რუსეთ-სომხეთი გაზსადენის მონაკვეთი, რომლის აფეთქებაც იგეგმებოდა

რუსეთ-სომხეთი გაზსადენის მონაკვეთი, რომლის აფეთქებაც იგეგმებოდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს-ი) აცხადებს, რომ რამდენიმე პირი სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქებას გეგმავდა. დაკავებულია 7 ადამიანი. მათ შორის 5 ტერაქტს გეგმავდა, ორი – კი ამ ფაქტს მალავდა.

დაკავებულებიდან ერთ-ერთი  ფოთის საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელია. ნფორმაცია ორშაბათს დილით სუს-ში გამართული სპეციალური ბრიფინგიდან გახდა ცნობილი.

„სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2016 წლის 20 აგვისტოს, რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს 5 მოქალაქე: ბექა ბ., ვლადიმერ რ., მინდია ვ., ჯაბა მ. და ნური ჭ. დააკავა,”- განაცხადა ბრიფინგზე განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა სავლე მოთიაშვილმა.

ამ 5 ადამიანის გარდა დაკავებულია კიდევ ორი. ერთს –  ირაკლი.ბ-ს ადანაშაულებენ დანაშაულის დაფარვაში, ხოლო მეორეს – ლევან.მ-ს, პატრულის მოქმედ თანამშრომელს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.

„რუსთავი 2“-ის ცნობით, დაკავებული პოლიციელი ფოთელი ლევან მამფორიაა, რომელიც შესაძლოა იყოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ნათესავი, თუმცა ბრიფინგზე გამომძიებელმა მოთიაშვილმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა. მან გაკვრით ახსენა მხოლოდ ის, რომ ერთ-ერთი დაკავებული ხშირად ჩადიოდა უკრაინაში, თუმცა ეს დანაშაულებრივი ჯგუფი იმართებოდა თუ არა უკრაინიდან7 ჯერჯერობით დაუდგენელია. დეტალები გამოძების ინტერესებიდან გამომდინარე არ ხმაურდება.

საჯაროვდება მხოლოდ ის, რომ ტერაქტის მოწყობის მიზნით 20 აგვისტოს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გაემგზავრნენ ჟინვალი-შატილის საავტომობილო გზის მახლობლად ტყის მასივში არსებული იარაღის სამალავიდან ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოსაღებად. სუს-მა მეტი თვალსაჩინოებისთვის აღნიშნული მონაკვეთის გრაფიკული გამოსახულებაც გაავრცელა.

როგორც სავლე მოთიაშვილმა აღნიშნა, სამალავიდან მათ ამოიღეს: 4 ცალი 200-გრამიანი ტროტილის კოჭა, ორი სახის ცეცხლგამტარი ზონარი, 5 ცალი კაფსულა დეტონატორი, მუხტები, ამფეთქი და მოათავსეს ავტომანქანაში, რა დროსაც დაკავებული იქნენ სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

გამომძიებლების მიერ სამალავის დათვალიერების შედეგად ამოღებულია დამატებით 3 ერთეული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდებით და საბრძოლო მასალა. ერთ-ერთი დაკავებულის ბინაში, მისი პერსონალური კომპიუტერიდან ამოღებულია რუკა, სადაც დატანილია ის ადგილები, რომლის აფეთქებასაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გეგმავდნენ.