა, მოითხოვს, რომ სანაცვლოდ სოხუმს საქართველოს ტერიტორიაზე მიმალული დამნაშავეები გადაეცეს, მათ შორის 5 წლის წინ სოხუმში რუსი დიპლომატის, დიმიტრი ვიშერნევის მკვლელობაში ბრალდებული იუსუპ ლაკაევი, რომელიც სასჯელს ქართულ ციხეში იხდის.
აფხაზეთში ყოფილი ქართველი სამხედროს, 53 წლის გიორგი ლუკავას შეწყალებისა და თბილისისთვის გადმოცემის გამო სოხუმში უკმაყოფილება და პოლემიკა არ წყდება, ამიტომ დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, თუ რის სანაცვლოდ შეიწყალეს და გადასცეს თბილისს დრანდის ციხეში მყოფი ლუკავა.
ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ 2017 წლის 25 დეკემბერს აფხაზურმა მხარემ საქართველოს გადასცა გიორგი ლუკავა და აღნიშნული აქცია იყო პატიმართა გაცვლის პროცესის შემადგენელი ნაწილი, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ დაიწყო საქართველოს, სოხუმსა და ცხინვალს შორის მას შემდეგ, რაც ქართულ ციხეებში „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები“ აღმოჩნდნენ და რომლის ფარგლებში არაერთი პატიმრის გაცვლა მოხდა. მაგალითად, განცხადებაში წერია, რომ სოხუმის თხოვნით ერთი თვის წინ „სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ“ თბილისს ასევე გადასცა ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილიც, ოფიციალურმა თბილისმა კი სანაცვლოდ სოხუმს გადასცა როლანდ ჟიბა, რომელიც საქართველოს აფარებდა თავს და ბესლან კვიცინიას მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. საგულისხმოა, რომ ცხინვალის ციხიდან გიორგი გიუნაშვილის გადმოცემის შემდეგ თბილისში კატეგორიულად აცხადებდნენ, რომ გაცვლა არ ყოფილა.
ცნობისათვის, ბესლან კვიციანიას ცხედარი 2017 წლის 1-ელ იანვარს ოჩამჩირის რაიონში იპოვეს, გამოძიებამ მკვლელობაში ეჭვმიტანილად როლანდ ჟიბა დაასახელა, რასაც შემდეგ დიდი შურისძიებაც მოჰყვა. 4 იანვრის შეიარაღებულმა პირებმა როლანდ ჟიბას და მისი ნათესავების 3 სახლი გადაწვეს. 6 იანვარს კი სოხუმში, ბესლან კვიცინიას საფლავზე განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს რომან ჟიბა, ჯვიცინიას მკვლელობაში ეჭვმიტანილის როლანდ ჟიბას ბიძაშვილი. 2017 წელს ეს იყო ერთ-ერთი გახმაურებული სისხლიანი დაპირისპირების სერია აფხაზეთში. ამ მკვლელობების შემდეგ როლანდ ჟიბა საქართველოში დააკავეს.
როგორც აფხაზური მხარე აღნიშნავს, საქართველოს ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან კრიმინალები, რომელთა ექსტრადირებას მუდმივად ითხოვდა და ითხოვს სოხუმი. მათ შორისაა, 2013 წლის სექტემბერში სოხუმში რუსეთის დიპლომატის დიმიტრი ვიშერნევის და მისი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულიც და „აფხაზეთის ხელისუფლება“ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში დიპლომატის მკვლელის ექსტრადირების დაჟნებით მოთხოვნას კვლავ გააგრძელებს.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 9 სექტემბერს სოხუმში, საკუთარ სახლში რუსეთის საელჩოს პირველი მდივანი დიმიტრი ვიშერნევი და მისი ცოლი ოლგა მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილად ჩეჩენი იუსუპ ლაკაევი დასახელდა. 13 სექტემბერს ლაკაევი ქართველმა სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერაციის შედეგად ბათუმში დააკავეს. შსს–ის ინფორმაციით, ლაკაევი საქართველოში არალეგალურად იყო შემოსული და თურქეთში გადასვლას ცდილობდა, დაკავებისას მან პოლიციას ცეცხლი გაუხსნა. ორმხრივი სროლის შედეგად დაიჭრა ერთი პოლიციელი, ერთი მოქალაქე და თავად ლაკაევი. სოხუმის რეჟიმი გიორგი ლუკავას შეწყალების სანაცვლოდ ახლა ლაკაევის მათთვის გადაცემას ითხოვს.
გარდა ამისა, რაულ ხაჯიმბას ე.წ. ადმინისტრაციის განცხადებით, გიორგი ლუკავას გადაცემამდე ქართული მხარისთვის გადაცემულია ისეთი პატიმრებიც, რომლებმაც აფხაზეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა სიმძიმის დანაშაული ჩაიდინეს, მაგალითად, გოგოხია, უგრეხელიძე, კეკელია, გერხელია, მამასახლისი და სხვა და მათზე რაიმე აღშფოთება სოხუმში არ ყოფილა, ამიტომაც უკვირს ლუკავას შეწყალებაზე რატომ ატყდა ამხელა კრიტიკა და „აფხაზ მოქალაქეებს“ მოუწოდებს, „სიმშვიდე შეინარჩუნონ და პროვოკაციულ მოწოდებებს არ აჰყვნენ”.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.