Stadlerშვეიცარული კომპანია „შტადლერის“ (Stadler KISS) ორი ორსართულიანი მატარებელი, რომლებიც თბილისში 6 ივლისს შემოვიდა, მგზავრებს სავარაუდოდ ივლისის ბოლოდან მოემსახურება.

როგორც DFWatch-ს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ უთხრა, მატარებლები უკვე მოწყობილი და გამართულია. ახლა სატესტო გარბენი მიმდინარეობს, რის შემდეგაც უკვე ხაზზე გავა და  მგზავრებსაც გადაიყვანს.

მისი თქმით, თითოეულმა მატარებელმა გატესტვისას 5 000 კმ უნდა გაიაროს. ამ დროისთვის მანძილის, დაახლოებით, ნახევარია გავლილი.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს  ორსართულიანი მატარებელი  საქართველოს ლიანდაგებსა და გვირაბებში არსებული სტანდარტების შეუსაბამოა და „შტადლერის“  მატარებლები გვირაბში  ერთდროულად ვერ  გაივლიდენენ. ამის შესახებ განცხადება სამოქალაქო პლატფორმა “ახალი საქართველოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გივი კუბლაშვილმა გააკეთა.

თუმცა, ეს ინფორმაცია საქართველოს რკინიგზამაც და კომპანია „შტადლერმაც“ უარყო. მათი ცნობით,  შვეიცარიელი სპეციალისტები მატარებლების დამზადებამდე საქართველოში იმყოფებოდნენ, შეისწავლეს ინფრასტრუქტურა, მათ შორის გვირაბები, ბაქნები, ლიანდაგების სისტემა. შესაბამისად, ახალი მატარებლები მთლიანად ადგილობრივ სისტემაზეა მორგებული.

ამასთან, DFWatch-მა მოიპოვა ვიდეო, რომელშიც  ჩანს, თუ როგორ მოძრაობს ახალი მატარებელი გვირაბებსა და ლიანდაგებზე (იხ. ვიდეო.)  ორსართულიანი მატარებლების ფოტოების  ნახვა კი რკინიგზის ფეისბუქის გვერდზეა შესაძლებელი.


ცნობისთვის, მატარებლები თბილისიდან ურეკი-ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით იმოძრავებს და  როგორც DFWatch-ს დაჩი ცაგურიამ უთხრა, ბილეთების ფასი „იმის ანალოგიური იქნება, რაც  აქამდე ღირდა“.

მისივე თქმით, კომპანია „შტადლერისგან“ ოთხი მატარებელი შეიძინეს, რომელთა საფასურიც დაახლოებით, 40 მილიონი ევროა. თუმცა, ამ ოთხიდან ორი მატარებელი საქართველოში სავარუდოდ, 2017 წლის მარტში შემოვა.