(Presidentofabkhazia.org)

სირიის დედაქალაქ დამასკოში სოხუმის რეჟიმის დელეგაცია 3-დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ბაშარ ასადმა და რაულ ხაჯიმბამ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს. როგორც ხაჯიმბა აცხადებს, სოხუმი დამასკოს მეშვეობით საერთაშორისო ბიზნეს პარტნიორებს შეიძენს და აფხაზური ბიზნესი დიდ ბაზარზე მოხვდება. გარდა ამისა, ასადმა და ხაჯიმბამ დამეგობრების აღსანიშნავად ერთმანეთს ჯილდოებიც გადასცეს. სოხუმის რეჟიმის წარმომადგენელთა სირიაში „წარმატებულ“ ვიზიტზე მთელი აფხაზური მედია წერს.

დამასკოში ჯერ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი იმყოფებოდა, ახლა კი 4-6 სექტებერს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბაც ეწვია ე.წ. მინისტრების თანხლებით. პირველ დღეს რაულ ხაჯიმბამ და ბაშარ ასადმა ხელი მოაწერეს „მეგობრობის და თანამშრომლობის” შეთანხმებას. ასადმა ხაჯიმბას მიულოცა ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მეათე წლისთავი და განაცხადა, რომ ხელმოწერილი შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება სირია-აფხაზეთის ურთიერთობებში.

რაულ ხაჯიმბამ სირიაში ვიზიტს ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა უწოდა. დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, სირიის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება გაბედული ნაბიჯი იყო, რადგან აშშ და დასავლეთი ყველაფერს აკეთებენ სირიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.

ასადმა ხაჯიმბას გადასცა სირიის უმაღლესი ჯილდო, „უმაიადის ორდენი.“ საპასუხოდ, ხაჯიმბამ ასადი დააჯილდოვა „პატივის და დიდების პირველი ხარისხის ორდენით.“

ვიზიტის ბოლო დღეს, 6 სექტემბერს სირიის მთავრობამ აფხაზეთის დე ფაქტო წარმომადგენლებთან ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას.

აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა აცხადებს, რომ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ხელს შეუწყობს აფხაზეთის ბიზნესის განვითარებას საერთაშორისო დონეზე.

„უფრო მეტიც, სირიასა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება. და აქ აფხაზეთი თავისი სატრანზიტო შესაძლებლობებით განსაკუთრებულ როლს ითამაშებს,“ – ამბობს არძინბა.
მისი თქმით, სირიასთან ეკონომიკური თანამშრომლობის უპირატესობა ისაა, რომ შედარებით მცირე მანძილია სოხუმის საზღვაო პორტსა და სირიის მთავარ, ლატაკიის პორტს შორის და ამ მანძილის გადალახვა სატვირთო ხომალდებს 5 დღის განმავლობაში შეუძლიათ.

სირიის არაბულმა რესპუბლიკამ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ აღიარა 2018 წლის 29 მაისს, რის გამოც საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა.