როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა აცნობეს, ინტერნეტის კაბელების დამონტაჟება დაახლოებით, თვენახევარია მიმდინარეობს, მისი გააქტიურება კი 5500 რუსული რუბლი (230 ლარი) ჯდება.

„კაბელი გაყვანილია, ტარიფები სხვადასხვაა ინტერნეტის სიჩქარის მიხედვით. სულ სამი პაკეტია 500-, 700- და 1000-რუბლიანი (შესაბამისად, 21, 29 და 42 ლარი). კონკრეტულად რომელი კომპანიისაა, არ ვიცით, ან „აკვაფონი“ იქნება ან „ამობაილი“. ჯერ არავის შემოუყვანია სახლში,“ – გვითხრა გალის მკვიდრმა.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად გალის რაიონის მოსახლეობას ინტერნეტმომსახურება საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოეწოდება.

„ჩვენ ინტერნეტი დაახლოებით 4-5 წლის წინ დავაყენეთ და ზუგდიდიდან მოგვეწოდება „ორდუნეტისგან“. სპეციალური ანტენა გვიყენია, რომელიც მაშინ 400 ლარამდე დაჯდა, ახლა ცოტა უფრო იაფია. ორ სახის პაკეტია – 25-ლარიანი და 35-ლარიანი. რომ გითხრათ, დანარჩენი საქართველოს ტერიტორიის ინტერნეტის ხარისხია-თქო, არა, მაგრამ ჩვენი პირობებისთვის მეტნაკლებად დამაკმაყოფილებელია. ძირითადად ამინდის გაუარესების დროს კარგავს სიჩქარეს ან საერთოდ ითიშება. თითქმის მთელ გალს უპრობლემოდ მიეწოდება. რისთვის უნდა შევცვალო ინტერნეტი, კიდევ თავიდან იგივე ხარჯის გაღების აზრს ვერ ვხედავ. ვინც დღეს ინტერნეტით სარგებლობს, ყველას ამ ფორმით მიეწოდება, ანტენის გარეშე შეუძლებელი იყო, შესაბამისად, ხარჯიც ყველას ერთნაირად გვაქვს გაწეული,“ – აცხადებენ ადგილობრივები.

ცნობისთვის, ზემოთხსენებული ანტენების დაყენებამდე, გალის მოსახლეობა მხოლოდ „მაგთიფიქსის“ ინტერნეტით ახერხებდა სარგებლობას, რაც ძალიან ნელი და ფაქტობრივად უფუნქციო იყო.

ადგილობრივები ვერ ხვდებიან, რა მიზნით ხდება რაიონში ახალი ინტერნეტის შეყვანა. ზოგი ეჭვობს, რომ შეიძლება ეს „ქართული ინტერნეტის“ აკრძალვის პრელუდია იყოს. ზოგი კი მიიჩნევს, რომ შეიძლება „აფხაზური ინტერნეტის“ შემოყვანის მიზეზი რუსული ბაზების მომარაგებაა.

მოსახლეობა ვარაუდობს, რომ აფხაზები რაიმე სახით აიძულებენ მათ ინტერნეტზე გადასვლას.

„ჯერ მათ ინტერნეტზე გადასვლის მხრივ არანაირი მოთხოვნა არ დაუყენებიათ, თუმცა სავარაუდოდ, რაიმე სახით მოითხოვენ ალბათ. სხვა მხრივ რაშია ინტერესი ამხელა ხარჯის გაწევის, მთელ გალის რაიონში ინტერნეტკაბელების გაყვანის?! არის ვარაუდი, რომ სამხედრო ბაზების უზრუნველყოფისთვისაა შემოყვანილი, ისევე როგორც თავის დროზე გზა გაკეთდა,“ – გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.