Shalva

შალვა რამიშვილი ხელისუფლების ზეწოლას გამორიცხავს

პოლიტიკური გადაცემა „პოლიტიკის“ წამყვანი და რამდენიმე გასართობი გადაცემის ავტორი და პროდუსერი შალვა რამიშვილი ტელეკომპანია „იმედიდან“ გაუშვეს.

DFWatch-თან საუბრისას რამიშვილი გამორიცხავს, რომ მისი გათავისუფლება  ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას უკავშირდება. ამასთანავე, ის უარყოფს ასევე არხის დირექტორისა და მფლობელების მხრიდან  რაიმე სახის ზეწოლას ან გაფრთხილებას.

“დღეს იმ კომპანიამ, რომელიც “იმედის” დაკვეთით ამზადებს “ილო ბეროშილის შოუს”, “ერთხელ საქართველოში”,  სერიალს “2 გოგოს” (რომელიც ჯერ ეთერში არ გასულა) და ასევე უზრუნველყოფს ჩემს მონაწილეობას გადაცემა “პოლიტიკაში” , “იმედისაგან” მიიღო წერილი, რომ ყველა ხელშეკრულება შეჩერებულია. მიზეზი ახსნილი არ არის. შესაბამისად, ამ პარასკევს მე ვერ წავიყვან თეონასთან ერთად “პოლიტიკას” , კვირას ვერ გავა “ილო ბეროშილის შოუ” , ჩერდება გადაღების პროცესში მყოფი ახალი სერიალი. ვაპირებ ვითარების გარკვევას“, – დაწერა  რამიშვილმა სამშაბათს ღამით ფეისბუქში.

ტელეწამყვანის განმარტებით, თავად და კიდევ 50 ადამიანი ტელეკომპანიამ კონტრაქტის პირობების დარღვევით გაათავისუფლა. მანვე აღნიშნა, რომ გათავისუფლების მიზეზი უცნობია, რადგან  „იმედს“ კონტრაქტის შეწყვეტის მიზეზებზე განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

„რაღაც მიზეზები იყო, რომლებზეც მე საუბარი არ მინდა, რადგან ჯერჯერობით ყველაფერი ბუნდოვანია. კონტრაქტში წერია, რომ კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ, ერთმა მხარემ მეორეს 30 დღით ადრე უნდა შეატყობინოს, თუმცა არანაირი საბუთი, ცნობა იმ კომპანიას, რომელთანაც ვთანამშრომლობ და რომელთანაც ტელეკომპანია „იმედს“ ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული, არ მიუღია. ამ დროისთვის ცალსახად მხოლოდ იმის თქმა შემიძლია,  რომ ხელისუფლების ზეწოლა გამორიცხულია. ასევე არ ყოფილა არანაირი ზეწოლა ან გაფრთხილება ტელევიზიის დირექტორის, მფლობელების მხრიდან,“ – აღნიშნა რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „იმედსა“ და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობამდე, ტელეწამყვანი 2013 წელს პრეზიდენტის  გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბსაც ხელმძღვანელობდა. მანამდე კი  ტელეკომპანია „მაესტროში“ გადაცემა „სუბიექტური აზრის“ წამყვანი იყო. ის ასევე მუშაობდა რადიო 105-ში და ტელეკომპანია „202“-ში, რომლის ერთ-ერთი მფლობელიც იყო.

2005 წელს რამიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის კობა ბექაურისგან 100 000 აშშ დოლარის გამოძალვის მცდელობის ბრალდებით დააკავეს და 4 წელი საპატიმროში გაატარა.

შალვა რამიშვილი  პირველი არ არის, ვინც „იმედს“ უსამართლოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებს. 2015 წლის სექტემბერში ტელეკომპანიამ ასევე გაათავისუფლა და გადაცემები დაუხურა ინგა გრიგოლიას. ერთ-ერთი დახურული გადაცემის, „იმედის კვირის“, წამყვანი  გრიგოლიასთან ერთად შალვა რამიშვილიც იყო. მაშინ არხმა ამ გადაწყვეტილების მიზეზად  საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების რეფორმირება დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ გრიგოლიას პოლიტიკური თოქ-შოუს „რეაქციის“ ნაცვლად დაიწყო „იმედზე“ გადაცემა „პოლიტიკა“, რომელიც შალვა რამიშვილს და თეონა გოგელიას მიყავდა.

მასალაზე წერის პროცესში DFWatch-მა ვერ შეძლო ვერც ტელეკომპანიის წარმომადგენლებთან და ვერც თეონა გოგელიასთან დაკავშირება.