შავი ზღვაში დაკარგულ ორ ჯარისკაცს უკვე მე-8 დღეა უშედეგოდ ეძებენ. თავდაცვის სამინისტრო კი საქმეში შესაძლო დანაშაულის ნიშნებზე საუბრობს. მინიტრ ლევან იზორიას თქმით, „საქმის გამოძიებაში გარკვეული გარემოებები იკვეთება, სადაც დანაშაულის ნიშნები ნათლად ჩანს“.
მანვე არ გამორიცხა, რომ შესაძლოა საუბარი იყოს არა ერთი კონკრეტული პირის, არამედ უფრო ფართო წრის ბრალეულობაზე. თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
დაკარგული ჯარისკაცების ოჯახის წევრები კი, რომლებიც სამძებრო სამუშაოების დასრულებას გონიოში, ზღვის სანაპიროზე ელიან, თავდაცვის სამინისტროს უსაფრთხოების ზომების დაუცველობაში ადანაშაულებენ. კერძოდ, ერთ-ერთ სამხედროს, იაგო შარაძის მამა ამბობს, რომ სავარაუდოდ, მისი შვილი ინსტრუქტაჟის დარღვევის გამო დაიღუპა.
ვლადიმერ შარაძის განცხადებით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ინსტრუქტორს ეკისრება, რომელიც საწვრთნელ ვარჯიშს მონიტორინგს უწევდა. მისი თქმით, ინსტრუქტორს არ უნდა ჩაეშვა კურსანტები ზღვის იმ სიღრმეში, სადაც საწვრთნელი ვარჯიში განხორციელდა.
„მიიყვანა, როგორც თევზის ლიფსიტები ჩაყარა, გამოვიდა და ნაპირიდან უყურებდა საათს და დროს და ელოდებოდა ბიჭები ქვემოდან ქვას ამოიტანდნენ თუ ქვის კენჭს, რომ ნამდვილად ჩავიდნენ სიღრმეში,“ – აღნიშნა შარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ – ის ეთერში.
ცნობისთვის, 16 აგვისტოს, საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე, 26 წლის კაპრალი იაგო შარაძე და 24 წლის პირველი კლასის რიგითი გიორგი ნანიტაშვილი, რომლებიც მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ, გონიოს ყოფილი სასროლეთის საზღვაო ზოლში, შავი ზღვის სანაპიროზე მიმდინარე გეგმურ სწავლებაში მონაწილეობდნენ. საწვრთნელი ვარჯიშის დროს ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ მათ ზედაპირზე ამოსვლა ვეღარ შეძლეს.
მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 116-ე მუხლის II ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე.
სამხედროების სამძებრო სამუშაოებში უკვე მესამე დღეა მონაწილეობს შესაბამისი პერსონალითა და აპარატურით აღჭურვილი თურქეთის საზღვაო ძალების ხომალდი. ძებნის ოპერაციაში ასევე ჩართულია ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენიც, რომელიც შესაბამისი სამაშველო შესაძლებლობებითაა აღჭურვილი, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფის და მონიტორინგის და გამოძიების მთავარი სამმართველოები და შსს-ს სასაზღვრო დეპარტამენტის შესაბამისი დანაყოფები.
სამაშველო ოპერაციაში ჩართვას სამოქალაქო მყვინთავებიც ითხოვენ. წყალქვეშა ცურვის ასოციაციის პრეზიდენტის დავით ნიკოლაიშვილის თქმით, ძებნის ოპერაციაში ნებართვას თავდაცვის მინისტრისგან ის ამ დრომდე ელოდება. მისი თქმით, ხელისუფლებამ იაგო შარაძისა და გიორგი ნანიტაშვილის მოსაძებნად მეთევზეებიც უნდა გამოიყენოს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით კი, სწორედ დღეს გახდება ცნობილი – ჩაერთვებიან თუ არა ზღვაში დაკარგული სპეცრაზმელების ძებნის ოპერაციაში სამოქალაქო მყვინთავები.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.