სექტემბრის ბოლო დღეებში აფხაზეთში “გამარჯვების დღისადმი” მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა, სადაც, როგორც წინა წლებში, გალის ქართულ სკოლებსაც აიძულეს, რომ მონაწილეობა მიეღოთ.
გარდა იმისა, რომ ქალაქის ცენტრში გამართულ ღონისძიებებში მიაღებინეს მონაწილეობა, სკოლებს ასევე დაავალეს ადგილზეც გაემართათ საზეიმო საღამოები, რომელსაც დე ფაქტო ჩინოვნიკებიც დაესწრენ.
როგორც DFWatch-ს ერთ-ერთი მშობელი უყვება, დავალება იყო სკოლის მოსწავლეებს ზეიმზე ყველას აფხაზური სამხედრო ფორმები ცმოდათ, რომელიც თითოეულ მშობელს 80 ლარი დაუჯდა.
„ყველას შესაბამისი ფორმა უნდა ცმოდა, გოგოსაც და ბიჭსაც. გამომდინარე იქედან, რომ აფხაზურ ფორმებს სხვაგან (ზუგდიდში) ვერ შევიძენდით, რადგან იქ სხვანაირი ფორმები იყიდება, იძულებულები გავხდით ადგილზე შეგვეძინა. თითo ფორმის ღირებულება 80 ლარს შეადგენდა. მე ორი ბიჭი მყავს და შესაბამისაც ორმაგი დამიჯდა“, – ამბობს სოფელ ჭუბურხინჯის მცხოვრები ლ.დ.
მისივე თქმით, ფინანსური ხარჯი არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ეს ღონისძიებები ემსახურებოდა.
„გავალებენ და უნდა შეასრულო, მაგრამ თანხა აქ ყველაზე მეათეხარისხოვანია. პრობლემა ბევრად დიდია, რაც ყოველ წელს დიდ სტრესს მაყენებს, როგორც ორი ქართველი ბიჭის დედას. ვიცით, რომ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, მაგრამ აქ რეალურად სხვა საუკუნეა. ჩემი შვილები აფხაზური სამხედრო ფორმებით, აფხაზი ბიჭის როლს ასრულებდნენ, რომელიც ქართველებს ხოცავს. ასეთი სახის შინაარსის ღონისძიებების გამართვა გვაიძულეს და ეს კიდევ არაფერია – სკოლაში, სადაც ქართველებთან ერთად უამრავი აფხაზი ბავშვი სწავლობს, ფორმებით მხოლოდ ჩვენი შვილები გამოიყვანეს ღონისძიებაზე. შეძახილებით – „აიარა, აიარა“. ამ დროს ჰაერი არ მყოფნის, ვერ ვსუნთქავ და მიჩნდება სურვილი, გავაქრო შვილები აქედან, მაგრამ სად წავყვანო? იხრჩობი ტირილით და ნომრის დასრულების შემდეგ გახსენებენ, რომ ტაში უნდა დაუკრა. ღონისძიების დასრულების მერე კი მეკითხება 6 წლის ბავშვი – დედა, რატომ არ გინდა ზეიმზე გამოვიდეო, მე კი ვერაფერს ვუხსნი, რადგან სადმე რომ წამოცდეს, შედეგის წარმოდგენაც არ მინდა“, – აღნიშნავს ლ.დ.
„ეს დღეები ჩვენთვის განსაკუთრებით მძიმეა, თუმცა კიდევ უფრო მძიმეა იმ მოსაზრებების კითხვა, რაზეც ჩვენზე დანარჩენი საქართველოს მაცხოვრებლები წერენ. აზიარებენ ჩვენი შვილების ვიდეოებს და წერენ, რომ გავრუსდით, რომ მოღალატეები ვართ, გვლანძღავენ. არადა, მათგან ალბათ 90-მა პროცენტმა არ იცის, აქ რის ფასად გვიჯდება ეს ყველაფერი. მე სამი შვილი მყავს, აქედან ორი სკოლის მოსწავლეა, იცით, რა საშინელი ასატანია 27 სექტემბერი? – ბავშვები აუცილებლად სამხედრო ფორმებში უნდა იყვნენ, აფხაზეთის ჰიმნი, ომის კადრები, სადაც ქართველებისგან მტრის ხატია შექმნილი, აფხაზურ-რუსულად დაწერილი ტექსტები… და ამ ყველაფერს ჩემ შვილებს აიძულებენ, დიახ, აიძულებენ, რადგან ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. წასასვლელი რომ მქონდეს სადმე, ერთი წუთით არ გავაჩარებდი აქ შვილებს. დარბაზშიც კი არ შევსულვარ, ვიდექი და კართან ვტიროდი. არცერთი ფოტო არ გადამიღია ჩემი შვილებისთვის, ან რისთვის უნდა გადამეღო?! შორიდან მაყურებლები კი მოღალატეებს გვეძახიან. სკოლა მეც აფხაზეთში დავამთავრე, მაგრამ მაშინ მსგავს რამეებს არ გვაიძულებდნენ. ჩემმა შვილებმა იციან სიმართლე და ის, რომ ეს მხოლოდ ფორმალობაა,“ – ამბობს 29 წლის ხ. ბ.
DFWatch ადგილობრივ ქართველებს ესაუბრა, რომლებმაც თავად მოისურვეს გადმოეცათ საკუთარი აზრი ამ დღესთან დაკავშირებით.
კიდევ ერთი სკოლადამთავრებული გვიყვება, რომ ეს “მორალური მსხვერპლი” აუცილებელია აქ ქართული სკოლის თუნდაც ამ ფორმით შენარჩუნებისთვის.
“სკოლის პერიოდში ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა იქ გვიწევდა წასვლა, სადაც არ გვინდოდა. მაგალითად, არძინბას საფლავზე გვირგვინის მიტანა. შორიდან ეს ყველაფერი შეიძლება ძალიან ცუდად ჩანს, ალბათ მეც ასე დავინახავდი, მაგრამ ჩვენ თავიდამვე ვიცოდით, რომ ეს ყველაფერი ფორმალობა იყო, რომ ეს ყველაფერი საჭირო და აუცილებელი იყო ჩვენთვის, ქართული სკოლის არსებობისთვის და იმ “თავისუფლებითვის”, რომელიც სკოლის დამთავრების შემდეგ გვეძლეოდა. მაშინ საკმაოდ პატარები ვიყავით და ჩვენთვის არანაირი ემოციური დატვირთვა არ ჰქონდა ამ ღონისძიებებს, ეს ჩვენთვის უბრალო, მორიგი ექსკურსია იყო. გავიდა წლები და ახლა, როცა შორიდან ვუყურებ ამ ყველაფერს, მეამაყება ის ხალხი, რომლებმაც მოახერხეს და ამ ყველაფრის ფონზე გულის სიღრმეში სამშობლოსა და ქართული ენის მხურვალე ქომაგებად გაგვზარდეს. ახლა ვხვდები, ეს საშინელება იყო, მაგრამ აუცილებელიც,“ – აღნიშნა DFWatch-თან საუბრისას 19 წლის მ.გ.-მ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სოხუმის რეჟიმისგან მომდინარე სტრესის ფონზე, დამატებითი სტრესია სოციალურ ქსელში ისევ ქართველებისგან წამოსული თავდასხმები.
„იმ ვიდეოებში, რომელსაც სიძულვილის ენით აზიარებენ, ჩვენი შვილები ჩანს. ბავშვები, რომლებსაც იმედი აქვთ, რომ როგორც კი სკოლას დაამთავრებენ, სხვა სამყაროში უნდა გადავიდნენ, იქ, სადაც თავისუფლება არსებობს, იქ, სადაც მათ უფლებებს არ დაარღვევენ, თუმცა მსგავსი გამოძახილები, მათ ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს. ჩვენმა შვილებმა იციან სიმართლე და ერთი დღით რას დააზეპირებინებენ გაუაზრებლად, მათ შეხედულებებში ვერაფერს შეცვლის“, – გვიყვება 35 წლის ლ.ჯ.
თავად მასწავლებლები აღნიშნულზე საუბარს ხმამაღლა ერიდებიან, თუმცა ერთ-ერთი სტუმარი, რომელიც აფხაზეთში მსგავსი ღონისძიების გახსნას შეესწრო, გვიყვება, რომ მისალმების ტექსტი, აბსოლუტურად არ ემთხვევა ღონისძიების ცრუ შინაარსს.
„ერთ-ერთი ე.წ. საზეიმო დღე იყო. აფხაზეთში სტუმრად ვიყავი და რადგან იქ მსგავსი ღონისძიებებია მხოლოდ ხალხის თავშეყრის ადგილი, დიდი ინტერესით წავედი. ნანახით აბსოლუტურად გაოცებული დავრჩი. აფხაზური დროშა, აფხაზეთის ჰიმნი, არძიმბას პლაკატები და სრულიად საპირისპიროზე მეტყველი გამომსვლელების სიტყვა. ისინი ბავშვებს უსხნიდნენ, რომ ეს მხოლოდ ფორმალობაა და აუცილებელი თვითგადარჩენისთვის. ეუბნებოდნენ, რომ ეს მხოლოდ ფასადი იყო სკოლის გადასარჩენად. ფაქტია, რომ ეს სკოლები ჯერ კიდევ პატრიოტებს ზრდიან. როგორც კი შემოწმებამ შემოაირა, ტექსტი რადიკალურად შეიცვალა, მარტივი მისახვედრია რატომაც. სულ სხვა მოლოდინით მისული, აბსოლუტურად სხვა, სიამაყის ემოციით წამოვედი“, – აღნიშნავს DFWatch-თან საუბრისას დ.მ., რომელიც მრავალია წელია თბილისში ცხოვრობს.
ადგილობრივები იმედს იტოვებენ, რომ მსხვერპლი, რომელსაც ახლა იღებენ, მომავალში მათ შვილებს წაადგებათ.
„როცა თავად ვიყავით სკოლის მოსწავლეები, ჩვენც გვიფიქრია, რომ თაობათა ცვლა განწყობებსაც შეცვლიდა, მაგრამ ჯერჯერობით ამის საფუძველი არ გვაქვს. სკოლის დამთავრების შემდეგ, როცა პირველ კლასში შვილები მივიყვანე, ჩემზე პატარა თაობა სტუმრად იყო მოსული. ზურგს უკან იდგა ერთ-ერთი, მაშინ როცა სკოლის კართან აფხაზური დროშა აღმართეს, უკნიდან ჩუმი ხმა გავიგონე „ღმერთო მადლობა, რომ ამ დღეს არ მოვესწარიო“, ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენც გვქონდა ერთგავრი შიში შეხედულებების შეცვლის, თუმცა შემდგომ თაობაში განწყობები არ შეცვლილა, არც ჩვენ შევუცვლით ჩვენ შვილებს, ამიტომ თუ გარედან ვერ გვეხმარებიან, ფსიქოლოგიურ სტრესს მაინც ნუ დაგვიმატებენ“, – აღნიშნავს ი.ნ.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.