დათვის ბელი, რომელსაც 17 ოქტომბრის ღამიდან თბილისში ეძებენ, ჯერ ნაპოვნი არ არის.
თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში აცხადებენ, რომ ცხელ ხაზზე იყალთოს ქუჩის მაცხოვრებელმა დარეკა, რომელიც ამტკიცებდა, რომ დათვის ბელი დაინახა და ამის შემდეგ დაიწყო ოპერატიული ჯგუფების მიერ ბელის ძებნა.
დათვის დაკარგვას არა ადასტურებენ არც თბილისის ზოოპარკში და არც ცირკში.
„მთელი ღამის გამავლობაში მიმდინარეობდა სამძებრო სამუშაოები, რამდენიმე ბრიგადა ეძებდა, მაგრამ დათვი ვერსად ვიპოვეთ. მტაცებელი ზოოპარკიდან გამოქცეული არ არის და არც მოძრავი ცირკი არის ჩამოსული. ჯერჯერობით არც ნაპოვნია და არც დანაკარგი არის აღმოჩენილი. სამძებრო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება,”- აცხადებენ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში.
თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე ამბობს, რომ ზოოპარკის ყველა ბინადარი დათვი ადგილზეა და ვოლიერებიდან ცხოველის გაქცევა შეუძლებელია, თუ განსაკუთრებული კატასტროფა არ მოხდება.
მისი თქმით, არსებობს ზოგადი პრობლემა, როდესაც მოსახლეობას სახლებსა თუ რესტორნებში უნებართვოდ ჰყავთ დატყვევებული დათვები და მას შემდეგ, რაც ბელები იზრდებიან, პატრონებს სურვილი უჩნდებათ, ცხოველები გაყიდონ, ზოოპარკს ჩააბარონ, ან სულაც უკონტროლოდ გაუშვან.
„ჰქონიათ მცდელობა, რომ ჩვენთვის მოეყიდათ ასეთი დათვები. ჩვენ არ ვყიდულობთ ცხოველებს, რომელთა წარმოშობაც გაურკვეველია. როგორც ჩანს, ვიღაცას ჰყავდა დათვი, შემდეგ ან გაექცა, ან უბრალოდ გაუშვა. ასე საკმაოდ ხშირად ხდება”, – აცხადებს გურიელიძე.
ის ამბობს, რომ საერთოდ დათვები თებერვალში იბადებიან და ყველაზე უფრო ახალგაზრდა, რაც ახლა შეიძლება იყოს, ესაა 7-8 თვის დათვი, რომელმაც შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ადამიანს.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.