26 აგვისტოს ცხინვალში ე.წ. დამოუკიდებლობის 10 წლის აღსანიშნავად რუსეთის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და რუსეთის პატრიარქს ელოდებიან. ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო რეს-ი ავრცელებს.

2008 წლის 26 აგვისტოს, საქართველო-რუსეთის ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა. სწორედ ამ დღეს აღნიშნავენ ოკუპირებულ რეგიონში.

ცნობილია, რომ „დღესასწაულზე“ მიწვეულები არიან: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი. ასევე ნათქვამია, რო გამორცხული არ არის ცხინვალს ეწვიოს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი. მოსაწვევები გაეგზავნათ ასევე ვენესუელას, ნიკარაგუასა და სირიის ლიდერებს, რომელთაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარეს.

გარდა ამისა, ე.წ. სამხრეთ ოსეთში ასევე ელიან ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტს“ რაულ ხაჯიმბას, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის, ასევე ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ლიდერებს.

ჩავა თუ არა რუსეთის პატრიარქი კირილი ცხინვალში, ჯერ ცნობილი არ არის.
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ „საგარეო ურთიერთობათა განყოფილება ამ საკითხს განიხილავს და რა თქმა უნდა, რაღაც რეაქცია იქნება“. თუმცა ფიქრობს, რომ კირილი ცხინვალში ჩასვლისაგან თავს შეიკავებს.

„რუსეთის ეკლესია საქართველოს ეკლესიის მთლიან იურისდიქციაში განიხილავს სამაჩაბლოსა და აფხაზეთს, მთელ იმ ტერიტორიას, რომელიც ომამდე იყო, ამიტომ არ მგონია, რომ ამ ფონზე რაიმე გამართლება მოეძებნოს თუკი რუსეთისა და მოსკოვის პატრიარქი ცხინვალში ჩავა. მე ვფიქრობ, რომ თავს შეიკავებენ,“- ამბობს ჯაღმაიძე.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური მოსკოვისაგან განსხვავებით რუსეთის ეკლესია აცხადებს, რომ ის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებს საქართველოს კანონიკურ საზღვრებში აღიარებს. თუმცა პრობლემები მაინც არსებობს. მაგალითად, რუსეთის საპატრიარქო არც ერთ ოფიციალურ წერილში საქართველოს პატრიარქს სრული ტიტულით არ მოიხსენიებს და არასდროს ახსენებს, რომ ილია II ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი და ბიჭვინთის მიტროპოლიტია.

გარდა ამისა, მარტში ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს წერილი გაუგზავნა, სადაც ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე დახმარებას სთხოვდა,  საპასუხო წერილში კი კირილმა ცხინვალის რეჟიმი „ადგილობრივ ხელისუფლებად” მოიხსენია.

2017 წელს პატრიარქმა კირილმა საკუთარ რეზიდენციაში მიიღო და „პრეზიდენტობა“ მიულოცა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს, ანატოლი ბიბილოვს.

პლუს ამას,  ცხინვალის ცენტრში შენდება დიდი რუსული ეკლესია ისე, რომ მშენებლობაზე თანხმობა საქართველოს საპატრიარქოსგან არც უთხოვიათ. საქართველოს ეკლესია კი მიიჩნევს, რომ ამ ეკლესიაში მღვდლის კურთხევა საქართველოს საპატრიარქოს ნებართვის გარეშე დაუშვებელია.

რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა. მოგვიანებით, მის მაგალითს მიბაძა მხოლოდ სამმა ქვეყანამ – ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ.  მხოლოდ 10 წლის შემდეგ მათ რიცხვს შეუერთდა სირია. დამასკომ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა 2018 წლის 29 მაისს აღიარა.