2015-07-31 21.41.13 (Kopiowanie)

DF Watch

ტრანსფობია საქართველოში კვლავ რჩება სოციალურ და სამართლებრივ პრობლემად, უფლებადამცველები კი ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებასა და ხელისუფლებაზე  ზემოქმედებას ცდილობენ.

მაშინ, როცა ბევრი ჯერ კიდევ ვერ გამოსულა შოკიდან სასამარტლოს მიერ ახალგაზრდა ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის მკვლელის გამართლების გამო, ადგილობრივი აქტივისტები ლგბტ თემის პრობლემების გადასაჭრელად ძალისხმევას ლოკალურ დონეზე მიმართავენ.

პროექტი “ლბტ ქალთა კლუბი” არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალთა ფონდის” მიერაა დაფუძნებული. როგორც სახელიდანაც ვიგებთ, ის მხოლოდ ქალების პრობლემებზეა ფოკუსირებული და თავისი საქმიანობის სფეროდან გეების საკითხებს  გამორიცხავს.  პროექტი,ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან საბრძოლველად, მიზნად ისახავს შერეული ადგილობრივი აქტივიზმის ჯგუფების  ჩამოყალიბებას, სადაც ლგბტ თემის წარმომადგენლები ჰეტეროსექსუალურ აქტივისტებთან ერთობლივად მოქმედებენ.

“ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელსაც ტრანსგენდერი ადამიანები აწყდებიან, არის საზოგადოების მხრიდან მათი მიუღებლობა და ფიზიკური და სოციოლოგიური ძალადობა,” აცხადებს ლგბტ აქტივისტი და პროექტის ხელმძღვანელი კობა ბიწაძე. “სხვა პრობლემაა იურიდიული საკითხები, რაც მათ სამართლებრივ მდგომარეობას უკავშირდება, მაგალითად სქესის შეცვლის მარეგულირებელი კანონმდებლობის არარსებობა. ამ მხრივ პირველი ნაბიჯი უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ ტრანსგენდერი ადამიანების სოციალურ ჯგუფად აღიარება. აი, ამის შემდეგ კი სქესის შეცვლის პროცედურებზე მსჯელობა ბევრად უფრო იოლი იქნება.”

ამჟამად, ოფიციალურ დოკუმენტებში სქესის შესაცვლელად იმის იურიდიული დადასტურებაა საჭირო, რომ ადამიანმა სქესის შეცვლის ქირურგიული ოპერაცია ჩაიტარა. გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი ოპერაცია არ ხორციელდება საქართველოში და ძვირადღირებულია, სრული ტრანსფორმაციის შემთხვევა საქართველოში ჯერ არ ყოფილა.

მართალია, სახელის შეცვლა პროცედურულად საკმაოდ ადვილია, მაგრამ ტრანსგენდერი ადამიანებისთვის საბუთებში სქესობრივი იდენტობის დაფიქსირების ფაქტობრივი შეუძლებლობა მათ დასაქმებისას მძიმე, ხშირად გადაულახავ, პრობლემებს უქმნის, რაც ბევრ მათგანს კომერციული სექსისკენ უბიძგებს.

“ტრანსგენდერთა თემის ზოგიერთი წარმომადგენლისგან მივიღე შეტყობინებები, რომ, როდესაც ისინი საგანგებო სამსახურის ნომრებზე რეკავენ, ის ყოველთვის დაკავებულია ან არავინ პასუხობს. მათ მიაჩნიათ, რომ ნომრები ხელოვნურად დაუბლოკეს,” აცხადებს კობა ბიწაძე და უმატებს, რომ პოლიციელების მხრიდან სიტყვიერი ძალადობაც არც თუ იშვიათი მოვლენაა.

ზოგიერთი პოპულარული გადაცემა, მაგალითად გია ჯაჯანიძის შოუ, ტრანსფობიის პრობლემას კიდევ უფრო აღრმავებს, რადგან ტრანგენდერთა ამბებს სენსაციური გზითა და კომიკური კუთხით აშუქებს. ტრანსგენდერი ადამიანები უკვე დაიღალნენ მედიის ყურადღებით, იმით, რომ მათი ცხოვრებისგან “ცირკის” მოწყობას ცდილობენ, მაშინ, როცა ამნაირ გადაცემებში რეალური პრობლემების დაბალანსებულად და სენსიტიურად განხილვა  არ ხდება-ხოლმე.

ამჟამად, თითქმის არ არსებობს ქართულ ენაზე ტრანსგენდერთა საკითხებზე რესურსები.  გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” მიერ წლის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიში “ტრანსგენდერი ადამიანების მდგომარეობა საქართველოში”.

სახელმწიფოს ჩართულობის არარსებობის პირობებში, ტრანსგენდერი თემის პრობლემების გადაჭრა მხოლოდ არასამთავრობო სექტორის იმედზეა დატოვებული.