ცხინვალი რეჟიმის ხელმძღვანელი ბოსნა-ჰერცოგოვინას სერბთა ავტონომიაში 8-13 იანვარს იმყოფებოდა, შეხვდა მის მეთაურს მილორად დოდიკს და სერბეთის პატრიარქ ირინეოსს. სტუმრობის დასასრულს კი ბოსნიელ სერბებთან მომავალი მჭიდრო თანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმა, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების.
ბოსნია-ჰერცოგოვინას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა თბილისმა. ბიბილოვის ვიზიტს გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქოც, სადაც განაცხადეს, რომ სერბეთის საპატრიარქოში შესაბამისი წერილი გასულ კვირას გაიგზავნა.
საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ უნეტარესმა ირინეოსმა, თავის რეზიდენციაში მიიღო ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, რაც ქართულ საზოგადოებაში მკვეთრად უარყოფითად იქნა აღქმული და აღნიშნული შეხვედრა გარკვეულ ახსნას ითხოვს.
როგორც საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების წარმომადგენელი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი აცხადებს, საპასუხო წერილი ჯერ არ მიუღიათ.
გასულ კვირას ამ „ვიზიტს“ გამოეხმაურა ოფიციალური სარაევოც. როგორც „ამერიკის ხმა“ წერს, 11 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ბოსნია-ჰერცოგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრმა, იგორ ჩრნადაკმა განაცხადა, რომ „ვიზიტის“ შესახებ სამინისტრო ინფორმაციას არ ფლობდა და „თვითგამოცხადებული და საერთაშორისო დონეზე არაღიარებული სამხრეთ ოსეთიდან” ვიზიტმა, სერბთა რესპუბლიკას დიდი ზიანი მიაყენა, შელახა მისი რეპუტაცია და მნიშვნელოვნად დააზიანა მისი სტატუსი საერთაშორისო არენაზე.
ჩრნადაკმა დაადასტურა, რომ საქართველომ ბოსნია და ჰერცოგოვინას დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა და თქვა, რომ იმედოვნებს, ეს შემთხვევა ქვეყნებს შორის ურთიერთობას ზიანს არ მიაყენებს.
ცნობისათვის, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ბოსნია-ჰერცოგოვინას სერბთა რესპუბლიკაში სერბთა პრეზიდენტის, მილორად დოდიკის პირადი მიწვევით ჩავიდა 9 იანვრის, რესპუბლიკის დღის აღლუმზე. ბიბილოვთან ერთად საპატიო ლოჟაში სერბთა რესპუბლიკისა და სერბეთის პოლიტიკური და სასულიერო ელიტა იყო წარმოდგენილი. მათ შორის, პატრიარქი ირინეოსი, სერბეთის ტახტის მემკვიდრე, იუგოსლავიის უკანასკნელი მეფე პეტრე მეორის ვაჟი, კრონ-პრინცი ალექსანდრე კარაჯორჯევიჩი. სტუმრებს შორის ასევე იყო ცნობილი სერბი კინორეჟისორი ემირ კუსტურიცა, რომელიც 2009 წელს ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფებოდა და ოკუპაციის კანონის დარღვევის გამო, შარშან დეკემბერში იძულებული გახდა თბილისში დაგეგმილი კონცერტი გაეუქმებინა.
აღლუმის შემდეგ ანატოლი ბიბილოვი დოდიკს შეხვდა. მხარეებმა “თანამშრომლობის შესახებ” ხელშეკრულება გააფორმეს, შემდეგ კი ბიბილოვმა სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, რომ მხარს უჭერს ბოსნია-ჰერცოგოვინადან სერბთა რესპუბლიკის გამოყოფას.
ბიბილოვის ვიზიტზე საუბრისას მილორად დოდიკმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას სერბთა რესპუბლიკასთან მეგობრული ურთიერთობა არ აქვს და ხაზი გაუსვა, რომ ბიბილოვი ეწვია არა ბოსნია-ჰერცოგოვინას, არამედ სერბთა რესპუბლიკას.
სერბეთის პატრიარქი კი ანატოლი ბიბილოვს 12 იანვარს შეხვდა. ინფორმაცია შეხვედრის ამსახველ ფოტომასალასთან ერთად დეფაქტო რეჟიმმა გაავრცელა. მასში ნათქვამი იყო, რომ მხარეებმა საერთო ქრისტიანულ საკითხებზე იმსჯელეს.
გუშინ საბერძნეთში საქართველოს ელჩმა (აკრედიტებულია სერბეთის რესპუბლიკაში) იოსებ ნანობაშვილმა “ინტერპრესნიუსს” უთხრა, რომ კომუნიკაცია ჰქონდა უშუალოდ სერბეთის პატრიარქთან, რომელმაც უთხრა, რომ ბიბილოვი ერთ-ერთი შეხვედრის დროს წარუდგინეს და მისი ვინაობა არ იცოდა.
„პატრიარქის თქმით, მან ბიბილოვი მიიღო მხოლოდ, როგორც კერძო პირი, ქრისტიანი და ყოველგვარი პოლიტიკური დატვირთვის გარეშე. სერბეთის პატრიარქმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ძმურ და მეგობრულ ურთიერთობას, რომელიც აკავშირებს სერბ და ქართველ ხალხს და სერბულ და ქართულ ეკლესიებს“, – აცხადებს ნანობაშვილი.
სერბთა რესპუბლიკაში ჩასვლამდე ბიბილოვი უკრაინის ოკუპირებულ ქალაქ დონეცკშიც იმყოფებოდა, სადაც სპეცრაზმელებს საჩუქრად სამხედრო ეკიპირების კომპლექტები და ხორცის გადამამუშავებელ ქარხანა „რასტდონში“ დამზადებული პროდუქტები გადასცა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.