სოხუმის რეჟიმი აფხაზური პასპორტის გაცემისთვის გალელებისგან საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის დასტურად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსგან გაცემულ ოფიციალურ საბუთს მოითხოვს. ამის შესახებ DFWatch-ს ადგილობრივებმა უთხრეს.
აქამდე აფხაზური პასპორტის მისაღებად, საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა მხოლოდ სპეციალური ბლანკის ბოლოში მოცემული პუნქტით – „უარს ვამბობ საქართველოს მოქალაქეობაზე“ – შემოიფარგლებოდა და ბუნებრივია, რეალურად არც არავინ ამბობდა უარს.
სულ სეპარატისტული რეჟიმის მიერ გაცემული პასპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციისა და პროცედურების გავლა დაახლოებით 4 500 ლარი ჯდება. ამ თანხაში შედის როგორც რეჟიმის მიერ დაწესებული “ოფიციალური” გადასახადი, ასევე არაოფიციალური ბაჟი, ანუ ქრთამი. საქმე ისაა, რომ “აფხაზური პასპორტის” მფლობელისთვის შედარებით ადვილია შემდეგ რუსეთში საცხოვრებლად საჭირო “საზღვარგარეთის პასპორტის” ან სულაც რუსული პასპორტის აღება.
იმის გარკვევა, რამდენმა გალელმა თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე, ამ ეტაპზე შეუძლებელი აღმოჩნდა (საქართველოს იუსტიციის სამინისტროში DFWatch-ს ასეთი სტატისტიკა არ მისცეს). ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ პროცესს მასობრივი ხასიათი ჯერ არა აქვს, მაგრამ რამდენიმე პრეცენდენტი უკვე დაფიქსირდა.
„ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გალის დაბალი ზონის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. ქმარი რუსეთში მუშაობდა, ცოლი კი გალში, სოფელში ცხოვრობდა. ახლა ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს და რადგან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ნორმალური ანაზღაურებით ვერაფერი იშოვეს, ისევ რუსეთში გადაწყვიტეს წასვლა. ამისთვის აფხაზური პასპორტის აღებაა საჭირო, რათა შემდგომ რუსეთის ტერიტორიაზე მოსახვედრად საჭირო საზღვარგარეთის პასპორტი აიღო, ამიტომაც წყვილმა სწორედ ამ გზას მიმართა,” განაცხადა გალის დაბალის ზონის სოფლის მაცხოვრებელმა.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, გალის ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსულმა მხარემ კონტროლი გაამკაცრა და სასაზღვრო გამშვები პუნქტები გახსნა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო აფხაზური პასპორტების გაცემა, თუმცა ყალბი პასპორტების აღმოჩენისა თუ დე ფაქტო პარლამენტის წინააღმდეგობის მიზეზით პროცესი მალევე შეჩერდა. თავიდანვე ითქვა, რომ აფხაზური პასპორტის მისაღებად, ქართველებს, საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა მოუწევდათ, თუმცა ამისთვის ოფიციალური საბუთი არავის მოუთხოვია. შესაბამისად, ვინც მოასწრო, პასპორტი აიღო და საქართველოს მოქალაქეობაც შეინარჩუნა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.