შავი ზღვაში დაკარგულ ორ ჯარისკაცს უკვე მე-4 დღეა უშედეგოდ ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში შაბათიდან შესაბამისი პერსონალითა და აპარატურით აღჭურვილი თურქეთის საზღვაო ძალების ერთი ხომალდიც ჩაერთვება.
ამასთან, სამძებრო სამუშაობეში პირველივე დღიდან ჩართულია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის, ევროპული სარდლობის კუთვნილი საფრენი აპარატები. ასევე, საქართველოს თავდაცვისა და შს სამინისტროების ყველა შესაბამისი ქვედანაყოფი. სამძებრო ღონისძიებებში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენიც მონაწილეობს, რომელიც შესაბამისი სამაშველო შესაძლებლობებითაა აღჭურვილი. ხუთშაბათიდან ძებნაში ჩაერთო თურქეთის სანაპირო დაცვის კატარღა 9-კაციანი ეკიპაჟით.
ცნობისთვის, 16 აგვისტოს, საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე, 26 წლის იაგო შარაძე და 24 წლის გიორგი ნანიტაშვილი, რომლებიც მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ, გონიოს ყოფილი სასროლეთის საზღვაო ზოლში, შავი ზღვის სანაპიროზე მიმდინარე გეგმურ საზღვაო სწავლებაში მონაწილეობდნენ. საწვრთნელი ვარჯიშის დროს ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ მათ ზედაპირზე ამოსვლა ვეღარ შეძლეს.
სამხედროების სამძებრო სამუშაოების დასრულებას გიონიში, ზღვის სანაპიროზე ელიან დაკარგული სამხედროების ოჯახის წევრები. იაგო შარაძის მამა თავდაცვის სამინისტროს უსაფრთხოების ზომების დაუცველობაში ადანაშაულებს. შარაძის თქმით, მისმა შვილმა ცურვა კარგად იცოდა და სავარაუდოდ, ინსტრუქტაჟის დარღვევის გამო დაიღუპა.
თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მომხდარის სავარაუდო მიზეზებზე საუბარი ახლა რთულია და საზოგადოებას ნაჩქარევი დასკვნებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.
„ვერ გეტყვით რა რისი ბრალი იყო, შეიძლება რამდენიმე ფაქტორის ერთობლივი ზემოქმედების ბრალი იყო, უნდა შევისწავლოთ ადამიანური, ტექნიკური, გარემო პირობები და ორგანიზაციული ფაქტორები, რის შემდეგაც შეგვეძლება იმის თქმა, თუ რის გამო მოხდა ასეთი ფაქტი,“ – აღნიშნა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ.
მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 116-ე მუხლის II ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.