აფხაზურმა მხარემ ე.წ. “ვიდ ნა ჟიტელსტვას” (ბინადრობის უფლების დამადასტურებელი მოწმობა) გაცემა დროებით შეაჩერა. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა უთხრეს, ამის მიზეზად დე ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენლები საბეჭდი მანქანის საღებავის ამოწურვას ასახელებენ.

“საბეჭდი მანქანის საღებავი ამოიწურა და ძვირი ჯდება შეძენაო, ასე განგვიცხადეს გალში. შვილისთვის უნდა ამეღო, ამიტომ დედასაც ჩააბარებინეს საბუთები, სავალდებულოაო. მეუღლეს უარი უთხრეს, რადგან უკრაინელია, ამიტომ მერე მე მომიწია ჩაბარება. შესაბამისად, ხარჯიც გაიზარდა. ახლა საერთოდ უარი თქვეს გაცემაზე. “საზღვრის” გადაკვეთის საჭიროების შემთხვევაში ისევ ე.წ. ფორმა 9 უნდა ავიღოთ დროებით, რაც 2 000 რუსული რუბლი (83 ლარი) ჯდება,” – ამბობს გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯის მკვიდრი კ.ლ.

ადგილობრივები ასევე აღნიშნავენ, რომ მათი აზრით ეს, ისევე როგორც მანამდე სხვა შემთხვევებში, ფულის შოვნის ხრიკია და მეტი არაფერი.

“როგორ შეიძლება სახელმწიფოებრიობაზე გქონდეს ამბიცია და მსგავსი მიზეზით საბუთი არ გასცე. მორიგი ხრიკი მოიგონეს ფულის შოვნისთვის, ხალხი კი რა თქმა უნდა იძულებულია ყველაფერს დათანხმდეს,” – ამბობს 30 წლის გ.ს.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. “ვიდ ნა ჟიტელსტვას” აღება ქართველებს 500 ლარამდე უჯდებათ. აფხაზურმა მხარემ უკვე გააუქმა ე.წ. წითელი პასპორტები. ახალი წლის შემდეგ კი ქართველებზე გაცემული მწვანე (აფხაზური) პასპორტების გაუქმებასაც ელოდებიან.