სოფელ ფონიჭალას შიიტური მეჩეთის ეზოში ახალგაზრდა ბიჭის დიდი ფოტოსურათია გამოკრული წარწერით: „შენი სისხლი ვაჰაბიტებს აღგვის ამ მიწიდან“. ფოტოსურათი სულ ახლახან, 28 დეკემბერს მოკლული 22 წლის ფიქრათ ახმედოვისაა.
ფიქრათი მისმა დიდი ხნის მეგობარმა რამინ ისაევმა დანით სასიკვდილოდ დაჭრა და მიიმალა.
ამ დანაშაულის შესახებ სოფლის მაცხოვრებლები ორ ვერსიაზე საუბრობენ: ადგილობრივი შიიტების თქმით, მკვლელობა რელიგიურ ნიადაგზე მოხდა. 30 წლის ისაევმა მეგობარი სასიკვდილოდ მხოლოდ იმის გამო გაიმეტა, რომ ფიქრათ ახმედოვმა ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტს განუცხადა, სოფლის ერთ-ერთი სახლის სარდაფში ვაჰაბიტები იკრიბებიანო.
სუნიტი სალაფიტები, რადიკალური ისლამის მიმდევრები, რომლებიც თავს „ვაჰაბიტებად“ არ თვლიან (თუმცა ასეთებად მიიჩნევს სოფლის დანარჩენი მოსახლეობა), მკვლელობის გასხვავებულ ვერსიას გვიყვებიან. ისინი ყველაფერს ორ ყოფილ მეგობარს შორის კრიმინალურ გარჩევას უკავშირებენ და უკმაყოფილონი არიან იმით, რომ მეორე მხარე ამ ფაქტს რელიგიურ დატვირთვას აძლევს.
მკვლელობის დეტალებზე ცნობილია ის, რომ 28 დეკემბერს რამინ ისაევმა და მისმა თანმხლებმა აკივ თანერვერდიევმა ფიქრათ ისაევს სოფლის ცენტრში, მაღაზიასთან მანქანით მიაკითხეს. იქ მცირე შელაპარაკება მოხდა, რაც იმით დასრულდა, რომ ისაევმა ახმედოვს დანა რამდენჯერმე დაარტყა და მიმალა. ორი დღის შემდეგ ახმედოვი ჭრილობებისგან გარდაიცვალა.
მკვლელობაში ბრალდებული ძებნაშია. როგორც ფონიჭალაში გვითხრეს, მან მკვლელობის დღესვე მოახერხა აზერბაიჯანში გაქცევა და საზღვარზე არსებულ ე.წ. წითელ ხიდზე გამსვლელთა სიაში მისი სახელიც რეგისტრირებულია. დაკავებულია აკივ თანერვერდიევი, რომელიც მკვლელობის შემდეგ მიმალული იყო. ის ორი კვირის წინ აიყვანეს. დაკავებისას გადაღებული ვიდეო მოკლული ახმედოვის ოჯახის წევრებმა გვაჩვენეს, სადაც ისმის თანერვერდიევის შეძახილი: დიდება ალაჰს და ასევე შეურაცხმყოფველი სიტყვები მოკლულის მიმართ.
ორად გახლეჩილი მუსლიმები ფონიჭალაში
—
თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთ გარეუბანში, რუსთავის გზატკეცილზე, ქვემო ფონიჭალას სიახლოვეს არის პატარა სოფელი, რომელსაც ოფიციალურად ასევე ფონიჭალა ჰქვია, მაგრამ ადგილობრივები სოღანლუღად მოიხსენიებენ. აქ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკურად აზერბაიჯანელია და ტრადიციულად ისლამის შიიტური მიმართულების მიმდევრები არიან. თუმცა ბოლო წლებში ადგილობრივების ნაწილი რადიკალური სუნიტი ისლამისტების, სალაფიტების (საქართველოში მათ უმეტესად „ვაჰაბიტებს“ ეძახიან) მომძლავრებაზე საუბრობენ. სალაფიზმი ბევრი ადგილობრივის გაღიზიანებას იწვევს, რომლებიც წლებია მათი შეკრებების აკრძალვას ითხოვენ.
ადგილობრივები აპროტესტებენ ე.წ. ვაჰაბიტების მიერ მეჩეთის მშენებლობასაც. 2013 წლის მაისში დიდი აქციაც მოეწყო, მაშინ ხელმოწერები შეგროვდა და ხელისუფლებას მშენებლობის შეჩერებას სთხოვდნენ. თუმცა მაშინ თბილისის მერიამ განაცხადა, რომ ფონიჭალაში არა ვაჰაბიტური მეჩეთი, არამედ საცხოვრებელი სახლი შენდებოდა. ხოლო შემდეგ, როდესაც „სახლს“ მეჩეთის გუმბათი დაადგეს, მშენებლობა შეაჩერეს. დღეს ამ დაუმთავრებელი მეჩეთის სარდაფში სალაფიტები იკრიბებიან-ხოლმე.
ეს ნახევრად აშენებული მეჩეთი, სადაც მხოლოდ სალაფიტები ლოცულობენ, სკოლასთან ახლოს მდებარეობს, შიიტები კი სოფლის შუაგულში, 2008 წელს აგებულ შიიტურ მეჩეთში დადიან სალოცავად. ორ თემს შორის უფსკრული დღითიდღე იზრდება. დაპირისპირება იმდენად ღრმაა, რომ ისინი, ჩვეულებრივ, ერთმანეთის ქორწილსა და დაკრძალვაზეც არ დადიან. უფრი მეტიც, ხშირად ერთმანეთს არც კი ესალმებიან.
წეს-ჩვეულებებიც მკვეთრად განსხვავებული აქვთ. ადგილობრივები სალაფიზმზე საუბარს უფრთხიან. ის ნაწილი, ვინც თავს „ტრადიციულს“ უწოდებს, ამბობს, რომ ამ თემაზე საუბარი საშიშია, შესაძლოა რამე დაემუქროთ და მაგალითად ფიქრათ ახმედოვის მკვლელობას ახსენებენ.
რადიკალი სუნიტები კი თავადაც ღიზიანდებიან, როდესაც მათ ვინმე „ვაჰაბიტს“ უწოდებს. ამბობენ, რომ სწორედ მათი რწმენა არის „ჭეშმარიტი ისლამი“.
სოფელში ახალი წლის დღეებში მომხდარი მკვლელობის ამბავი ყველამ იცის, მაგრამ უცნობთან ამაზე ლაპარაკი არავის სურს. ვინაობის გამჟღავნების გარეშე საუბარზე კი უმეტესად უარს აცხადებენ.
ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ახმედოვი ძალიან კარგი ახალგაზრდა იყო, იქვე სამშენებლო მასალის მაღაზიაში მუშაობდა, ტრადიციულ მეჩეთში დადიოდა სალოცავად და არასდროს არავისთან მოსვლია კონფლიქტი. მის მკვლელობას კი „ჟურნალისტებს“ აბრალებენ, ამიტომაც უფრთხის ახლა ყველა ჟურნალისტის მიკროფონსა და დიქტოფონს. მათი თქმით, ტრადიციული შიიზმის მიმდევრებს უსაფრთხოების განცდა არა აქვთ, ხელისუფლება მათ არ იცავს, „ვაჰაბიტები“ კი გააქტიურებულები არიან, ბევრი მათგანი იარაღითაც დადის ქუჩაში და ერთი „არასწორი“ სიტყვის გამო შესაძლოა ნებისმიერ ტრადიციულ მორწმუნეს სიკვდილით ისევ დაემუქრონ.
დაპირისპირებაზე და სოფელში გახმაურებულ მკვლელობაზე დალაპარაკება მოსახლეობის იმ ნაწილთანაც ვეცადეთ, რომლებსაც „ვაჰაბიტებს“ უწოდებენ. მათი ნახვა ქუჩაში ვერ მოვახერხეთ. ვცადეთ, რამდენიმესთან სახლებში მივსულიყავით, მაგრამ ზოგან არავინ გადმოგვხედა, ერთი-ორი სახლიდან კი ხიჯაბიანი ქალი შეგვეგება, მაგრამ გვითხრა, რომ არც ქართული და არც რუსული არ იცოდნენ და ვერ დაგველაპარაკებოდნენ.
მხოლოდ ერთი ადგილობრივი, რომელიც გზაში თავად გვაჩერებს და გვეკითხება, რას ვეძებთ, ყვება, რომ პატარ-პატარა ყოფითი დაპირისპირება ადრეც ყოფილა, მაგრამ ყოველთვის ყველაფერს ვაჰაბიტებას აბრალებენ, არადა ჩვეულებრივი ყოფითი გარჩევებიაო.
„მაგალითად შარშან ქორწილში ერთი ახალგაზრდა შიიტი მოკლეს. მას ერთ ასაკიან კაცთან მოუვიდა ჩხუბი, ვისი შვილიც ვაჰაბიტი იყო. შვილმა მამა დაიცვა და ჩხუბში შიიტი ბიჭი შემოაკვდა. რადგან მკვლელი ვაჰაბიტი იყო, მაშინაც ატეხეს ამბავი, მკვლელობა რელიგიურ ნიადაგზე მოხდაო, მაგრამ ასე არ იყო, ყოფითი მკვლელობა იყო. ახლაც ასეა, ძველი მეგობრები იყვნენ ახმედოვი და ისაევი და რაღაც დაპირისპირება ჰქონდათ,“ – ამბობს ადგილობრივი ახალგაზრდა კაცი, რომელიც ბრალდებული ისაევის ცოლის ნათესავად გაგვეცნო, მაგრამ სახელი არ გვითხრა.
სასიკვდილოდ გამეტებული მეგობარი
—
სოფელში ჩასვლისას პირველად მოკლული ფიქრათ ახმედოვის ოჯახს ვეწვიეთ. მეგზურობა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ქალბატონმა გაგვიწია და ახმედოვების სახლში მიგვიყვანა. თუმცა თავიდან დაეჭვებით გვკითხა, თქვენ ვის მხარეს ხართო. შემდეგ გაგვაფრთხილა, ჩემი სახელი არსად ახსენოთ და არც ჩემი ნალაპარაკევი ჩაიწეროთ, ფიქრათის მკვლელობის შემდეგ ყველას გვეშინიაო.
ერთადერთი გარდაცვლილი ფიქრათის დედამ, ზარანგულ ახმედოვამ განაცხადა თანხმობა ღიად საუბარზე.
„დილით სახლში მანქანით მოვიდნენ და ჩემი ბიჭი იკითხეს. ეუბნებოდნენ, ჟურნალისტს ინტერვიუ რომ მიეცი, ბოზი ხარო. მერე ურეკავდნენ, შეგვხვდიო. შუადღე იქნებოდა, მაღაზიაში მიაკითხეს და იქ მოკლეს. მაღაზიასთან ვიდეოთვალია. პოლიციამ ჩანაწერი მაჩვენა. იქ ხმა არ ისმის, ჩანს, როგორ მიდის ორი ბიჭი, რაღაცას ეუბნება და დანას ორჯერ არტყამს. ისაევი ჩემი ბიჭის ძმაკაცი იყო, ყოველდღე აქ იყო. ადრე მეჩეთში ერთად დადიოდნენ. ზაფხულში ცხვარი შევწირეთ და იმ დროსაც ჩვენთან სახლში იყო. იმის შემდეგ შეწყვიტა მეგობრობა. ჩვენთანაც არ დადიოდა, არც ჩვენს მეჩეთში,“- ამბობს ზარანგულ ახმედოვა.
ფიქრათის დედის თქმით, მკვლელობა იმ მაღაზიის წინ მოხდა, სადაც მისი შვილი მუშაობდა და ამ ინციდენტისას ადგილზე სულ ხუთნი იყვნენ, მისი შვილი, შვილის ორი მეგობარი და ორი „ვაჰაბიტი“.
„სულ იმ არხის ბრალია, რომ ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს, არ უნდოდა ინტერვიუ და მაინც მიეჭრნენ და ჰკითხეს, ამ შენობაში („ვაჰაბიტების“ მშენებარე მეჩეთში) რას აკეთებენო და მაგანაც უპასუხა, იკრიბებიანო. ორი დღე საავადმყოფოში იწვა, გონზე არ იყო და მერე გარდაიცვალა, ახლა აპრილში 23 წლის გახდებოდა, ცოლის მოყვანასაც აპირებდა, სახლში რემონტი გააკეთეს კიდეც და აგერ, მოკლეს ბიჭი,“ – ამბობს მოკლულის ბიძა.
ზარანგულ ახმედოვა ყვება, რომ მისი შვილის მკვლელობის შემდეგაც იყო ჩხუბი. ბიძაშვილებმა, რომელთაგან ერთი „ვაჰაბიტია“, მეორე შიიტი, დასაფლავების წესის გამო იჩხუბეს და „ვაჰაბიტი“ საჩხუბრად იარაღით იყო მისული.
დედა ყვება, რომ სოფელში რელიგიურ ნიადაგზე ჩხუბი იშვიათად ხდება, ეს იმიტომ, რომ სოფელი ორადაა გაყოფილი, „ვაჰაბიტები“ ცალკე არიან და ტრადიციული მორწმუნეები ცალკე და უმეტესად ერთმანეთს არც ელაპარაკებიან. ოჯახებიც კი გაყოფილია, შეიძლებს ერთი ძმა ვაჰაბიტი იყოს, მეორე – არა.
მის გვერდით მაზლის შვილის ოჯახია, ისინი „ვაჰაბიტები“ არიან და ამ რელიგიური დაპირისპირების გამო ერთმანეთს გამარჯობასაც არ ეუბნებიან. მათ არც შვილის გარდაცვალება მიუსამძიმრებიათ.
ამბობს, რომ მისი შვილის დაკრძალვაზე არც ერთი ის პირი არ მისულა, ვინ სალოცავად ნახევრად აშენებულ ე.წ. ვაჰაბიტურ მეჩეთში დადის, არც გვერდით ეზოში მცხოვრები ბიძაშვილი, იმიტომ, რომ მას ინტერვიუს არ პატიობენ.
„ჩემმა მაზლისშვილმაც მითხრა, შენმა შვილმა ინტერვიუ რატომ მისცაო. არც სამძიმარზე მოსულა. ისინი სხვანაირები არიან, ჩვენ სხვანაირები ვართ და ერთმანეთთან სამძიმარზე არ დავდივართ,“ – ამბობს ზარანგულ ახმედოვა.
მისი თქმით, „ვაჰაბიტების“ მშენებარე მეჩეთში ძალიან ბევრი ადამიანი დადის, უმეტესად ახალგაზრდები და ისინი მეზობელი სოფლებიდანაც მოდიან.
ახმედოვების სახლში შეკრებილი ნათესავებიც გველაპარაკებიან, ოღონდ ვინაობის დამალვის პირობით. გვეუბნებიან, რომ „ვაჰაბიტები“ ბოლო წლებში მომრავლდნენ და ბოლო ერთი წელია, რაც ძალიან გაქტიურდნენ. თუკი ადრე ჩუმად იყვნენ, დღეს უფრო თავისუფლად გრძნობენ თავს, აგიტაციასაც თამამად ეწევიან. ახალგაზრდებთან, ბავშვებთან მიდიან და ეუბნებიან, რომ მათთან ერთად იარონ მათი მეჩეთის სარდაფში შეკრებებზე.
„ფულს სთავაზობენ, პატარა ბიჭებს ეუბნებიან, ჩვენთან იარე და დღეში 2 ლარს მოგცემთო. ბავშვებსაც მეტი რა უნდათ, მშობლების ჩუმად დაიარებიან იმ სადაფში. რა ვიცი, რას ასწავლიან, შეიძლება ბობმის გაკეთებასაც. ძირითადი დაინტერესება ფულია. ვინ დღეს ვაჰაბიტია, ერთი წლის წინ ძალიან ღარიბი იყო, დღეს კი ყველა კარგი მანქანებით დადის. არც ერთი შეძლებული აზერბაიჯანელი არ გახდება ვაჰაბიტი. ახლა გადაბირებაზე ძალადობენ კიდეც,“ – ამბობს ახმედოვის ახლობელი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც კატეგორიულად უარს გვეუბნება მისი სახელი დავწეროთ.
მისი თქმით, ახალგაზრდების დიდი უმეტესობა დაინტერესებულია რადიკალური ისლამით და ფონიჭალაში, სადაც სულ რაღაც 2 ათასი ოჯახის, ახალ მეჩეთში 500 მეტი ახალგაზრდა დადის.
გვეუბნება, რომ პარასკევს უნდა მივიდეთ და ვნახოთ რამდენი ადამიანი დადის ვაჰაბიტების მეჩეთში სალოცავად და რა კარგი მანქანები ჰყავთ.
ტრადიციულად მორწმუნე ადგილობრივებმა არ იციან, ვინ არის რადიკალების მეთაური, ვინ ატარებს ლოცვას და საიდან აქვთ ფინანსები. თუმცა ამბობენ, რომ „სირიაში ახალგაზრდები მიდი-მოდიან“.
„ერთი აგერ რამდენჯერმე წავიდა სირიაში და ჩამოვიდა უკან, 10 დღე დარჩა ამას წინათ და წავიდა ისევ. ადრე ასე წასვლა-წამოსვლა არ იყო პრობლემა, ახლა ცოტა გაჭირდა,“- გვეუბნება ოჯახის ახლობელი ბიჭი.
მათი სახლიდან სოფელში გავედით. გზაში შემხვედრები საუბარს თავს არიდებნდენ.
ფიქრათ ახმედოვის ბიძაშვილის ოჯახში სტუმრობაც გვინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ – ბიძაშვილი სახლში არ აღმოჩნდა, ხიჯაბით შავშეკრულმა ქალბატონი კი ქართულისა და რუსულის არცოდნის მიზეზით ვერ დაგველაპარაკა.
რაც არ უნდა საკვირველი იყოს, ძალიან დიდი ჯაფა დაგვადგა, მკვლელობაში ბრალდებული რამინ ისაევის სახლისთვის რომ მიგვეკლია. სახლები დანომრილი არ არის და ზუსტი მისამართის გაგება ჭირს. ქუჩა კი მიგვასწავლეს, მაგრამ შემდეგ ყველა გვეუბნებოდა, რომ სახლი არ იცოდნენ. იქვე, ქუჩის თავში მაღაზიასთან მდგარი ბიჭებიდან ერთმა გვითხრა, შორიდან მიგასწავლით, მაგრამ ვერ გამოგყვებით, ერთი სიტყვის გამო მოკლეს ფიქრათი და არ მინდა პრობლემები მეც შემექმნასო. გვერდით მეზობლის ეზოშიც კი, საიდანაც ორმა ქალბატონმა გამოიხედა, გვითხრეს, რომ ასეთს არავის იცნობდნენ. ბოლოს ერთი პატარა ბიჭი დაგვეხმარა.
ისაევის სახლში დღეს მისი დედა, ძმა რასიმ ისაევი და რასიმის ცოლ-შვილი ცხოვრობენ.
რასიმ ისაევის თქმით, ის დიდი ხანია რუსეთში ცხოვრობდა, მხოლოდ მკვლელობის მეორე დღეს ჩამოვიდა და ძმის ამბავი აქ დაახვედრეს. ამბობს, რომ თავად ტრადიციული ისლამის მომხრეა და არც ის იცოდა, ძმა რომ „ვაჰაბიტი“ იყო.
თავადაც უკვირს, როგორ გაიმეტა მისმა ძმამ მოსაკლავად დიდი ხნის მეგობარი.
„დედაჩემი ლოგინად ჩავარდა, სულ ამაზე ნერვიულობს. ამის შემდეგ ჩემი ძმა განა ადამიანია?!“- გვეუბნება რასიმ ისაევი.
ფონიჭალიდან ისე დავბრუნდით, რომ მეორე მხარესთან, ანუ სალაფიტებთან დალაპარაკება ვერ შევძელით. გამომდინარე იქიდან, რომ ფონიჭალაში DFWatch-ის ორი ჟურნალისტი იყო ჩასული და ორივე გოგონა, ვიფიქრეთ, იქნებ სწორედ ჟურნალისტების სქესის გამო ვერ მოხერხდა სალაფიტებთან კონტაქტის დამყარება. მოგვიანებით, პარასკევის ლოცვის დღეს სოღანლუღს DFWatch-ის მამაკაცი ჟურნალისტი მარტო ესტუმრა და, როგორც მოველოდით, მასთან მშენებარე მეჩეთის მრევლმა, ე.წ. ვაჰაბიტებმა კონტაქტზე უარი არ თქვეს. მათ კატეგორიულად უარყვეს ვერსია, რომ მკვლელობა რელიგიურ ნიადაგზეა მომხდარი.
„თუკი ერთი მუსლიმი დანაშაულს სჩადის, ცოდვას ან შეცდომას უშვებს, ეს არ ნიშნავს, რომ ის სრულიად ისლამს ეხება. ფიქრათი და რამინი მეგობრები იყვნენ, რადგანაც ორივე კრიმინალი იყო. ისინი თავს „კაი ბიჭებად“ აღიქვამდნენ და კრიმინალურ საქმეებში იყვნენ ჩართული. რამინი რელიგიურიც კი არ ყოფილა. (სიგარეტს) ეწეოდა და ხშირად არ მოდიოდა მეჩეთში.
„მკვლელობის დღეს ფიქრათი რამინს სამ ბიჭთან ერთად შეხვდა საქმის გასარკვევად. მათ რამინს ორჯერ დაარტყეს. მესამეჯერ რომ დააპირეს, რამინმა დანა დაარტყა ფიქრათს. ეს იყო თავდაცვა, მას არ უნდოდა მოეკლა, არამედ თავდამსხმელები შეეჩერებინა. აღმოჩნდა, რომ ფიქრათი რთულ ადგილას დაჭრა. ორი დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა,“- მოგვიყვა ადამიანმა, რომელიც სუნიტურ მეჩეთში მოსალოცად მოვიდა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.