სოხუმის რეჟიმი მიიჩნევს, რომ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში აფხაზეთიდან, ძირითადად – გალიდან, წასულ სტუდენტებს რევანშისტებად ამზადებენ, ამიტომ საჭიროა მათი რიცხვის შემცირება. ამის შესახებ გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ ადგილობრივ მედიას განუცხადა.

„სამწუხაროდ, გალის სკოლების კურსდამთავრებულები სასწავლებლად საქართველოს უნივერსიტეტებში მიდიან, სადაც მათ მომავალ რევანშისტებად ამზადებენ. ეს საკითხი დღეს ჩვენთან საკმაოდ მწვავედ დგას. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებებს ისე, რომ არ დავარღვიოთ ადამიანის განათლების მიღების უფლება და მაქსიმალურად შევამციროთ იმ აბიტურიენტების რიცხვი, რომლებიც სწავლას საქართველოში გააგრძელებენ.

„ჩვენ ვთანამშრომლობთ აფხაზურ უნივერსიტეტებთან, სადაც ისინი გალის რაიონის კურსდამთავრებულებს უფასო ფაკულტეტებზე ღებულობენ. ასევე საუკეთესო სტუდენტებს ვაძლევთ სტიპენდიას, რათა შევქმნათ კონკურენტუნარიანი გარემო იმ შეთავაზებებთან, რომელსაც ქართული მხარე აკეთებს.

„ეს ყველაფერი თავის შედეგს იძლევა. თუ წინა წელს 20-მდე კურსდამთავრებულმა გააგრძელა აფხაზეთის უნივერსიტეტში სწავლა, წელს 26-მდე გაიზარდა. ვფიქრობ, ეს რაოდენობა თანდათან გაიზრდება. რა თქმა უნდა, ჩვენ დაგვჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა, ამის გარეშე ვერაფერს გავხდებით. ეს არის გალის მოსახლეობის აფხაზებთან ინტეგრაციის პროცესის შემადგენელი ნაწილი“, – აცხადებს ნადარაია.

შეგახსენებთ, რომ წელს, აფხაზურმა მხარემ გალელ აბიტურიენტებს, ენგურის ხიდი სწორედ ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე, რამდენიმე დღით ადრე ჩაუკეტა. ამას კი წინ მათთვის საგანგებოდ მოწყობილი ღონისძიება უძღოდა, რომელზე დასწრებაც სავალდებულო იყო.

აბიტურიენტების ნაწილმა ენგური ე.წ. შავი გზით გადმოკვეთა, ნაწილმა შეთანხმების საფუძველზე ცენტრალური ხიდით მოახერხა გადმოსვლა, ნაწილმა კი ამის სანაცვლოდ გაკრვეული თანხა გადაიხადა.

DFWatch-ის ინფორმაციით, ენგურს გაღმა ამ ეტაპზე 7 აბიტურიენტია დარჩენილი.

ცნობისთვის, წელს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე, გალის სკოლების  კურსდამთავრებულებიდან, 168 მოსწავლე გადიოდა. გარდა ამისა, პროგრამაში ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ”, სკოლისშემდგომი განათლების პროგრამის ფარგლებში, მოსამზადებელში 140 სკოლადამთავრებული სწავლობს.