Stadler

“შტადლერის” ერთ-ერთი ბოლო მოდიფიკაციის მარატებელი. ცურიხი, შვეიცარია.

შვეიცარული კომპანია „შტადლერის“ (Stadler KISS) ორსართულიანი მატარებლები, რომლითაც მგზავრებს, თბილის-ბათუმის მიმართულებით შეეძლებათ გადაადგილება, საქართველოში  ივლისიდან შემოვა.

თავიდან, ზაფხულისთვის ორი მატარებელი შემოვა, წლის მიწურულს, ან 2017-ის დასაწყისში კი კიდევ ორი.

მატარებლები თბილისიდან ურეკი-ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით იმოძრავებს და,  როგორც DFWatch-ს საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დაჩი ცაგურიამ უთხრა, ბილეთების ფასი „იმის ანალოგიური იქნება, რაც  აქამდე ღირდა“.

აღსანიშნავია, რომ შარშან თბილისი-ბათუმის მატარებელზე პირველი კლასის ბილეთი 40 ლარი ღირდა.

ცაგურია ამბობს, რომ მატარებლები მხოლოდ ურეკის, ქობულეთისა და ბათუმის სადგურებზე გაჩერდება, რაც მგზავრობის დროს 25-30 წუთით შეამოკლებს.

„ოთხივე მატარებლის საფასური დაახლოებით, 40 მილიონი ევროა. თუმცა ჯერ, ანუ მიმდინარე წლის ზაფხულზე მხოლოდ 2 მატარებელი შემოვა, დანარჩენი ორი კი წლის ბოლოს, ან 2017 წლის დასაწყისში. ზაფხულობით, მგზავრთა განსაკუთრებით დიდი ნაკადი იყო და  ამ მატარებლების შემოყვანით ეს პრობლემაც მოგვარდება. რადგან, იმ მატარებლებთან შედარებით, რაც ამ დრომდე მოძრაობდა, შვეიცარული „შტადლერის“ მატარებლები, დაახლოებით 100 ადამიანით უფრო ტევადია და თითო მატარებელი 400 მგზავრზეა გათვლილი,“ – აღნიშნა ცაგურიამ.

რაც შეეხება, კონკრეტულად მოდელს, თუ როგორი იქნება საქართველოში მოძრავი „შტადლერის“ ორსართულიანი მატარებელი, ცაგურიას თქმით, დეტალებზე, მაგალითად დიზაინზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. თუმცა, აღნიშნა, რომ ეს იქნება ანალოგი იმ მატარებლებისა, რაც მოძრაობს, შვეიცარიაში, გერმანიაში ავსტრიაში და ა.შ.

აღნიშნული მატარებლების კიდევ ერთ უპირატესობად ცაგურიამ ის გარემოება დაასახელა, რომ  ეს იქნება პირველი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე იქნება გათვლილი. კერძოდ, აქ იქნება ეტლით მოსარგებლეთათვის სპეციალური ლიფტები, პანდუსები, სველი წერტილები,  ასევე სველ წერტილებში ჩვილი ბავშვებისთვის იქნება სპეციალური მაგიდა-სათავსოები.