mokhe

(“ინტერპრესნიუსი”.)

მოხეს კონფლიქტი ოთხშაბათს გაგრძელდა, როცა მუშებმა დილიდან დაიწყეს სადავო შენობის დემონტაჟი.

მუსლიმები დემონტაჟის გასაპროტესტებლად მოვიდნენ, თუმცა მათ ადგილობრივი მართლმადიდებლები შეეწინააღდეგენ. ადგილზე მივიდა პოლიცია და პოლიციასთან დაპირისპირებისთვის 14 ადამიანი დააკავეს.

ადგილობრივი გამოცემები წერენ, რომ დაკავებულთა უმეტესობას ბრალად ხულიგნობა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა ედება. სამი კი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის არის აყვანილი.

შენობის დემონტაჟი პოლიციის ცოცხალი ჯაჭვის მეშვეობით გაგრძელდა. ‘სამხრეთის კარიბჭე’ წერს, რომ პოლიციის ჯაჭვის დანახვამ მუსლიმები გააღიზიანა. ერთ-ერთმა მათგანმა პატრულის მანქანის შუშა ჩატეხა, რასაც დაპირისპირება მოყვა.

ყველაფერი კი 18 ოქტომბერს დაიწყო, როცა მუშები პირველად გამოჩნდნენ სადავო შენობის ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივი მთავრობა კულტურის სახლის მშენებლობას გეგმავს.

ადგილობრივი ოთარ გორგოძე ამბობს, რომ შენობაში 1924-დან 1937 წლამდე მეჩეთი იყო, თუმცა რეპრესიების შედეგად ის 1945 წელს დახურეს. კომუნისტებმა შენობაში კლუბი განათავსეს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი მეჩეთმა აუთენტური სახე დაიბრუნა.

„ამ შენობის დაბრუნება გვინდა უკან. ვის გაუგია მეჩეთის კულტურის ცენტრად გარდაქმნა?!“ კითხულობს ოთარ გორგოძე.

16 ოქტომბერს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მუსლიმ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე და სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძეც ესწრებოდნენ. მუსლიმებმა პრობლემებზე ისაუბრეს და პრემიერ მინისტრს პეტიცია გადასცეს 500-მდე ხელმოწერით, სადაც მოხეს მეჩეთის პრობლემაზე წერდნენ. მათ სიტუაცია აუხსნეს და გააცნეს გეგმა, რომ ადგილობრივ მთავრობას იქ კულტურის სახლის შენება სურს. მათ პრემიერს შენობის მუსლიმებისთვის დაბრუნება სთხოვეს.

ირაკლი ღარიბაშვილი მათ დაპირდა, რომ საკითხს შეისწავლიდა და პასუხს ერთ კვირაში ეტყოდა, თუმცა ორი დღის შემდეგ ადგილზე კვლავ მუშები გამოჩნდნენ და სამუშაოები დაიწყეს.

სოფლის ქრიატიანი მოსახლეობას ამ შენობაში კულტურის სახლის განთავსება უნდა და ადგილობრივ მთავრობას სთხოვენ, ამისთვის ყველა ზომა მიიღონ. მუსლიმები კი პოლიციის შენობასთან მივიდნენ დაკავებების გასაპროტესტებლად.

საქართველოს სახალხო დამცველმა მთავრობას, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, რომ კანონის ფარგლებში იმოქმედონ და დაიცვან გარანტირებული თანაბარი უფლებები და რელიგიის თავისუფლება.