რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილი პოლიტიკოსი, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე უკრაინაში პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდა, ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული ვებსაიტი ავრცელებს.
Haqqin.az-ის ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება ბურჯანაძის მიერ ყირიმზე გაკეთებული განცხადებების გამო მიიღო, რომლის თანახმადაც, ოკუპირებული ნახევარკუნძული რუსეთის ნაწილია და უკრაინას არ დაუბრუნდება.
„დემოკრატიული მოძრაობის“ საოზგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი აცხადებენ, რომ ეს ძველი ინფორმაციაა, თუმცა, უჭირთ იმის თქმა, თუ ვის დასჭირდა ახლა ამ თემის „ამოტივტივება“. ამასთან, მათი თქმით, ამ საკითხზე დადასტურება არც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან და არც უკრაინის მთავრობისგან მიუღიათ.
როგორც DFWatch-ს პარტიის პრესსამსახურში უთხრეს, ნინო ბურჯანაძე არც არის და არც ყოფილა უკრაინაში პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებული.
საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ამის შესახებ უკრაინაში საქართველოს საელჩოს ინფორმაცია არ აქვს; არ არსებობს საერთაშორისო ნორმა და პრაქტიკა, რომელიც ავალდებულებს სახელმწიფოს მის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქის პერსონა ნონ-გრატად გამოცხადების შემთხვევაში ამ ქვეყანას ოფიციალური ინფორმაცია მიაწოდოს.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა, ბურჯანაძემ არაერთხელ განაცხადა საჯაროდ, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილია. კერძოდ, გასული წლის 9 ივლისს, მოსკოვში რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის, სახელმწიფო დუმის სპიკერ სერგეი ნარიშკინთან შეხვედრისას ბურჯანაძემ თქვა, რომ ყირიმი უკრაინას არასოდეს არ დაუბრუნდება.
ცნობისთვის, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ნინო ბურჯანაძემ მესამე ადგილი დაიკავა და ხმების 10.2% აიღო. 2003 წელს ის ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი იყო მიხეილ სააკაშვილთან და ზურაბ ჟვანიასთან ერთად და შემდეგ რამდენიმე წლით პარლამენტის სპიკერის პოსტი ეკავა. ორჯერ, 2003-04 და 2007-08 წლებში კი პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.