22

მეჩეთი ხულოში. (DF Watch.)

ბათუმის ცენტრში ორთაჯამეს მეჩეთი დგას, რომელიც 1960-იან წლებში აშენდა. მუსლიმები ყოველ პარასკევს იკრიბებიან ორთაჯამეში სალოცავად, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მეჩეთი მლოცველებს ვერ იტევს და ბევრი მათგანი იძულებულია, გარეთ ილოცოს.

აჭარელმა მუსლიმებმა არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ მმართველობას, რომ მიეღოთ ნებართვა ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის, რომელსაც თვითონ დააფინანსებდნენ, მაგრამ ნებართვა არ მიუღიათ.

ეს პრობლემა წლებია, დგას, მაგრამ ბოლო დროს მეჩეთის მშენებლობის საკითხმა და მასთან დაკავშირებულმა პროცესებმა სხვადასხვა მიზეზთა გამო კონფლიქტი გამოიწვია.

მუსლიმები მშენებლობის ნებართვას ადგილობრივი მმართველობისგან ელოდნენ. ისინი გეგმავენ, რომ მეჩეთი შემოწირულობით საკუთარი ჯიბიდან დააფინანსონ, მხოლოდ თანხმობა სჭირდებათ მთვარობისგან, რომ მათთვის გამოიყოს სივრცე მეჩეთის ასაშენებლად.

მეორე პრობლემა მას შემდეგ გაჩნდა, რაც წინა მთავრობამ თურქეთთან დაიწყო მოლაპარაკებები აზიზი(ე)ს მეჩეთის გასაახლებლად საქართველოში. სანაცვლოდ თურქეთს თავის ტერიტორიაზე ქართული ისტორიული ძეგლების რესტავრაცია ევალებოდა.

სულთანმა აზიზმა 1860-იან წლებში გადაწყვიტა, მეჩეთი აეშენებინა ბათუმში, რომელიც ახლოს იქნებოდა შავ ზღვასთან. ის 1868 წელს ააშენეს ბათუმის ცენტრში ნაპირთან ახლოს, მაგრამ მეჩეთი მეოცე საუკუნის დასაწყისში გაანადგურეს.

ბექა მინდიაშვილი, რომელიც უმცირესობათა საკითხებზე მუშაობს, ამბობს, რომ შეთანხმება, რომელიც თურქეთსა და საქართველოს შორის დაიდო, არავის უნახავს, შესაბამისად არავინ იცის ზუსტად, თუ რაზე შეთანხმდნენ მხარეები.

მისი თქმით, 2005 წელს თურქეთმა საქართველოს მიმართა, რომ რამდენიმე მეჩეთი აღედგინათ ბათუმში და ერთი მეჩეთი – ახალციხეში. საქართველომ კი მოითხოვა ქართული ძეგლების რეკონსტრუქცია ტაო-კლარჯეთში. თურქეთმა დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები, მაგრამ ბათუმის მეჩეთის საკითხი ჯერ კიდევ არ გადაწყვეტილა. მინდიაშვილი ამბობს, რომ მართმადიდებლური ეკლესიის მტკიცე პოზიცია, რომ ისინი არ დაუშვებენ მეჩეთის მშენებლობას ბათუმის ცენტრში, დიდ ბარიერს ქმნის.

Muslims after Friday Prayer in Batumi (DFWatch Photo)

მოხუცი მუსლიმები პარასკევის ლოცვის შემდეგ. ბათუმი. (DFWatch Photo.)

„მათ მოაწყვეს აქცია, ჩაატარეს ლიტურგია, რაც ახალი რამ არის მართმადიდებლური ეკლესიისთვის.“

გურამ ასლან აბაშიძე ხულოს მუფთია. ხულოში დაახლოებით 40 000 მოსახლეა, რომელთა 97 პროცენტი მუსლიმია. მუფთის თქმით, ამ რეგიონში სულ 44 მეჩეთია. 20 სოფელში კი ქრისტიანები საერთოდ არ ცხოვრობენ. ხულოში 6 სკოლა-პანსიონია.

მუფთი ამბობს, რომ ხულოში „ღრმად მორწმუნე“ ხალხი ცხოვობს.

საქართველოს მთავრობა მუსლიმთა თემს არ აფინანსებს. მართმადიდებელი ეკლესია კი სახელმწიფოსგან ყოველწლიურად დაახლ. 15 მილიონ დოლარს იღებს. საქართველოს მთავრობასა და ეკლესიას შორის დადებული შეთანხმების – კონკორდატის – თანახმად, მთავრობას არ აქვს ვალდებულება, დააფინანსოს ეკლესია, თუმცა საპატრიარქოს დაფინანსება ყოველწლიურად იმატებს.

სულიკო აბაშიძე, რომელიც ხულოს მკვიდრია, ამბობს, რომ მუსლიმები ფულს სწირავენ მეჩეთებს. მათ ასევე მოაქვთ პროდუქტები. ოჯახები ყოველწლიურად იხდიან დაახლოებით 15 ლარს. თანხის რაოდენობა ოჯახის სიდიდეზეა დამოკიდებული. მეჩეთებში შესაწირი ყუთები დგას, სადაც მომლოცველებს დამატებით თანხის შეწირვა შეუძლიათ.

„მათი ნებაა, გადაიხდიან თუ არა, მაგრამ ჩვენ ღრმად მორწმუნე მრევლი გვყავს და როგორც წესი, ისინი მეტს იხდიან-ხოლმე,“ ამბობს მუფთი.

მეჩეთები ხანდახან შემოწირულობებს ტურისტებისგანაც იღებენ, თუმცა ძალიან იშვიათად.

Guram Aslan Abashidze, Mufti of Khulo (DFWatch Photo)

გურამ ასლან აბაშიძე, ხულოს მუფთი. (DFWatch Photo.)

„მე ჩემი მანქანა „ნივა“ გავყიდე 4 500 ლარად და ახალი მეჩეთის მშენებლობას შევწირე,“ გვითხრა გურამ ასლან აბაშიძემ, „ბევრ ადამიანს უნდა ახალი მეჩეთი ბათუმში და ყველა შეწირავს ამისთვის ფულს.“

მუფთი იხსენებს, რომ მიწის პრობლემის გამო 1980-იან წლებში ბევრი აჭარელი გადაასახლეს საქართველოს სხვა რეგიონებში.

„თუმცა სხვა მიზეზიც იყო საზოგადოებისგან დაფარული: ეს ხალხი იცავდა ისლამს და ვინაიდან ეს ხდებოდა საქართველოსა და თურქეთის საზღვართან, მათი მიზანი იყო ამ ხალხის რწმენა შეერყიათ.“

შემდეგი გადასახლება 1989 წელს მოხდა, როცა უფრო მეტი აჭარელი გადაასახლეს ადიგენში, ასპინძაში, ახალქალაქში, კახეთსა და გურიაში. ბოლო 9-10 წლის განმავლობაში მასობრივი ჩასახლება წალკაში განხორციელდა.

სულიკო მახარაძე, მუსლიმი, რომელიც ხულოში ცხოვრობს და მხარს უჭერს  ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას, ამბობს, რომ ზოგიერთი მუსლიმი ქრისტიანად ინათლება, თუმცა რაიმე სახის წნეხი ამ მხრივ არ არის.

„ქრისტიანი არ მოვა და არ გეტყვის, რომ მათ მხარეს გადახვიდე, არც მუსლიმი იზამს ასე.“

მას მაგალითად მოჰყავს საკუთარი ქრისტიანი რძალი.

„არასდროს ვეტყვი, რომ ილოცოს, როგორც მუსლიმმა. ის ილოცებს, როგორც მას სურს.“

Suliko Makharadze, Muslim from Khulo (DFWatch Photo)

სულიკო მახარაძე, მუსლიმი ხულოდან. (DFWatch Photo.)

სულიკო განმარტავს, რომ ბევრი შერეული ოჯახი ცხოვრობს, სადაც მულიმები და ქრისტიანები თანახოვრობენ და ეს არ არის აკრძალული მათი რელიგიით.

სულიკო მახარაძეს ხუთი შვილი ჰყავს, ცხრა შვილიშვილი და ხუთი შვილთაშვილი. ის ცხოვრობს ხულოში და პარასკეობით დადის სალოცავად.

„აქ თითქმის ყველა მუსლიმია,“ ამბობს ის, „ხოჯა მინარეთიდან უხმობს მომლოცველებს. მეც ვემზადები და მივდივარ.“

ბათუმის მეჩეთის პრობლემა ახლა არ წამოჭრილა. წინა მთავრობის დროს მუსლიმებმა წერილი მისწერეს ჯემალ პაქსაძეს, საქართველოს მუფთის, სადაც წერდნენ, რომ მათ სჭირდებოდათ ადგილი ახალი მეჩეთის ასაშენებლად. ამ დროს მთავრობამ წამოიწყო მოლაპარაკებები თურქეთთან, რც აზიზიეს მეჩეთის აღდეგნას ითვალისწინებდა, რამაც საქართველოში საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი გამოიწვია.

ათასობით ადამიანი გამოვიდა აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ. მათი თქმით, ეს მეჩეთი, რომელიც ოსმალეთის სულთნის სახელს ატარებს, არის „საქართველოს მძიმე წარსულის სიმბოლო“. ქრისტიანებმა მისი მშენებლობის საწინააღმდეგოდ რამდენიმე აქცია მოაწყვეს.

როცა მთავრობა შეიცვალა, პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, თქვა, რომ მას სურდა მონაწილეობა მიეღო ახალი მეჩეთის მშენებლობაში, თუმცა ოფიციალური პასუხი მუსლიმებს მთავრობისგან ჯერ კიდევ არ მიუღიათ.

გურამ ასლან აბაშიძეს მიაჩნია, რომ შეუძლებელია ორთაჯამეს მეჩეთის გაფართოება, რადგანაც ის ორ ქუჩას შორის მდებარეობს. იქ კი მაღაზიებია, სასადილო, ოფისები და ჩაის სახლი, კიდევ საეკლესიო მაღაზიები, სადაც იყიდება ყურანი, სალოცავად საჭირო ნივთები.

Mosque in Batumi (DFWatch Photo)

ორთაჯამეს მეჩეთი ბათუმში. (DFWatch Photo.)

„კიდევ ერთი პრობლემაა. როცა მუსლიმები მაღალმთიანი სოფლებიდან მოდიან, რომლებიც 100-120 კილომეტით არის დაშორებული ბათუმიდან, მათ მოაქვთ აქ პროდუქტი გასაყიდად. ძალიან ბევრი მუსლიმი მოდის პარასკევს ბათუმში სალოცავად. ამ დროს ეს ხალხი უნდა მივიდეს ბაზარში, რომ დატოვონ პროდუქტი. უკვე გახდება 12:00–12: 30. შემდეგ უნდა ჩადგნენ ტუალეტის რიგში 10-15 წუთს და კიდევ იცადონ დასაბანი რიტუალისთვის (ეს პროცედურები ისლამში ლოცვის წინ აუცილებლობას წარმოადგენს – DFWacth.). ამ დროს კი ლოცვა იწყება და დიდი ალბათობით მათ ქუჩაში მოუწევთ დგომა, რადგანაც  მათთვის ადგილი აღარ რჩება.“

ნოდარ კახაძე, იმამის თანაშემწე ბათუმის მეჩეთში, იხსენებს, რომ ამ მეჩეთს არასდროს შეუწყვეტია მუშაობა საბჭოთა კავშირის დროსაც კი, როცა ეკლესიები დახურული იყო.

„მე აქ დავდივარ 1980-იანი წლებიდან. მახსოვს ხალხს ავიწროვებდნენ მეჩეთებში, მაგრამ ის მაინც სავსე იყო ხალხით.“

კახაძე ამბობს, რომ ყურანს კომუნიზმის დროსსწავლობდა, როდესაც ეს აკრძალული იყო. როცა მშობლები მეჩეთში მიდიოდნენ სალოცავად, ის რჩებოდა სახლში და ყურანს სწავლობდა.

იხსენებს, რომ აზიზიეს მეჩეთის აღდგენაზე ლაპარაკი  სააკაშვილის მთავრობის დროს დაიწყო. მისი თქმით, მეჩეთი 1860-იან წლებში აშენდა და 1940-იან წლებში განადგურდა, სავარაუდოდ ხანძრის დროს. სულ რამდენიმე ფოტო არსებობს, თუმცა მას მხოლოდ მეჩეთის ნახატი აქვს ნანახი.

„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არ გვინდა აზიზიეს აღდგენა. ეს არ არის საჭირო. მრევლი ვერ ეტევა ერთ მეჩეთში და ქალაქს სჭირდება ახალი მეჩეთი. არ არის აუცილებელი, ის აშენდეს იმ ადგილას, სადაც აზიზიე იდგა,“ ამბობს კახაძე.

Nodar Kakhadze, Assistant of Imam at Batumi Mosque (DFWatch Photo).

ნოდარ კახაძე, ბათუმის მეჩეთის იმამის თანაშემწე. (DFWatch Photo.)

იხსენებს საპროტესტო აქციებს, რომელიც აგვისტოში გაიმართა, როცა მუსლიმები ბათუმში შეიკრიბნენ. მივიდნენ ქუჩაზე, სადაც სურდათ, ახალი მეჩეთი აეშენებინათ. მუსლიმები არ მისულან სანაპიროსკენ, სადაც აზიზიე იდგა, რათა ეჩვენებინათ, რომ მათ არ სურდათ ძველი მეჩეთის აღდგენა. ისინი წავიდნენ ბაგრატიონის ქუჩაზე ბათუმში, რომელიც შორს არის ძველი მეჩეთის ადგილისაგან.

აგვისტოს ბოლოს მუსლიმებმა სიმბოლურად შემოღობეს ის ადგილი, სადაც ახალი მეჩეთის მშენებლობა სურდათ და ილოცეს. თქვეს, რომ ახალი მეჩეთი ქართული ორნამენტებით აშენდებოდა.

„ჩვენ არ გვინდა ახალი მეჩეთი სხვა ქვეყნის ფულით აშენდეს. ჩვენი, ქართველი მუსლიმების, ფულით დავაფინანსებთ,“ ამბობს კახაძე.

მუსლიმებმა უკვე დაიწყეს თანხის შეგროვება მშენებლობისთვის. დაახლოებით ათი ათასი ლარი შეგროვდა უკვე. მათ სურთ დაახლოებით 5 000 კვადრატული მეტრის გამოყოფა. როდესაც მიიღებენ ოფიციალურ ნებართვას, უკვე დაიწყებენ პროექტზე მუშაობას. 11 სექტემბერს მათ მიმართეს ბათუმის მერიას თხოვნით, რომ ადგილი გამოიყოს მშენებლობისთვის, მაგრამ ჯერ პასუხი არ მიუღიათ.

არჩილ ხაბაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ამბობს, რომ  მის აპარატში ბევრი მუსლიმი მუშაობს და აჭარაში მუსლიმები და ქრისტიანები წლებია, ერთად ცხოვრობენ ტოლერანტულად და მშვიდად.

„ათწლეულების მანძილზე გვიცხოვრია ერთად და არაფერი მომხდარა ჩვენს შორის, რაც სამაგალითოა მსოფლიოში.“

მისი თქმით ბოლოდროინდელი რელიგიური კონფლიქტები მიზნად სიტუაციის დესტაბილიზაციას ისახავს.

ხაბაძე ამბობს, რომ აზიზიე ვერ აშენდება აჭარაში, სადაც ის იდგა, რადგანაც იქ ახლა სულ სხვა ინფრასტრუქტურაა, თუმცა აჭარის მთავრობამ გაითვალისწინა შენიშვნები ახალი მეჩეთის მშენებლობაზე. მთავრობამ მუსლიმებს ორთაჯამეს მეჩეთის გაფართოება შესთავაზა.

Muslims of Khulo (DFWatch photo)

ხულოელი მუსლიმები. (DFWatch Photo.)

„ჩვენ დავგეგმეთ, რომ გამოვათავისუფლოთ შენობები ამ მეჩეთის ირგვლივ, სადაც ხალხი ცხოვრობს. ეს ხალხი დაგვთანხმდა.“

მისი თქმით, ახალი მეჩეთის მშენებლობა უფრო იაფი დაჯდებოდა, ვიდრე ძველის გაფართოება.

„იყო მზაობა, რომ გაფართოებულიყო მეჩეთი. მუსლიმთა 90 პროცენტი დაგვთანხმდა. ჩვენ დავგეგმეთ გაგვეთავისუფლებინა მთელი კვარტალი, თუმცა თუკი ერთი მოსახლე 48-დან მაინც იტყოდა უარს, ჩვენ იძულებული გავხდებოდით, შეგვეცვალა გეგმები და უარი გვეთქვა გაფართოებაზე – გვეფიქრა ახალი მეჩეთის მშენებობაზე ახალ ადგილას.“

ხაბაძე იხსენებს, რომ მუსლიმთა 20 პროცენტი არ დათანხმდა მეჩეთის გაფართოებას, მაგრამ კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როცა ხალხმა იეჭვა, თითქოს ახალი მეჩეთის მშენებლობა თურქეთიდან იყო ნაკარნახევი, რასაც მოჰყვა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში. მან მაშინ თქვა, რომ კრგი იქნებოდა, ახალი მეჩეთი რომ აშენებულიყო.

Guguli is selling candles at one of churches in Batumi (DFWatch photo)

ქ-ნი გუგული ბათუმის ეკლესიაში სანთლებს ყიდის. (DFWatch photo.)

მარტის ბოლოს, საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ. შეკრების შემდეგ თურქეთის მინისტრმა, აჰმედ დავითოღლუმ, თქვა, რომ კარგი იქნება, თუ ახალი მეჩეთი აშენდება აჭარელი მუსლიმებისთვის. მან დადო პირობა, რომ სანაცვლოდ თურქეთი ქართულ ძეგლებს მოუვლიდა თურქეთის ტერიტორიაზე.

ქალბატონი გუგული, რომელიც ბათუმის ცენტრში არსებულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში სანთლებს ყიდის, ფიქრობს, რომ ერთი მეჩეთი ბათუმისთვის საკმარისია, თუმცა ახალი მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგი არ არის.

„მე ვინ მკითხავს. მე არც ერთ მხარეს არ ვარ. ნეიტრალურად ვარ. ყველას უნდა ჰქონდეს თავისი სალოცავი. ყველა თავის ღმერთს უნდა ემსახუროს,“ ამბობს ქ-ნი გუგული, რომელიც ამ ეკლესიაში 1997 წლიდან, მისი აშენებიდან მუშაობს.

Location where Aziz Mosque was located in Batumi (DFWatch Photo)

ქ-ნი გუგული ბათუმის ეკლესიაში სანთლებს ყიდის. (DFWatch photo.)

ტარიელ ნაკაიძე, ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ ბათუმის მეჩეთში არასაკმარისი ადგილია. ის დაახლოებით 5 000 ადამიანს იტევს, მაგრამ ხალხს  პარასკეობით მაინც გარეთ უხდება ლოცვა. მასაც  რამდენჯერმე გარეთ მოუხდა ლოცვა. ამიტომაც ფიქრობს, რომ საჭიროა ახალი მეჩეთი.

ჯერჯერობით მშენებლობის ნებართვაზე ოფიციალური პასუხი არ არის. ნაკაიძე ფიქრობს, რომ თუკი მთვარობისგან უარს მიიღებენ, ამას უნდა ჰქონდეს კარგი დასაბუთება, რადგან „ეს არ არის მხოლოდ რელიგიის საკითხი, ეს დემოკრატიასაც ეხება.“

ორი კვირის წინ პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შეხვდა მუსლიმებს, სადაც ბოლოდროინდელი რელიგიური კონფლიქები განიხილეს, ასევე ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი.

შეხვედრის შემდეგ არჩილ ხაბაძემ თქვა, რომ პრემიერ მინისტრმა დადო პირობა, რომ თუ   მეჩეთის მშენებლობისთვის თანხა იქნება საჭირო, თვითონ დააფინანსებს მას.

მუსლიმები მერიისგან ელიან პასუხს მშენებლობის ნებართვაზე.