ცხინვალის მახობლად, სოფელ არცევში მოკლეს მარეკ დუდაევი, რომელსაც რამდენიმე ადამიანის მკვლელობის, გატაცების, ფულის გამოძალვისა და ყაჩაღობების გამო საქართველოში 23-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ამნისტიით გაათავისუფლეს და ცხინვალის რეჟიმს გადასცეს.
მარეკ დუდაევის ცხედარი სოფელ არცევის ყოფილი კლუბის შენობაში იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია 16 იანვარს გვიან ღამით ოსურმა მედიამ გაავრცელა.
დე ფაქტო შს სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, მარეკ დუდაევი სოფლის ყოფილი კლუბის შენობის მეორე სართულზე იმყოფებოდა, მას თანასოფლელმა სამჯერ ესროლა და მიიმალა. დუდაევი ადგილზე გარდაიცვალა.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე არაა ცნობილი. თუმცა ასევე ვრცელდება ვარაუდი, რომ დუდაევს არა თანასოფლელმა, არამედ „სამართალდამცველებმა“ ესროლეს.
სოფელ არცევის მკვიდრი, წარმოშობით ჩეჩენი მარეკ (ნოდარ) დუდაევის სახელს საქართველოში ძალიან ბევრი მძიმე და სასტიკი დანაშაული უკავშირდება. ის თბილისში „ქართველთ მოძულედ“, განსაკუთრებით საშიშ დამნაშავედ და „კრიმინალურ ავტორიტეტად” იყო მიჩნეული.
ბრალდებებს შორის იყო 1997 წლის თებერვალში, განსაკუთრებული სისასტიკით ბესიკ თენაძის განზრახ მკვლელობა (რაც აღიარა). გარდა ამისა დუდაევს ასევე ბრალდებოდა კიდევ ორი ადამიანის მკვლელობა (რასაც უარყოფდა); გაზრახ მკვლელობის მცდელობა; სხეულის განზრახ დაზიანება; თავისუფლების უკანონო აღკვეთა; ყაჩაღობა, ძარცვა; ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა და ტარება; პოლიციაზე ძალადობა და წინააღმდეგობის გაწევა. გამოძიების ცნობით, დანაშაულთა კრებული დუდაევმა 1995-2002 წლებში ჩაიდინა.
ქართულ-ოსური კონფლიქტის გარიჟრაჟზე, 14 წლის მარეკ დუდაევს ჯერ მოუკლეს მამა, შემდეგ თვალწინ გაუუპატიურეს და, დედამისი კი აწამეს. დუდაევმა შურისძიების მიზნით, მხოლოდ ბესიკ თენაძის მკვლელობა აღიარა. დანარჩენ ბრალდებებს კი „ქართული მხარის პროვოკაცია“ უწოდა.
მარეკ დუდაევი ქართველმა სპეცრაზმელებმა 2004 წლის 16 მარტს სეპარატისტების კონტროლირებადი ტერიტორიიდან აიყვანეს. სპეცოპერაციის დროს დუდაევს 7 ტყვია მოხვდა, მაგრამ გადარჩა. 2005 წელს სასამართლომ მას 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სამი ადამიანის მკვლელობის, ფულის გამოძალვისა და ყაჩაღობის ბრალდებების გამო. დუდაევმა ქართულ ციხეში 9 წელი დაჰყო. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წლის ივნისში დუდაევი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მას ამნისტიის მუხლი შეეხო, რის შემდეგაც 4-წლიანი საპატიმრო ვადა ჰქონდა დარჩენილი, თუმცა საკანონმდებლო ცვლილების – შეკრებითობის პრინციპის გაუქმებით ესეც მოეხსნა. დუდაევი დე ფაქტო რესპუბლიკას გადასცეს. მის გათავისუფლება მაშინ საზოგადოების ნაწილმა გაუმართლებლად მიიჩნია.
2004 წლიდან მოყოლებული სეპარატისტული ცხინვალი მუდმივად ითხოვდა მარეკ დუდაევის გადაცემას, ან ქართველ პატიმრებში გაცვლას, თუმცა, საქართველოს წინა ხელისუფლება არცერთ მოთხოვნას არ დათანხმდა.
მარეკ დუდაევის გათავისუფლებას ეთნიკური ქართველების გატაცებით ცდილობდა მისი ძმა, ცხინვალში ასევე ცნობილი ავტორიტეტი ერიკ დუდაევი, რომელიც. საქართველოს შს სამინისტროს განცხადებით ერიკ დუდაევი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროში მსახურობდა და ასევე „კრიმინალური ავტორიტეტი“ იყო. ის და მისი ჯგუფის წევრები მონაწილეობდნენ რამდენიმე საქართველოს მოქალაქის გატაცებაში, რომ შემდეგ გატაცებული ქართველები ძმის გაცვლისთვის გამოეყენებინა.
მარეკ დუდაევის დაპატიმრებაზე საგამოძიებო ფილმი მისი დაკავების შემდეგ მოამზადა ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ, სადაც საუბარი იყო მარეკ დუდაევის საქმეში არსებულ შეუსაბამობებზე. საქმეში არსებულ ხარვეზებზე 2013 წლის თებერვალში ისაუბრა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმაც, რომელმაც განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ სახელმწიფო ჰუმანიტარული მოსაზრებებით ქართულ საპატიმროებში მყოფ ცხინვალელ პატიმრებს, მათ შორის მარეკ დუდაევს, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას გაუცვლის ცხინვალის ციხეში მყოფ ქართველ ტყვეებში.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.