cropped boris

ბორის იაროშევიჩი (DF Watch)

საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა თითქმის შესრულებული აქვს, აცხადებს ევროკავშირის წარმომადგენლობის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ბორის იაროშევიჩი და ამატებს, რომ ახლა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ჯერი ევროკავშირის წევრ ქვეყნებზეა.

“მე ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობა უვიზო (მიმოსვლის) რეჟიმს იმსახურებს. ვერ ვხედავ (ამ გადაწყვეტილების მიღების) გადადების ვერავითარარ საფუძველს,” – განაცხადა ბორის იაროშევიჩმა DFWatch-თან საუბრისას.

მისი თქმით, ქვეყანამ ამ მიმართულებით უდიდესი ძალისხმევა გასწია – ევროკავშირის მოთხოვნების ნახევარი უკვე სრულად არის შესრულებული, დანარჩენი ნაწილი კი  შესრულებულია თითქმის ან ნაწილობრივ. (შეგახსენებთ, რომ სულ არის 15 ძირითადი საკითხი, გინდათ მოთხოვნა, რომელიც შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეების უვიზო გადაადგილების წინაპირობას წარმოდგენს.)

იაროშევიჩმა ხელისუფლების მიმართაც არ დაიშურა საქებარი სიტყვები.

“მე შემიძლია პირადად დავამოწმო, რომ საქართველო და საქართველოს ხელისუფლება მოთხოვნების შესასრულებლად 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ,” – განაცხადა იაროშევიჩმა.

რაც შეეხება ვადებს, ოპტიმისტური სცენარით სიტუაციის განვითარების შემთხვევაში იაროშევიჩი უვიზო რეჟიმის შემოღებას მომავალ წელს ვარაუდობს.

“ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით, მაგრამ, ვფიქრობ, ეს მომავალი წლის პირველ ნახევარში იქნება,” – უთხრა მან DFWatch-ს.

კითხვაზე, მიგრანტებთან დაკავშრებით ევროპაში არსებული უმწვავესი კრიზისი ამ საკითხზე უარყოფით ზეგავლენას ხომ არ მოახდენს, იაროშევიჩი ამბობს, რომ “წესით, ამან გავლენა არ უნდა მოახდინოს.”

მისი თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და დიდ მიგრაციულ ტალღას ევროპის ქვეყნები საქართველოდან არ ელიან. ამასთანავე, ბევრ წევრ ქვეყანას იმიგრაციაზე მეტად ორგანიზებული კრიმინალის პრობლემა აწუხებს.

“დადებითი ფაქტორია, რომ ევროკავშირში ქართველები არა მძიმე, სისხლიან დანაშაულში არიან ჩართულნი, არამედ უფრო ქურდობაში,” აცხადებს ბორის იაროშევიჩი. “რა თქმა უნდა, ხალხს ესეც არ მოსწონს, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ეს ხომ ძალადობრივი დანაშაული არ არის. მე არ ვფიქრობ, რომ საქართველო წარმოადგენს მნიშვნელოვან რისკ ევროკავშირისთვის.”