საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ სექსუალური შევიწროება დასჯადი უნდა გახადოს და აღნიშნულის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
საია ამ განცხადებით „იმედის“ ყოფილი თანამშრომლის, თათია სამხარაძის (ფსევდონიმით ტასო ბარნოვა) განცხადებას ეხმიანება, სადაც სამხარაძე ამბობს, რომ პროდიუსერი შალვა რამიშვილის მხრიდან მის მიმართ სექსუალური ხასიათის სისტემატური შევიწროება ხორციელდებოდა.
საიას განცხადებით, სექსუალური შევიწროების მსხვერპლები შესაძლოა გახდნენ როგორც ქალები, ასევე მამაკაცები. ამის მიუხედავად, სექსუალური შევიწროება არის გენდერული დანაშაული – მის მსხვერპლთა უმრავლესობას ქალები, ხოლო დამნაშავეებს მამაკაცები წარმოადგენენ.
სამუშაო ადგილას ქალთა სექსუალური შევიწროება განსაკუთრებით პრობლემურია, ვინაიდან ქალები, არსებული გენდერული და სამსახურებრივი იერარქიების გამო, ორმაგი ზეწოლის ქვეშ შეიძლება მოექცნენ. ვინაიდან სექსუალური შევიწროების ჩამდენთათვის კანონმდებლობა სასჯელს არ ითვალისწინებს და, ამასთანავე, ამგვარ შევიწროებაზე საუბარი მსხვერპლისთვის უკავშირდება სტიგმას, დამნაშავეები სრულებით დაუსჯელი, ხოლო ამგვარი ქმედებები გამოვლენის გარეშე რჩება.
ამიტომაც ორგანიზაცია პარლამენტს მოუწოდებს, უსწრაფეს ვადებში მოახდინოს სტამბულის კონვენციის რატიფიცირება და კონვენციის მოთხოვნების თანახმად სექსუალური შევიწროება გახადოს დასჯადი ქმედება. ამგვარი მუხლის ძალაში შესვლამდე სასამართლომ მიიჩნიოს სექსუალური შევიწროება, როგორც სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ფორმა.
„გენდერული თანასწორობის შესახებ კანონი განმარტავს დასაქმების ადგილზე სექსუალურ შევიწროებას, თუმცა, მას არ განსაზღვრავს დასჯად ქმედებად. კანონის თანახმად, დაუშვებელია შრომით ურთიერთობებში „სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამამცირებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.’’ შრომითი ურთიერთობის გარეთ ასეთ ქმედებას კანონი სრულებით არ განიხილავს.
„აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული კანონი აღსრულების მექანიზმებს არ მოიცავს და ქმედებას არც სხვა საკანომდებლო აქტები არეგულირებს – რაც ნიშნავს იმას, რომ პირს, რომელიც სექსუალურ შევიწროებას სჩადის, არც ადმინისტრაციულსამართლებრივი და არც სს სანქცია არ ეკისრება.
„მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო აქტები სექსუალურ შევიწროებას მიიჩნევს, როგორც სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ფორმას, საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ ამგვარ დებულებას არ ცნობს. შესაბამისად, კანონი არ იძლევა შესაძლებლობას სექსუალური შევიწროების ჩამდენ პირს დაეკისროს პასუხისმგებლობა,“- წერია საიას განცხადებაში.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.