სამხრეთ საქართველოში მცხოვრები მუსლიმები სრულიად საქართველოს მუფთის შესაცვლელად პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. მათი აზრით, ის არალეგიტიმურია და თანაც მუსლიმებს ყალბ დაპირებებს აძლევს.
რამდენიმე დღის წინ სოფელ მოხეში კონფლიქტი წარმოიშვა. შენობას, რომელშიც, მუსლიმების მტკიცებით, ადრე მეჩეთი იყო, კულტურის სახლად გადაკეთებას უპირებენ. მუსლიმებმა ეს ფაქტი გააპროტესტეს და შენობის მათთვის გადაცემა მოითხოვეს, თუმცა ადგილობრივი ქრისტიანები ამას ეწინააღმდეგებიან და სურთ, რომ შენობაში კულტურის ცენტრი განთავსდეს.
მუსლიმები იხსენებენ, რომ ადგილობრივი მთავრობა და სრულიად საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე ივნისის ადგილობრივი არჩევნების წინ მათ დაპირდნენ, რომ არჩევნების შემდეგ შენობა მუსლიმებს გადაეცემოდათ.
ერთ-ერთი პრობლემა კი ის არის, რომ თითქმის ყველა მეჩეთი საქართველოში რეგისტრირებულია როგორც კერძო შენობა ან სხვა დაწესებულება, მაგალითად კულტურის სახლი, რადგანაც კანონმდებლობაში მკაფიოდ არ არის გაწერილი, როგორ უნდა დარეგისტრირდეს ასეთი სალოცავები. გამომდინარე აქედან, არც ეს შენობაა რეგისტრირებული. ის დარეგისტრირებულია კულტურის სახლად და ახლა კი ადგილობრივ მთავრობას სურს, რომ ის ნამდვილ კულტურის სახლად აქციოს.
როგორც ადგილობრივი გაზეთი ‘სამხრეთის კარიბჭე’ წერს, მოხეს მუსლიმები ახლა ხელმოწერების შეგროვებას გეგმავენ.
„ჩვენ, სამცხე-ჯავახეთის მუსლიმი საზოგადოება უნდობლობას ვუცხადებთ ჯემალ პაქსაძეს. მან და მთავრობამ ჩვენ მოგვატყუა. არ მივცემთ საშუალებას, ასეთი რამ განმეორდეს,“ ამბობს ჭელას მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე.
პაქსაძე მოხეში აქციების დროს არ გამოჩენილა, რამაც ბევრ მუსლიმს იმედი გაუცრუა. თუმცა მან განმარტა, რომ სამცხე-ჯავახეთს თავისი მუფთი ჰყავს, იქ არის ადგილობრივი მთავრობაც, ამიტომ არ იყო საჭირო მისი იქ გამოჩენა.
ჯემალ პაქსაძე მთავრობის მიერ შექმნილი მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელია. DFWatch-თან ინტერვიუში ტარიელ ნაკაიძე, ‘ქართველ მუსლიმთა კავშირის’ თანადამფუძნებელი, ამბობს, რომ ეს ადამიანი მთავრობის სათქმელს ამბობს და არ გამოხატავს მუსლიმთა პოზიციას, ასევე არ აღიქმება როგორც ნამდვილი რელიგიური ლიდერი. მისი აზრით, მუსლიმთა სამმართველოს გარდა საქართველოში ბევრი სხვა ისლამური ორგანიზაციაა, თუმცა მთავრობას სურს, წარმოაჩინოს, რომ სამმართველო ყველა ქართველი მუსლიმის პოზიციას გამოხატავს.
Photo: მოხეს მუსლიმებს არ მოსწონთ ყოფილ მეჩეთთან დაკავშირებულ კონფლიქტში მუფტის პოზიცია. (“ინტერპრესნიუსის” ფოტო)
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.