(apsadgil.info)

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრები, თბილისში მიმდინარე აქციების გამო, სიტუაციის ჩაწყნარებამდე, „საზღვრის“ ჩაკეტვას მოითხოვენ.

საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა განუცხადეს,  ენგურის ხიდის ჩაკეტვის სავარაუდო თარიღად 7-8 ივლისი სახელდება.

„ჭორად უკვე გავრცელდა, რომ ჩაიკეტება, თუმცა ზუსტად ჯერ არავინ იცის. ამბობენ. რომ თბილისში მიმდინარე აქციებს უკავშირდება. რისი ეშინიათ, ვერ გეტყვით. რუს მესაზღვრეებს ვკითხეთ, შესაძლებელია თუ არა ჩაიკეტოსო და უარი გვითხრეს, გაუკვირდათ კიდეც რატომ უნდა ჩაიკეტოსო“, – ამბობენ ადგილობრივები.

შეგახსენებთ, რომ თბილისში მიმდინარე პროცესებს დე ფაქტო პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს სხდომით გამოეხმაურა, სადაც განაცხადა, რომ „მიუღებელია საქართველოს ხელისუფლების განცხადებები აფხაზეთის ოკუპაციაზე, რაც ბოლო დღეებში კეთდება”.

„ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, შიდაპოლიტიკური დაპირისპირებაა, რომლის მონაწილეებიც რუსეთს ადანაშუალებენ შექმნილ სიტუაციაში. მოქმედმა პრეზიდენტმა და ოპოზიციამ “ოკუპირებული ტერიტორიების” ხსენებისგან თავი უნდა შეიკავონ და ჩვენი და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოების ხსენების გარეშე გადაჭრან საკუთარ პრობლემები”, – განაცხადა ხაჯიმბამ.

ცნობისთვის, თბილისში აქციები 20 ივნისს მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი, საქართველოს პარლამენტში თავმჯდომარის სკამზე აღმოჩნდა.