„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო სწავლება რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენებით მუქარას წარმოადგენს“, – ამის შესახებ განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე 1-15 აგვისტოს მიმდინარე ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება კიდევ ერთი მცდელობაა რუსეთის მხრიდან, მოახდინოს საკუთარი სამხედრო ძალის დემონსტრირება, რაც ამავდროულად, წარმოადგენს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენებით მუქარას.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის მხრიდან მსგავს ქმედებაზე მყისიერი რეაგირება ხდება და საერთაშორისო საზოგადოებას ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება.
„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერების, უკანონო მილიტარიზაციისა და რეგულარული სამხედრო წვრთნების საკითხს ასევე მუდმივად ვაყენებთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე და ხაზგასმით ვაფიქსირებთ, რომ რუსეთის ფედერაცია მსგავსი ქმედებებით ხელს უწყობს ადგილზე ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას”, – წერია განცხადებაში.
რუსული არმიის ფართომასშტაბიანი წვრთნები ორივე ოკუპირებილ ტერიტორიაზე ჩატარდა. ოკუპირებულ აფხაზეთში, ქალაქ გუდაუთისა და ასევე სოფელ ნაგვალოუს პოლიგონებზე წვრთნები 1 აგვისტოს დაიწყო და ის 15 აგვისტოს დასრულდა. სწავლებაში 2500 ჯარისკაცი და 600 ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობდა. სამხედრო წვრთნები 6 აგვისტოს დაიწყო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონშიც. სწავლება სოფელ ძარწემის პოლიგონზე მიმდინარეობდა და მასში 2 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და დაახლოებით 400 საბრძოლო ტექნიკა იყო ჩართული.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.