სოხუმის რეჟიმი გალში მცხოვრებ პენსიონერებს ე.წ. „ვიდ ნა ჟიტელსტვას“ არაღების შემთხვევაში პენსიის ჩამორთმევით ემუქრება. როგორც DFWatch-თან საუბარში ადგილობრივები აცხადებენ, უკვე ცხადად გამოჩნდა, რომ ამ დოკუმენტის შემოღება მხოლოდ „ფულის კეთებას“ ემსახურებოდა.

„საბუთის არაღების შემთხვევაში პენსიის მოხსნით დაგვემუქრნენ. ვერ გაიგებ მუქარის მიზანი რა არის, რადგან ეს საბუთი მხოლოდ გადაადგილების უფლებას გვაძლევს, სხვა დატვირთვა არც ჩვენთვის და არც აფხაზებისთვის არა აქვს. პენსიონერების უმეტესობას ე.წ. წითელი პასპორტი აქვთ და იმითაც სხვას ვერაფერს ვაკეთებთ, გარდა ე.წ. საზღვარზე გადასვლისა. მიზანი მხოლოდ ფულის შოვნა შეიძლება იყოს, რადგან ამ საბუთის აღება დაახლოებით 500 ლარამდე ჯდება. რომელ პენსიონერს აქვს ამდენი შემოსავალი, ამხელა თანხა რომ ერთიანად გადაიხადონ, მითუმეტეს ისიც კი არ ვიცით, ამ საბუთს რამდენ ხანს დატოვებენ მოქმედებაში“, – განუცხადა DFWatch-ს გალის რაიონის სოფელ თაგილონის მკვიდრმა.

ანალოგიურად მოსთხოვეს საბუთის აღება 14 წელს ზემოთ მოსწავლეებსაც. მოსახლეობა ფიქრობს, რომ მათაც გარკვეულ ულტიმატუმს წაუყენებენ.

აღსანიშნავია, რომ თავის დროზე სოხუმის ხელისუფლებამ აფხაზური პასპორტების გაცემაც ულტიმატუმის ფონზე დაიწყო. კერძოდ, პენსიონერებს პენსიების მოხსნით, მასწავლებლებს ხელფასების, ხოლო მოსწავლეებს საშუალო განათლების ატესტატის არგაცემით ემუქრებოდნენ, თუმცა ისევ შიდა დაპირისპირების ფონზე პასპორტების მასობრივი გაცემა მალევე შეწყდა. მოსახლეობის მიერ საბუთის ასაღებად საჭირო დოკუმენტებში გადახდილი თანხა კი დღემდე არავინ იცის, სად წავიდა.

შეგახსენებთ, რომ აფხაზური მხარე პენსიებს მხოლოდ აფხაზური და ე.წ. წითელი პასპორტის მქონე პირებზე გასცემს.

საწყისი პენსია თვეში 150 რუსული რუბლია, რაც დაახლოებით 6,5 ლარს შეადგენს. შრომის წიგნაკის არსებობის შემთხვევაში პენსია 500 რუსულ რუბლმდე იზრდება, რაც თვეში 22 ლარია.

შედარებით მაღალია პენსია იმ პირებისთვის, ვინც ჯერჯერობით ქართული მხარისგან არ იღებს ანაზღაურებას. საქმე იმაშია, რომ აფხაზური მხარე ქალებზე პენსიას 55 წლიდან, მამაკაცებზე კი 60 წლიდან გასცემს, რაც ქართულ საპენსიო ასაკს 5 წლით უსწრებს, შესაბამისად, აფხაზური მხარე ამ კატეგორიას 5 წლის განმავლობაში, დამატებით, წლიურად 12 000 რუსულ რუბლს, დაახლოებით 520 ლარს, უხდის. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, პენსია სტანდარტულად 150-დან 500 რუსულ რუბლამდე მერყეობს.

რაც შეეხება რუსული პასპორტის მქონეებს, ისინი გაცილებით პრივილეგირებულ ფენას მიეკუთვნებიან და მათი პენსია თვიურად 5000 რუსულ რუბლს შეადგენს, თუმცა მსგავსი საბუთი მქონენი გალის რაიონში სულ რამდენიმე ადამიანია.

რაც შეეხება საცხოვრებელ ნებართვას, ე.წ. ვიდ ნა ჟიტელსტვას, აღნიშნული საბუთი, გალის ქართველ მოსახლეობას, მხოლოდ გადაადგილების უფლებას აძლევს, სხვა უფლებები კი, როგორიცაა არჩევნებში მონაწილეობა, ქონების შეძენა და მსგავსი საკითხები, შეზღუდული აქვთ.