სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს 2 მოქალაქე დაკავებულია ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით. მათივე ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ორი მამაკაცი კასპის მუნიციპალიტეტში ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ყარაფილასთან აიყვანეს. თანასოფლელების ინფორმაციით, დაკავებულები ოკუპირებული ცხინვალის მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, სტეფანე მესროფაშვილის განცხადებით, დიმიტრი ისერგიშვილი და ვასილ პატარკაციშვილი სოფლის განაპირას სატაცურის საკრეფად იყვნენ წასულები.

ისერგიშვილი 50 წლამდე ასაკისაა, პატარკაციშვილი კი – 35 წლის.