“ვიცე-პრემიერი” ასლან კობახია აცხადებს, რომ რუსეთის ქმედებები ბლოკადის ტოლფასია. (aiaaira.com.)

2 აპრილიდან  აფხაზეთი რუსეთში ხილ-ბოსტნეულსა და მწვანილს ვეღარ შეიტანს. ამის გამო განაწყენებულმა სოხუმის რეჟიმმა დანარჩენი საქართველოდან ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეტანა აკრძალა, პირადი მოხმარებისთვისაც კი. მიზეზად საქართველოდან ფაროსანას გავრცელების საფრთხე დაასახელა, რომლიც რუსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის სამსახურის „როსსელხოზნადზორის“ ვარაუდით, „შეიძლებაა, საქართველოდან აფხაზეთში გაშვებული ბიოლოგიური დივერსია იყოს”.

ცნობისათვის, „როსსელხოზნადზორის“  29 მარტის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში დროებითი წყდება ყველა სახის მცენარეული პროდუქციის შეტანა. როგორც უწყებაში განმარტავენ, ეს გამოწვეულია აფხაზეთში ფაროსანას გავრცელების კრიტიკული მასშტაბებით.

ამავე განცხადებაში “როსსელხოზნადზორი” გამოთქვამს ვარაუდს, რომ ფაროსანა შეიძლება, „საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ამერიკულ ლაბორატორიებში იყოს გამოყვანილი და შემდეგ განგებ შეტანილი აფხაზეთის ტერიტორიაზე – ისევე, როგორც თავის დროზე შეიტანეს ამ რეგიონიდან რუსეთის ტერიტორიაზე „ღორის ჭირის” ვირუსი”.

რუსეთიდან სოხუმზე დაწესებულ ამ ემბარგოს დე ფაქტო ხელისუფლებაში უკმაყოფილება მოჰყვა. აღნიშნავენ, რომ მთელი იმპორტი შეწყდება და ეს აფხაზებს კატასტროფულად დააზარალებს. დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა ასლან კობახიამ კი ისიც განაცხადა, რომ „ეს კარანტინი ბლოკადის ტოლფასია“.

მისი თქმით, ხალხმა ბანკებიდან კრედიტები აიღო და სათბურები აამუშავა, ეს ზომა კი მათ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს.

„ფაროსანა რომ მხოლოდ აფხაზეთის პრობლემა იყოს, მაშინ ეს გასაგები იქნებოდა, მაგრამ საქართველო მშვენივრად ვაჭრობს რუსეთის ფედერაციასთან და არავინ არაფერი დააწესა, ხოლო აფხაზეთთან მიმართებაში დაწესდა. გამოდის, რომ “როსსელხოზნადზორის“ მსხვერპლი მარტო ჩვენ ვართ!?“ – კითხულობს კობახია.

ამ განცხადების შემდეგ, 31 მარტს, სოხუმის რეჟიმმა დანარჩენ საქართველოსაც დაუწესა ყველა სახის მცენარეული პროდუქციის შეტანაზე ემბარგო. სეპარატისტებმა მიზეზად, რუსეთის მსგავსად, ფაროსანას გავრცელების საფრთხე დაასახელეს.

სოხუმის ე.წ. „სახელმწიფი ინსპექციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მდინარე ენგურის გამშვებ პუნქტზე მიმდინარე საკარანტინო ფიტოსანიტარული შემოწმებისას საქართველოდან მომავალი მგზავრების ხელბარგში არაერთხელ აღმოჩნდა ფაროსანა, რომელიც საშიში პოლიფაგია სუბტროპიკული რეგიონებისთვის, რადგან წელიწადში რამდენჯერმე შეუძლია გამრავლება და, აკლიმატიზაციის გავლის შემთხვევაში, სწრაფად იკავებს პოტენციურ არეალს.

„წინასწარი გათვლით, მისი გავრცელების შემთხვევაში აფხაზეთს 1 მლრდ რუბლის ოდენობის ზარალი მიადგება. ამდენად, მცენარეთა კარანტინის სახელმწიფო ინსპექციამ მიიღო გადაწყვეტილება, 31 მარტიდან მოსაზღვრე ტერიტორიიდან შემომავალ პირთა მიერ ხელბარგითა და ბარგით ყველა სახის მცენარეული პროდუქციის შემოტანა დროებით შეიზღუდოს,” – ნათქვამია განცხადებაში.