abashidze_zurabრუსეთიდან საბჭოთა პერიოდში გადაღებული ქართული ფილმების არქივის გადმოტანის პროცესი იწყება. ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

„შემიძლია ერთი თემა დავაანონსო, საკმაოდ სასიამოვნო ინფორმაცია მივაწოდო ჩვენს საზოგადოებას. უახლოესი კვირების მანძილზე იწყება პროცესი ჩვენი ფილმების არქივის გადმოტანისა რუსეთიდან,“ – უთხრა აბაშიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ს პრაღაში გამგზავრებამდე, სადაც 19 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს უნდა შეხვდეს.

საუბარია საბჭოთა დროს გადაღებულ ქართული მხატვრული და დოკუმენტური სრულმეტრაჟიანი ფილმების მთელ არქივზე – 1916 წლიდან 1990 წლამდე შექმნილ ფილმებზე, რომელიც რუსეთის კინოფონდში, „გოსფილმფონდის“ არქივშია დაცული და, როგორც კინოცენტრში განაცხადეს, მათი რაოდენობა 800-მდეა. მათ შორის არის პირველი შავ-თეთრი უხმო ფილმი „ქრისტინე“, რომელიც 1916 წელსაა გადაღებული.

ფილმები პოზიტივის ფორმით გადმოეცემა საქართველოს და შემდგომ მისი ნებისმიერ ფორმატში გადატანაა შესაძლებელი.

როგორც კინოცენტრში აცხადებენ, დღეს ტელევიზიით ნაჩვენები ყველა ქართული ფილმი ასლებიდანაა გავრცელებული და მათი ხარისხი ძალიან დაბალია. ახლა კი საუბარია მაღალი ხარისხის ორიგინალის გადმოცემაზე, თუმცა პირველ ეტაპზე რამდენი და რომელი ფილმები ჩამოვა, მათ ჯერ არ იციან. ჯამში კი იქნება ყველა სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომელიც საბჭოთა დროს შეიქმნა.

ამბობენ იმასაც, რომ შესაძლოა რუსულ არქივში ისეთი ფილმებიც აღმოჩნდეს, რომელთა ასლები საქართველოში არ იყოს.

კულტურის სამინისტრო „გოსფილმფონდთან“ მოლაპარაკებებს 2014 წლიდან აწარმოებს და შესაძლოა უახლოეს კვირებში ფილმების გადმოცემის პროცესი რეალურად დაიწყოს და რამდენიმე წელიწადში საქართველოს საბჭოთადროინდელი ქართული ფილმების ორიგინალი ექნება.

კულტურის სამინისტროში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ. პრესსამსახურის თქმით, როდესაც ფილმების პირველი ნაწილი ჩამოვა, დეტალებზე – ზუსტად რამდენი ფილმის გადმოცემა მოხდება, რა ფილმებია, რა თანხა დაჯდა და ა.შ. ამაზე შემდეგ ისაუბრებენ.

„2014 წლიდან არის მოლაპარაკებები, მაგრამ შემდეგ ტექნიკური დეტალები და სამუშაო პროცესი სხვადასხვა მიზეზების გამო გაიწელა. ჯერ კიდევ სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, თემა დაძრულია, მაგრამ დღეს და ხვალ ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ. უახლოეს მომავალში ბრიფინგის ან პრეზენტაციის ფორმით გაკეთდება წარდგენა და დეტალებზე მაშინ ვისაუბრებთ, სულ რამდენი ფილმია, პირველი რომელი ფილმები და როდის შემოვა და ა.შ.“- განუცხადეს DFWatch-ს კულტურის სამინისტროს პრეს-სამსახურში.