თბილისის საქალაქო სასამართლომ ებრაელების ჰანუქას დღესასწაულის მისალოცი პოსტერის დაზიანებისთვის ორი ადამიანი დააჯარიმა.
მათ ოთხშაბათ საღამოს პოსტერები ჩამოხიეს და იმ ტრიბუნის დაზიანება სცადეს, რომელიც ჰანუქას აღსანიშნავად იყო დამონტაჟებული. სასამართლომ ბრალდებულები ხულიგნობისთვის 100-100 ლარით დააჯარიმა.
ტრიბუნა თავისუფლების მოედანზე იყო დამონტაჟებული, მის უკან კი იყო პოსტერი წარწერით – „ებრაული თემი გისურვებთ ბედნიერ ჰანუქას.“
რამდენიმე ადამიანმა სცადა ტრიბუნა დაეზიანებინა და დაეხია პოსტერი. ადგილზე სიტუაციის განსამუხტად პოლიცია მივიდა. პოლიცია თავისუფლების მოედანზე ღონისძიების დასრულებამდე იყო მობილიზებული.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტრიბუნასთან მივიდა. მან პირველი სანთელი აანთო და ებრაელ ხალხს დღესასწაული მიულოცა. სანთლის ანთების დროს იქვე შეკრებილი რადიკალური რელიგიური მართლმადიდებელი ჯგუფისგან შეძახილები გაისმოდა: არ აანთო!
ეს ადამიანები მიიჩნევენ, რომ ეს არის მართლმადიდებელთა შეურაცხყოფა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ებრაულ დღესასწაულს ესწრება და ულოცავს მათ.
27 ნოემბერს, ჰანუქას დღესასწაულის პირველ დღეს, გიორგი მარგველაშვილმა, თბილისის მერმა გიგი უგულავამ და მთავრობის სხვა წარმომადგენლება ებრაულ თემს დღესასწაული მიულოცეს.
პირელივე დღეს მოეწყო შეხვედრა რუსთაველის თეატრში, რომელსაც ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, დიპლომატები და სპეციალური დელეგაცია ისრაელიდან.
აქციის ზოგიერთმა მონაწილემ, რომელთაც ებრაული დღესასწაული გააპროტესტა, განაცხადა, რომ მათ ებრაელი ხალხის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, მხოლოდ მათ დღესასწაულებს აპროტესტებენ.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.