2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, კონფლიქტის ზონაში გაცხოველებული აგიტაცია არცერთ პარტიას არ უწარმოებია, ამის შესახებ DFWatch-ს გალელებმა უთხრეს.
“წინა არჩევნებზე, დროებითი საცხოვრებელი კორპუსების თავმჯდომარეების მეშვეობით გვაწვდიდნენ ინფორმაციას, ადგილზეც დადიოდა რამდენიმე ადამიანი და მოგვიწოდებდა ამა თუ იმ კანდიდატისთვის მიგვეცა ხმა. წინა არჩევნებზე მაგალითად, მთავრობის აგიტატორები საცხოვრებელი ფართით დროულად დაკმაყოფილებას დაგვპირდნენ, თუ მთავრობის კანდიდატს მივცემდით ხმას. “საზღვარზე” მიკროავტობუსები გველოდებოდა, წაგვიყვანეს და მოგვიყვანეს უკანვე. წელს მსგავსი არაფერი მომხდარა. არანარი აგიტაცია, მიკროავტუბუსის მომსახურება და დაპირებები არ ყოფილა”, – განუცხადა DFWatch-ს სოფელ თაგილონის მკვიდრმა.
ერთ-ერთი ამომრჩეველი, ა.კ., რომელიც ხმის მისაცემად ზუგდიდში გადავიდა, გვიყვება, რომ არანაირი დაბრკოლება არ შექმნია.
“ჩემი სურვილი იყო, ხმა არ დაკარგულიყო, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ მცირეწლოვანი პატარა მყავს, წავედი ზუგდიდში და ჩემი ხმა დავაფიქსირე. თუ ადრე “საზღვარზე” გადაადგილება იზღუდებოდა, წელს ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც ყოველდღიურ რეჟიმში. ჩვეულებრივი სამგზავრო მიკროავტობუსით ვიმგზავრე, არანარი დამატებითი ტრანსპორტი არ ყოფილა,” – აღნიშნავს ა.კ.
კიდევ ერთი ამომრჩეველი, რომელიც ასევე გალიდანაა, DFWatch-თან საუბარში აცხადებს, რომ რამდენიმე აგიტატორი სამგზავრო მიკროავტობუსში დაემგზავრა.
“საგანგებო რეჟიმში აგიტაცია არ ყოფილა და ეს კარგად იგრძნობოდა. არ ვიცი, ჩვენ არ მოგვაქციეს ამ მხრივ ყურადღება თუ ზოგადად ამ არჩევნების წინასაარჩევნო ფონი იყო ასეთი ინერტული… ერთი-ორი აგიტატორი ენგური-ზუგდიდის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსში შემხვდა, რომლებიც ხალხს მოუწოდებდნენ მხარი სალომე ზურაბიშვილისთვის დაეჭირათ. სხვა მხრივ ყველაფერმა მშვიდად, ჩვეულებრივად ჩაირა”, – აღნიშნა დ.ბ.-მ.
ადგილობრივები იმასაც აღნიშნავენ, რომ გალის ტერიტორიაზე სახელისუფლებო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, დიდი მხარდაჭერა არ ჰქონია.
“ზოგადად გალი ყოველთვის წინა მთავრობის მხარდაჭერით გამოირჩეოდა, თუმცა ამჟამად გავლენა იმანაც იქონია, რომ კონკრეტულად ეს კანდიდატი პრორუსული განცხადებებით გამოირჩევა, რაც ჩვენთვის, მიუღებელია,” – გვითხრა რაიონის კიდევ ერთმა მკვიდრმა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.