ლონდონში, სტადიონთან, სადაც CONIFA 2018-ის ფარგლებში ტიბეტისა და აფხაზეთის საფეხბურთო შეხვედრა იმართებოდა, იქ მცხოვრებმა ქართველებმა საპროტესტო აქცია გამართეს და გაშალეს ბანერები წარწერით „კონიფა საერთაშორისო წესრიგისა და მშვიდობის წინააღმდეგ“, რასაც სტადიონზე მისული აფხაზების უკმაყოფილება და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. აფხაზურ მედიაში კი დაიწერა, რომ „მორიგი ქართული ხიპიში ჩავარდა“.
СONIFA არაღიარებული რეგიონებისა და სახელმწიფოს გარეშე მყოფი ხალხების ე.წ. მსოფლიო საფეხბურთო კონფედერაციაა, რომელსაც ფიფა არ სცნობს. ის ოთხ წელიწადში ერთხელ „მსოფლიო ჩემპიონატს“ ატარებს. წელს ეს ტურნირი ტარდება ლონდონში, დედოფალ ელისაბედ მეორის სახელობის სტადიონზე, სადაც ქართველების მცირე ჯგუფმა ღონისძიება და მასში აფხაზების მონაწილეობა გააპროტესტა. Apsnylife წერს, რომ ქართველები ცდილობდნენ სტადიონზე აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრების მხარდასაჭერად მისულ აფხაზებთან კონფლიქტში შესულიყვნენ, „მაგრამ არ გამოუვიდათ“.
„ისინი ლონდონში რუსული პასპორტებით ჩამოვიდნენ, ამიტომ მათ რუსეთის გუნდი უნდა ერქვათ და არა აფხაზეთის,“- აქციაზე განაცხადა ქეთი კალანდაძემ, რომელიც ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო და დიდ ბრიტანეთში 20 წელია ცხოვრობს.
კალანდაძე ამბობს, რომ მას თავად აფხაზების წინააღმდეგი არაფერი აქვს, მაგრამ „რესპუბლიკის“ სახელით გამოსვლა ეს უკვე პოლიტიკაა.
კალანდაძე უარყოფს რუსულ მედიაში გავრცელებულ ცნობას, თითქოს თვითონ ან აქციის რომელიმე მონაწილე აფხაზებთან კონფრონტაციას ცდილობდა. მისი თქმით, პირიქით, აფხაზები იქცეოდნენ ძალიან აგრესიულად და იგინებოდნენ კიდეც.
„ჩვენ არ გვიცდია კონფლიქტში შესვლა. პირიქით, მშვიდად და წყნარად ვესაუბრებოდით მათ. როდესაც მე და ჩემ მეგობრებს რუსულად დაგვიწყეს ლაპარაკი, ერთ-ერთი გაბრაზდა და სთხოვა, ინგლისში ინგლისურად მელაპარაკეთო. საგულშემატკივროდ მისული აფხაზები დედასაც იგინებოდნენ და ზოგი უხეშად გვექცეოდა. ძალიან ძნელია შეინარჩუნო სრული სიმშვიდე, როცა ამას ხედავ,“ – ამბობს კალანდაძე.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის საფეხბურთო გუნდის ლონდონში საფეხბურთო ღონისძიებაში მონაწილეობის გამო უკმაყოფილება გამოითქვა თბილისში, რასაც საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო გამოეხმაურა.
საელჩოს განცხადებაში წერია, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტს, მაგრამ CONIFA 2018, არაღიარებული ქვეყნების მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, არ არის ოფიციალური ღონისძიება, ამიტომ ბრიტანეთის ხელისუფლება ვერ ჩაერევა ამ ღონისძიების დაგეგმვისა და მართვის საკითხებში.
არაღიარებული ტერიტორიული წარმონაქმნების ე.წ. მსოფლიო ჩემპიონატი СONIFA 31 მაისიდან 9 ივნისის ჩათვლით იმართება. მასში 16 გუნდი, მათ შორის აფხაზეთის საფეხბურთო გუნდიც მონაწილეობს. მათ დიდი ბრიტანეთის ვიზები რუსეთის მოქალაქის პასპორტების საშუალებით მიიღეს და პირველი მატჩი 31 მაისს, ლონდონში, ტიბეტის ნაკრების წინააღმდეგ გამართეს.
СONIFA (დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციის კონფედერაცია) 2013 წელს შვედეთში შეიქმნა. ის აერთიანებს 36 სხვადასხვა – არაღიარებული ქვეყნების, ავტონომიური რეგიონების ან სახელმწიფოს გარეშე ხალხების საფეხბურთო გუნდებს, რომლებსაც ფიფა არ სცნობს. მათ შორისაა აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც. 2016 წელს ჩემპიონატი ოკუპირებულ სოხუმსა და გაგრაში ჩატარდა, მაშინ ჩემპიონი აფხაზეთის ე.წ. ნაკრები გახდა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.