Tamaz_Mechiauri

მეჭიაური : „თუ ქვეყნის ინტერესს დაუპირისპირდება, NATO-ზე უარის თქმისთვის მზად ვარ“ (IPN)

პარტია „ქართული ოცნების“ წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური ბურჯანაძე-ინაშვილთან კოალიციას არ გამორიცხავს, იმ შემთხვევაში თუ ეს ძალები, რომელთაც „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებული საგარეო კურსი აქვთ და პრორუსულ ძალებად მოიაზრებიან, მომავალ არჩევნებზე პარლამენტში მოხვდებიან.

ამის შესახებ, მეჭიაურმა ტელეკომპანია „კავკასიის“ გადაცემა „ბარიერში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე, მზად არის NATO- სთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციაზეც დაფიქრდეს.

„თუ ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომ  ბურჯანაძე-ინაშვილი პარლამენტში უნდა იყვნენ, მათთან უმრავლესობის შექმნაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. ამომრჩეველმა უნდა გაადაწყვიტოს ვისი ხილვა ურჩევნია პარლამენტში. ჩვენ კი, მისი ნების აღმასრულებელი უნდა ვიყოთ. ჩემთვის პრიორიტეტია ჩემი ქვეყნის ინტერესი. თუ ნატო ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხე გახდება და ქვეყნის ინტერესს დაუპირისპირდება ჩემწილად დავფიქრდები და NATO-ზე უარის თქმისთვის მზად ვარ,“ – აღნიშნა მეჭიაურმა.

მომავალი საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს არის დაგეგმილი. უკვე ცნობილია, რომ არჩევნებში კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიები (პარტია „ქართული ოცნება“, რესპუბლიკური პარტია, „მრეწველები“, კონსერვატული პარტია, „ეროვნული ფორუმი“) დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას.