12-13 დეკემბერს ჟენევის მოლაპარაკებების 42-ე რაუნდი გაიმართება და აფხაზური მხარე, დიდი ალბათობით, ამ მოლაპარაკებებზე დააყენებს საკითხს, რომ 26 ნოემბერს ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებული გიორგი გიუნაშვილის სანაცვლოდ ოფიციალურმა თბილისმა ქართულ ციხეში მყოფ აფხაზი მეომარი გაათავისუფლოს.
დე ფაქტო ცხინვალის მიერ ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილი 26 ნოემბერს 18-თვიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა.
იმავე დღეს განცხადება გავრცელა ადგილობრივმა საინფორმაცო სააგენტომ nykhaz.ru-მ და ასევე რუსულმა „სპუტნიკმა“ სადაც აღნიშნულია, რომ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. უშიშროების საბჭოს გადასცა აფხაზეთის „პრეზიდენტ“ რაულ ხაჯიმბას თხოვნა, მსჯავრდებული გიორგი გიუნაშვილი გადაეცეს აფხაზურ მხარეს, რომ შემდეგ ის გაიცვალოს ქართულ ციხეში მყოფ აფხაზ პატიმარზე. აფხაზი პატიმრის ვინაობას საოკუპაციო რეჟიმები არ ასახელებენ. გამოცემები წერენ, რომ ცხინვალის რეჟიმმა მხარი დაუჭირა აფხაზეთის თხოვნას.
გაცვლაზე მოლაპარაკებას არ ადასტურებენ თბილისში. როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, „არ ყოფილა გაცვლა, გათავისუფლდა“.
„ახლა გაცვლაზე არ არის საუბარი. ახლა არის საუბარი იმაზე, რომ ეს არის მთლიანად ამ პროცესის ნაწილი. ჩვენ გვქონდა საკმაოდ მჭიდრო და პრაგმატული თანამშრომლობა, მათ შორის აფხაზურ მხარესთან და ბუნებრივია, ძალისხმევა იყო გაწეული, რაც დადებითად უნდა შეფასდეს. თქვენ გახსოვთ, რომ შარშან მარტში მოხერხდა საქართველოს 14 მოქალაქის გათავისუფლება სოხუმის და ცხინვალის საპატიმროებიდან,“ – განაცხადა ციხელაშვილმა.
როგორც გიორგი გიუნაშვილი ამბობს, მისთვის უცნობია, რა გარემოებებში მოხდა მისი გათავისუფლება.
ამბობს, რომ ციხესთან დახვდნენ ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენელი მურად ჯიოევი და აფხაზეთიდან ზურაბ ლაკერბაია, რომლებმაც ის ქართულ მხარეს გადასცეს.
„დილით გამაღვიძეს და გამომიყვანეს. მითხრეს, რომ მათავისუფლებდნენ. მერე იქ ადმინისტრაციის შენობაში იყო აფხაზეთიდან წარმომადგენელი ლაკერბაია. მან მითხრა, რომ აფხაზური მხარის თხოვნით მოხდა. არ ვიცი, რატომ და როგორ. ინფორმაცია არაფერი მაქვს. ის გადმომყვა აქეთ, ჩვენ პოსტამდე, ერგნეთამდე გამოყვანის პერიოდში. ქართულ მხარეს გადმომცეს, მეტი არაფერი ვიცი სხვა,“ – ამბობს გიუნაშვილი.
გიუნაშვილს 26 ნოემბერს სოფელ ერგნეთში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ და სახლში მიაცილეს.
„გიუნაშვილის გათავისუფლების საკითხი მუდმივად განიხილებოდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ჯგუფის შეხვედრაზე სოფელ ერგნეთში“, – აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქართული მხარე არსად არ ახსენებს სოხუმის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან რაიმე შეთანხმებას თბილისის ციხეში მყოფი აფხაზი პატიმრის გაცვლის თაობაზე.
მურად ჯიოევი, რომელიც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენელია, აცხადებს, რომ ამ გაცვლის შემდეგ „აფხაზი პატიმრის მომავალი ბედი დამოკიდებულია აფხაზეთისა და საქართველოს წარმომადგენლების მოლაპარაკებებზე“.
მისი თქმით, გასულ წელს სოხუმმა მძიმე დანაშაულში ბრალდებული საქართველოს მოქალაქეები გაათავისუფლა თბილისის მიერ 4 ოსი მოქალაქის გაცვლის სანაცვლოდ. ახლა კი ცხინვალი იჩენს „კეთილ ნებას“ და უწვდის დახმარების ხელს სოხუმს.
საგულისხმოა, რომ 2016 წლის მარტში საქართველოს 14 მოქალაქე გათავისუფლდა სოხუმის ციხიდან. მაშინ სანაცვლოდ ასევე გათავისუფლდა 4 ოსი პატიმარი, რომლებსაც საქართველოში უვადო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი და ისინი ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას გადაეცა.
ჯერ ცნობილი არ არის, სად მოითხოვენ აფხაზები თბილისში პატიმრობაში მყოფი აფხაზი მეომრის გათავისუფლებას, თუმცა 12-13 დეკემბერს ჟენევაში მოლაპარაკების მორიგი რაუნდი უნდა შედგეს და დიდი ალბათობაა, თუკი შეთანხმება იყო, გაცვლის საკითხი ამ შეხვედრაზე აუცილებლად დაისვას.
39 წლის გიუნაშვილი ოკუპირებულ სოფელ დისევის მკვიდრია, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს და 2008 წლის აგვისტოში ოკუპანტებმა მთლიანად გადაწვეს. გიუნაშვილი ცხინვალელ მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, სოფელ ბერბუკის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა. შარშან, ივნისში მან ნასახლარის მონახულება გადაწყვიტა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ინფორმაციით, გიუნაშვილი ოკუპანტებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს. თავდაპირველი ბრალდება ე.წ „საზღვრის უკანონო გადაკვეთა“ იყო, თუმცა, მალევე, „ტერორიზმის მუხლით“ შეიცვალა და თებერვალში 20 წელი მიუსაჯეს.
ცხინვალი აცხადებს, რომ 2004 წლიდან გიუნაშვილი სოფელ დისევის „თავდაცვის ჯგუფის“ წევრი იყო, რომელსაც ქართული სპეცსამსახურები მართავდნენ.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.