giorgi_margvelashviliპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არჩევნებთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას მაისის დასაწყისში, არჩევნებამდე 5 თვით ადრე გამოსცემს და, შესაბამისად,  საარჩევნო კამპანია არჩევნებამდე 5 თვით ადრე დაიწყება.

ამ განცხადებით პრეზიდენტი არ დაეთანხმა პრემიერ-მინისტრის მიერ ხუთშაბათს დილით მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, სადაც გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ იურიდიული ხარვეზების გამო მარგველაშვილის ადმინისტრაციას არჩევნების შესახებ რედაქტირებულ განკარგულებას უკან უგზავნის. თანაც იქვე პრეზიდენტს მოუწოდა,  წინასაარჩევნო პერიოდის ვადად 3 თვე განისაზღვროს და ახალი განკარგულება ივლისში გამოსცეს.

კვირიკაშვილის საპასუხოდ მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ის დოკუმენტი, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა ხელი არ მოაწერა და უკან დაუბრუნა, სიტყვა-სიტყვით იყო შეთანხმებული მთავრობასთან, რადგან დაარწმუნეს, რომ არჩევნების 60 დღეზე უფრო ადრე დანიშვნა იქნებოდა „ფინანსურად დამანგრეველი”.

„მე დამაჯერეს, რომ არჩევნების 60 დღეზე უფრო ადრე დანიშვნა იქნებოდა ფინანსურად დამანგრეველი. აღმოჩნდა, რომ ასე არ არის. ახლა გვთავაზობენ სხვა თარიღს, მაგრამ კიდევ უფრო უკეთესს გავაკეთებთ – მაისის დასაწყისშივე დავნიშნავთ არჩევნებს და გამოვცემ ახალ აქტს, რომელშიც იქნება ერთი წინადადება – არჩევნები დაინიშნოს 8 ოქოტმბერს. ეს იქნება ბევრად უკეთესი ქართული საარჩევნო გარემოსთვის. მანამდე – მაისის დასაწყისამდე მთავრობას ექნება შესაძებლობა რომ ყველანაირად მოემზადოს”, –  განაცხადა მარგველაშვილმა.

„ეს იქნება დადებითი საარჩევნო გარემოსთვისაც, ხოლო თუ კიდევ რაიმე კითხვა იქნება ფინანსური, მე მზად ვარ შევეხიდო მთავრობას ამ არჩევნების ადმინისტრირების დაფინანსების ნაწილში ჩემი ფონდიდან”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.