ცხინვალის რეჟიმი დანარჩენ საქართველოსთან უკვე გავლებული მავთულხლართებისა და ბანერების გადმოწევას კვლავ აპირებს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტში იქმნება სპეციალური კომისია, რომელმაც “საზღვრის” დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხი უნდა გამოიძიოს და დაადგინოს მავთულხლართების გავლების შემდეგ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რატომ აღმოჩნდა „სამხრეთ ოსეთის მიწები“, მათ შორის „წიაღისეულით მდიდარი“ და „ტერიტორიები უკან უნდა დაიბრუნონ“.

როგორც დე ფაქტო ვიცე-სპიკერი რუსლან თედეევი აცხადებს, საკითხის განხილვის საფუძვლად იქცა ზნაურის რაიონის მცხოვრებთა მიმართვა იმის შესახებ, რომ ოსების მიერ გავლებული მავთულხლართებით ზნაურის რაიონის სოფელ წნელისის ნაწილი „რესპუბლიკის საზღვარს“ მიღმა, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

„ამ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობამ არაერთხელ მოგვმართა, მაგრამ ეს საკითხი არ გადაწყვეტილა“, – აცხადებს თედეევი და აღნიშნავს, რომ იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ახლა საუბარი მიმდინარეობს, 1936 წლიდან ტალკის საბადოს ამუშავებდნენ და ასევე არის  მნიშვნელოვანი მარმარილოს საბადოები, რომელიც „საქართველოს დარჩა“.

თედეევის მტკიცებით, ამ ერთი კონკრეტული საჩივრის შესწავლისას გაირკვა, რომ კიდევ ბევრგანაა ადგილები, სადაც „რესპუბლიკის საზღვარი“ არასწორად იყო გავლებული, რის გამოც „საქართველოს სასარგებლოდ“ მიწები დაკარგულია და ეს სწრაფად უნდა გამოსწორდეს.

საოკუპაციო რეჟიმის „პარლამენტის ვიცე-სპიკერის“ განცხადებით, ახალი კომისია საზღვრებზე მსჯელობისას 1931-36 წლების რუკით იხელმძღვანელებს.

საკითხის განხილვის აუცილებლობაზე საუბრობს დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარეც. პეტრე გასიევის თქმით, ცხინვალისთვის თითოეულ კილომეტრს ოქროს ფასი აქვს და ტერიტორიის დაკარგვას სამხრეთ ოსეთი არ აპირებს.

„მით უმეტეს, რომ საუბარია სასარგებლო წიაღისეულზე, რომელიც ჯადოსნური გზით საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა,” – აცხადებს გასიევი.

ცხინვალის რეჟიმმა ე.წ. საზღვრის „დელიმიტაცია-დემარკაციის კომისია“ 2009 წლის აგვისტოში შექმნა და შემდეგ მავთულხლართების გავლება და ბანერების აღმართვა დაიწყო. როგორც მაშინ ცხინვალში აცხადებდნენ, ე.წ. საზღვარი 1984 რუკის საფუძველზე და  ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრებში ტერიტორიით განსაზღვრულიყო. თუმცა ახლა 1931-36 წლის რუკებით გეგმავენ გავლებული მავთულხლართების ისევ გადახედვას და ტერიტორების დამატებით მიტაცებას.

ცხინვალის რეჟიმის ინიციატივა გულისხმობს, რომ ქარელის რაიონში მდებარე დოლომიტის მომპოვებელი კარიერი და კოდა-აბანოს დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საზღვრებში მოექცეს.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაახლოებით 150-მეტრიანი მონაკვეთი მოექცევა და კოდა სხვა სოფლებს მოწყდება, რადგან ეს ერთადერთი გზაა. ადგილობრივები ამბობენ, რომ კარიერიც და გზაც ოდითგან კოდასი იყო და არა წნელისის, და დემარკაციის შემთხვევაში მათ გადაადგილების პრობლემა შეექმნებათ.

ე.წ. კომისიის შექმნის ინიციატივას ოფიციალური თბილისიც გამოეხმაურა. შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი შიშობს, ამ ფაქტს რაიმე პროვოკაცია არ მოჰყვეს.