gubaz_sanikidze

სანიკიძე: ‘ეროვნული ფორუმი’ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას (IPN)

„რესპუბლიკელებისა“ და პარტია „ქართული ოცნების“ შემდეგ, „ეროვნულმა ფორუმმაც“ პირდაპირ და საჯაროდ განაცხადა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად  მიიღებს.

„ფორუმის“ პოლიტიკური მდივნის, გუბაზ სანიკიძის თქმით, ახლა პარტიის ყრილობაზე, რომელიც 3 აპრილს არის დაგეგმილი გადაწყდება, დარჩება თუ არა ფორუმი კოალიციაში და შესაბამისად უმრავლესობაში.

„რესპუბლიკელებმა“ და „ოცნებამ“ დაგვასწრეს გადაწყვეტილების მიიღება და ჩვენი ყრილობის დღის წესრიგიც შეიცვლება. უცხადესია და ვეღარ დავმალავთ, რომ „ფორუმი” ახლა მარტო აპირებს არჩევნებზე გასვლას. მაგრამ მთავარი კითხვაა –  დავრჩებით თუ არა კოალიციაში? თუ კოალიციაში აღარ ვიქნებით, მაშინ  აღარ უმრავლესობაშიც დავრჩებით. უმრავლესობის გარეშე კი პარლამენტს ცოტა გაუჭირდება მუშაობა,“ – აღნიშნა  სანიკიძემ.

შეგახსენებთ,  ხუთშაბათს, რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. თუმცა  „რესპუბლიკელი“ მინისტრები არჩევნებამდე თანამდებობების დატოვებას არ გეგმავენ.

ამის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს შეხვდა. შეხვედრის ბოლოს კი პრემიერმა თქვა, რომ არჩევნებზე პარტია „ქართული ოცნებაც“ მარტო გავა. მანვე აღნიშნა, რომ ნორმალური და მისაღებია თუ „რესპუბლიკელი“ მინისტრები  მთავრობაში მუშაობას ჩვეულებრივად გააგრძელებენ.