meria_city_hallდედაქალაქის მერია თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი ცვლილებას, კონკრეტულად კი 14 მილიონი ლარის შიდა კორექტირებას ითხოვს, რასაც ოპოზიცია აპროტესტებს. ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ მმართველმა ძალამ საბიუჯეტო სახსრები წინასაარჩევნოდ გადახარჯა და მის დაკორექტირებას ახლა სოციალური პროექტების შემცირების ხარჯზე ცდილობს.

საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ შემცირებულია საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ღონისძიებები 1 მილიონით; ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა-ექსპლუატაცია 3 მილიონით, მათ შორის ავარიული კორპუსების დაფინანსება შემცირებულია 660 ათასი ლარით; შემცირებულია გარე განათების ექსპლუატაციის ხარჯები 2 მილიონით, კეთილმოწყობის ღონისძიებები კი ნახევარი მილიონით.

„სამაგიეროდ, იმის გამო, რომ წინასაარჩევნოდ ერთჯერადი დახმარებები საკმაოდ უხვად დაარიგა თბილისის მერიამ, მათ მოუწიათ დაფინანსების ამ მიმართულებით გაზრდა. ისინი ერთჯერადი დახმარებების თანხას სოციალური მიმართულებით ზრდიან მხოლოდ იმის გამო, რომ 12 თვეში დასახარჯი თანხმა მათ 9 თვეში აითვისეს. ასევე იზრდება ბაღების დაფინანსება 8 მილიონით, ესეც ბუნდოვანია, “ – აცხადებს ნადირაძე.

მისი თანაპარტიელი ირაკლი აბესაძე კი დასძენს იმასაც, რომ ასევე კომუნალური ვაუჩერის სუბსიდირებისთვის გამოყოფილი თანხები და ამ ზამთრის პერიოდში მათ შორის, სოციალურად დაუცველებსაც კი უმცირდებათ ვაუჩერის ოდენობა და ძალიან ბევრი მიმართულებით არის შენიშვნები.

ამ ბრალდებების კომენტირებისას საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია ოპონენტებს დოკუმენტებში კარგად ჩახედვას ურჩევს.

„ბიუჯეტის ზოგადი პარამეტრები იგივე რჩება, უბრალოდ ხდება შიდა კორექტირება. 14 მილიონიდან კონკრეტულად ვაუჩერის ცვლილებას ეხება მხოლოდ ნახევარი მილიონი, ეს არის ეკონომიებიდან დარჩენილი თანხა. ამიტომ, ჩემმა ოპონენტებმა უფრო დაწვრილებით უნდა ჩაიხედონ დოკუმენტში,“ – აღნიშნავს სამუშია.

თბილისის მერი დავით ნარმანიაც აცხადებს, რომ ყველაფერი კანონმდებლობით დადგენილი წესით ხდება და განსაკუთრებული ამაში არაფერია.

„ბიუჯეტის სხვადასხვა მუხლებში არსებული ეკონომია ჩვენი მხრიდან გადატანილია ერთის მხრივ საბავშვო ბაღების დაფინანსებაში. გარდა ამისა, მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯები, რაც ბაღებს აქვთ, უნდა იქნას გასტუმრებული. მეორეს მხრივ, ჯანდაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის სამსახური ცალკეულ პროგრამებში არსებული ეკონომია გადაუნაწილდებათ რაიონულ გამგეობებს, რათა წლის ბოლომდე შეუფერხებლად გასცენ დახმარებები. ასე რომ, განსაკუთრებული არაფერი ხდება, შიდა გადატანა , როგორც წესი კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვითაა,“ – განმარტა დავით ნარმანიამ.