ცხინვალი ე.წ. საზღვარზე გადასვლის წესებს ამკაცრებს. ეს გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა 26 დეკემბერს მიიღო.

როგორც ცხინვალის ე.წ. უშიშროების სამსახურში განაცხადეს, „საქართველოსთან საზღვრის გამარტივებული წესით კვეთისთვის საჭირო იყო მხოლოდ სამხრეთ ოსეთის პასპორტი, ან საშვი“. ამიერიდან კი ეს წესი გამკაცრდება და დანარჩენ საქართველოში გადასასვლელად ყველა მსურველს წინასწარ გაცემული სპეციალური ნებართვა უნდა ჰქონდეს.

ინიციატივის ავტორი ე.წ. უშიშროების სამსახურია. ამ სამსახურის უფროსის, ვლადიმირ ხუბაევის თქმით, სიახლის შემოღების შემდეგ „საზღვარს“ უკეთ გააკონტროლებენ და ასევე საშუალება მიეცემათ, იქონიონ ინფორმაცია იმ მოქალაქეებზე, რომლებიც გამარტივებული წესით კვეთენ ე.წ. საზღვარს.
„ეს სიახლე მოგვცემს საშუალებას, კომპეტენტურმა ორგანოებმა მიიღონ ინფორმაცია იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვარს გამარტივებული წესით კვეთენ“, – ნათქვამია ხუბაევის განცხადებაში.

ეს სიახლე გადაადგილების პროცესს გაურთულებს ახალგორის ქართულ მოსახლეობასაც, რომელიც “სამხრეთ ოსეთის მოქალაქის” პასპორტით თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ახერხებს. ამ შემთხვევაში კი მათ სპეციალური საშვების მიღება მოუწევთ და თან, მათი ყოველი გადმოსვლა მკაცრად იქნება აღრიცხული.