თბილისი, DFWatch – თბილისში სექსუალური ორიენტაციის საკითხებთან დაკავშირებულმა კონფერენციამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, მიუხედავად კონსერვატიული ჯგუფის მიერ დაანონსებული საპროტესტო აქციისა.
სტუდენტურ აუდიტორიაზე ორიენტირებული კონფერენცია “იდენტობის” ორგანიზებული იყო, რომელიც სექსუალური იდენტობის საფუძველზე ადამიანების დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე მუშაობს და თბილისის ცენტრში, შალვა დადიანის ქუჩაზე არსებულ ევროპის სახლში გაიმართა.
საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ცხრამეტმა სტუდენტმა ჰომოფობიაზე, მასკულინობაზე, ფემინიზმზე, ჰომოსექსუალიზმზე, ტრანსგენდერიზმსა და სხვა მსგავს საკითხებზე თავიანთი კვლევები წარმოადგინა.
ღონისძიებას პოლიციის საკმაოდ შთამბეჭდავი რაოდენობის ჯგუფი იცავდა და მის მონაწილეებს არა ცენტრალური, არამედ სათადარიგო შესასვლელიდან მოუწიათ შენობაში შესვლა.
“იდენტობის” პრესსპიკერმა, ანა რეხვიაშვილმა DFWatch-ს განუცხადა, რომ უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება იმიტომ გახდა საჭირო, რომ კონსერვატიულად განწყობილი ახალგაზრდების ჯგუფი შენობის წინ საპროტესტო გამოსვლას გეგმავდა.
მათ ფეისბუქის მეშვეობით სცადეს მომხრეების მობილიზება და კონფერენციაზე დამსწრეებისთვის “სირცხვილის კორიდორის” მოწყობა, თუმცა როდესაც DFWatch ადგილზე მივიდა, შენობის შესასვლელთან მხოლოდ პოლიციელების დიდი ჯგუფი შენიშნა, საპროტესტო აქციის მონაწილეები კი არსად ჩანდნენ.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.