სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჟენევაში 19-20 ივნისს გამართულ მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე კიდევ ერთხელ დააყენეს უნიკალური ოქონის ხატის დაბრუნების საკითხი. ხატი ამჟამად თბილისში, ეროვნულ მუზეუმში ინახება.
გარდა ამისა ოსებმა განაცხადეს, რომ ისტორიული და არქიტექტურული ძეგლების შენარჩუნების საფრთხე ექმნება “აღმოსავლეთ ოსეთში”, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს.
„ყურადღება გამახვილდა იმ საფრთხეებზე, რის წინაშეცაა ოსური ისტორიულ-კულტურული ძეგლები საქართველოს კონტროლირებად, აღმოსავლეთ ოსეთის ტერიტორიებზე. სამხრეთ ოსეთის დელეგაციის წევრებმა ქართულ მხარეს კვლავ მოუწოდეს, დაუშვან ექსპერტები ოსური ისტორიულ-არქიტექტურული მემკვიდრეობის მდგომარეობის გამოსაკვლევად და შესაფასებლად”, – აღნიშნულია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ოფიციალურ განცხადებაში.
ცნობისათვის, 2002 წელს რადიო თავისუფლება წერდა, რომ 2001 წლის დასაწყისში კრისტის აუქციონზე რუსეთის მოქალაქემ გასაყიდად წარადგინა სპილოს ძვლის ხატი. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ხატი 11-ე საუკუნის იყო და 1991 წელს ქართულ-ოსური შეიარაღებული კონფლიქტის დროს ცხინვალის მუზეუმიდან დაიკარგა, ჟენევაში კი 2001 წელს აღმოჩნდა.
2004 წელს ეს ხატი შვეიცარიამ საქართველოს გადასცა. ის 1,6 მილიონ ევროდაა შეფასებული.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.