ე.წ. წითელი (საბჭოთა) პასპორტების გაუქმებამ, გალში მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას დამატებითი პრობლემები შეუქმნა. როგორც DFWatch -ს ადგილობრივებმა უთხრეს, რამდენიმე დღის წინ ამის გამო ენგურის ხიდზე ქალი გარდაიცვალა.

„რამდენიმე დღის წინ, „საზღვარზე“ არგაშვების გამო, ქალს იქვე გული გაუსკდა. წითელი პასპორტი ჰქონდა და არ გაატარეს. არ ვიცით, ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და იმის გამო მიდიოდა ზუგდიდში თუ უბრალოდ ნერვიულობის ნიადაგზე დაემართა, თუმცა ფაქტი ნებისმიერ შემთხევაში სამწუხაროა“, – აღნიშნავს DFWatch-თან საუბარში გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯის მკვიდრი.

ე.წ. წითელი პასპორტის გაუქმება, განსაკუთრებით დიდ პრობლემას ასაკიან ადამიანებს უქმნის. ეს ის კატეგორიაა, რომელსაც სხვა სახის საბუთი არ აქვს, ახალი საბუთებისთვის საჭირო საბუთების მოგროვების შანსი ნაკლებია, ექიმის მეთვალყურეობას კი სისტემატიურად საჭიროებენ.

„ჩემს დედამთილს დიაბეტი აქვს, რამდენიმე თვის წინ გადაუდებელი დახმარება დასჭირდა. სასწრაფოს ბრიგადა ზუგდიდიდან გამოვიძახეთ და მაშინ, როცა გადარჩენას არც ველოდით, დროულად აღმოჩენილი დახმარების წყალობით, დღეს ცოცხალია. ახლა რომ რაიმე სახის დახმარება დასჭირდეს, საზღვარზე არ გაგვატარებენ, რადგან მას აქ აღიარებული საბუთებიდან, მხოლოდ წითელი პასპორტი ჰქონდა. გაუქმების შემდეგ კი არანაირი საბუთი არ გააჩნია. ანალოგიურ სიტუაციაშია უფროსი თაობის თითქმის ყველა წარმომადგენელი, მუდმივად ექიმის ზედამხედველობას და კონტროლს საჭიროებენ, რასაც როგორც ჩანს, ამ პირობებში ვერ მოახერხებენ, გალში კი, მოგეხსენებათ, შესაბამისი ბაზა არ გააჩნიათ,” – ამბობს გალის რაიონის სოფელ თაგილონის მკვიდრი.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ამჟამად არსებული სიტუაცია გალის რაიონის მოსახლეობისგან დაცლის პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს.

„ყველამ ვიცით, რომ ახალი თაობა სასწავლებლად მიდის და უკან ნაკლებად ბრუნდება. ეზო-კარს, ძირითადად ბაბუა-ბებიები უვლიან, რომლებიც არ ნებდებიან და უარს ამბობენ სახლების დატოვებაზე. თუ ასეთი მდგომარეობა გაგრძელდა, შვილები იძულებული გახდებიან მშობლებს იქაურობა დაატოვებინონ. ბევრი შეიძლება არც ამ სიტუაციას დანებდეს, მაგრამ ვისაც მუდმივად სჭირდება ექიმის მეთვალყურეობა, იძულებული გახდება ეს გააკეთოს. მახსოვს, ერთი ასაკიანი ბებო გვყავდა. შვილებს არ მიყვებოდა თბილისში, სულ მარტო ცხოვრობდა, დროდადრო აკითხავდნენ. ჯანმრთელობის გაუარესების გამო თბილისში იძლებით წაიყვანეს, ბებო ნერვილობისგან ერთ თვეში გარდაიცვალა. დღეს აქ მსგავს სიტუაციაში უამრავი მოხუცია, მათთვის სახლ-კარის დატოვება, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, აფხაზები და რუსები კი ყველაფერს აკეთებენ ამისთვის“, – აღნიშნავს DFWatch-თან გალის მკვიდრი.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. წითელი პასპორტის გაუქმებაზე და მისგან გამომდინარ ეპრობლემებზე DFWatch აქამდეც წერდა. ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევის დროს მესაზღვრეებმა დედის სამძიმარზე მიმავალი შვილი არ გაატარეს, მეორე შემთხვევის დროს კი მიცვალებული 6 საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული.