Shalva_Ramishviliჟურნალისტი შალვა რამიშვილი „რუსთავი 2”-ს 1-ელ ოქტომბერს გამოქვეყნებული  საზოგადოებრივი კვლევის ცენტრ GFK-ის კვლევის შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს.

რამიშვილმა და „ნაციონალური მოძრაობასთან“ დაკავშირებული ახალგაზრდული მოძრაობა „თავისუფალი ზონის” ყოფილმა წევრმა ბესო კალაძემ ორშაბათს ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ კვლევის გამოცხადებამდე მათ ჰქონდათ ორი დოკუმენტი, ერთი, სადაც კვლევის რეალური შედეგი წერია და მეორე, სადაც შედეგი გაყალბებულია. „რუსთავი 2“-ზე კი სწორედ გაყალბებული მონაცემები გაასაჯაროვეს.

რამიშვილის განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტები სწორედ ბესო კალაძეს ჰქონდა და მათ ის ნოტარიუსთან დალუქული შეინახეს.

„ჩვენ მომსწრე ვართ საზოგადოებრივი აზრის გაყალბების. ვაკეთებ გადაცემას აკრედიტაციის გარეშე. ამ გადაცემის ფარგლებში დამირეკა ბესო კალაძემ, მე მივედი გადავიღე, მათ თავისუფალი ზონის დატოვების გადაწყვეტილება ახსნეს. ამ საუბარში  ბესო კალაძემ მომიყვა ფაქტის შესახებ, რომელიც საზოგადოებრივი აზრის კვლევას ეხება. საქმე იმაშია, რომ კვლევის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე მას ხელში ჰქონდა ორი დოკუმენტი. ერთი იყო გაყალბებული, მეორე კი რეალური მონაცემები. ასევე ფლეშკაზე რეალური მასალა, რითაც შედგა ეს კვლევა. ანუ ე.წ. ველი, რომლითაც კვლევა ტარდება. რამდენიმე პარტიის მონაცემები გაყალბებულია. მე მას ვურჩიე, იმის გამო, რომ დადასტურებულიყო რუსთავი 2-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების გაყალბება, დაეცადა და რეალური დოკუმენტი მას შემდეგ გამოექვეყნებინა, როცა რუსთავი 2″ გაყალბებულ შედეგს გაასაჯაროვებდა”, – განაცხადა ორშაბათს ,,პრაიმტაიმის” პრესკლუბში შალვა რამიშვილმა და აღნიშნა, რომ გამოქვეყნებულ კვლევაში ”ნაციონალურ მოძრაობას” შედეგი მომატებული აქვს.

ბესო კალაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ,,თავისუფალი ზონა” დატოვა, არ ასახელებს წყაროს, რომელმაც მას კვლევის რეალური შედეგები მიაწოდა.

,,მე სამწუხაროდ ვერ დავასახელებ მას, ვინც კვლევის შედეგები მომაწოდა. მე მყავს ბევრი მეგობარი ,,ნაციონალურ მოძრაობაში” და არ მინდა ვინმეს საფრთხე შევუქმნა. ,,ნაციონალური მოძრაობა” იშლება და ისინი წააგებენ არჩევნებს”, – განაცხადა ბესო კილაძემ.

კონფერენციის შემდეგ შალვა რამიშვილმა ჟურნალისტების და კამერების თანხლებით გამოიტანა ნოტარიუსიდან დალუქული დოკუმენტები და გახსნა.

დოკუმენტში „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ბევრად დაბალი რეიტინგი – 12.5%  და არა 26%, როგორც ეს „რუსთავი 2“-მა გაავრცელა.  „ქართულ ოცნების“ რეიტინგი კი დალუქულ დოკუმენტში იგივეა, რაც „რუსთავი 2“-ზე გავრცელდა  –  25.4%.

როგორც რამიშვილმა აღნიშნა, ის კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში  შეიტანს განცხადება, რომ რეაგირება.

 

საპასუხოდ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ ბრადება სისულელეა.  გვარამიას თქმით, შალვა რამიშვილი „რუსთავი 2“-ს  „ოცნების“ წინააღმდეგ ფასიან მომსახურეობას სთვაზობდა და მან უარით გაისტუმრა. ახლა კი „რუსთავი 2“-ს ერჩის.

„სისულელეა. მეც შემიძლია ორი ფურცელი ამოვპრინტო და ნოტარიუსთან შევინახო. არ ვიცი, ეს რას ადასტურებს. თუ იმას ადასტურებს, რომ წინასწარ იყო ცნობილი „ნაციონალების“ 26%, და „ოცნების“ 25.4%, როგორც ჩემს კომპიუტერში შემოდიან და იპარავენ მასალებს, ისე შედიან ყველა დანარჩენის კომპიუტერში. აბსურდია ამ დოკუმენტებით აპელირება, რეზულტატები მომდის იმეილით, საჯაროვდება მეორე დღეს, მეტი ჩვენთვის ამ საკითხზე არაფერია ცნობილია, უარვყოფთ, რომ ეგზიტპოლები გაყალბდება, საერთოდ არ მესმის, რატომ არის გადაჭარბებული შეფასება ეგზიტპოლების მნიშვნელობის?! თუ ეს ეგზიტპოლი იქნება ყალბი, ნახევარ დღეში გვეცოდინება ცესკოს მიერ გამოცხადებული წინასწარი რეზულტატების მეშვეობით. ჩვენ ვატარებთ ეგზიტპოლებს კეთილსინდისიერად, ვაქვეყნებთ იმასაც, რასაც გვაძლევს მსოფლიოში ცნობილი GFK, რომელსაც ჩვენთან თანამშრომლობისას არცერთი მონაცემი უზუსტო არ მოუცია,” – აცხადებს ნიკა გვარამია.

არხის გენერალური დირექტორის  თქმით, 6 ოქტომბერს GFK-ს ექნება პრეზენტაცია და საველე მკვლევარებს წარმოადგენს.

„რუსთავი 2“-მა შაბათს გამოაქვეყნა გერმანული სოციოლოგიური კვლევის კომპანია GFK-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეიტინგით „ქართულ ოცნებას“ გაუსწრო. პირდაპირი წესით გამოკითხვით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალურ მოძრაობას” ხმას გამოკითხულთა 26% მისცემდა, „ქართულ ოცნებას” – 25.4%. აღნიშნული კვლევის შედეგი „რუსთავი 2”-მა 1-ელ ოქტომბერს გაავრცელა.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, ლეიბორისტებს ჰქონდათ –  3.8%;  „თავისუფალ დემოკრატებს” – 3.6%; მოძრაობას „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” –  2.6%; „დემოკრატიულ მოძრაობას” და „პატრიოტთა ალიანსს” – 1.5%, რესპუბლიკურ პარტიას – 0.4“.

წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის დაკვეთით, კომპანია GFK-მ, 2016 წლის 12-25 სექტემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით ჩაატარა და ეს  GFK-ის მიერ რუსთავი2-ის დაკვეთით შესრულებული უკვე მესამე წინასაარჩევნო გამოკითხვაა.